"მაესტრო" საქალაქო სასამართლოს სიცრუეში ადანაშაულებს
"მაესტროს" ბრალდებას სასამართლოს მიმართ, რომ ის უმოქმედოა, რომ საქალაქო სასამართლო "მაესტროს" საქმის განხილვას აჭიანურებს, საქალაქო სასამართლო სპეციალური განცხადებით პასუხობს.
საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო არ იზიარებს მხარეების ბარლდებებს და მოუწოდებს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებებისგან, მით უფრო, მოსამართლის ღირსების შემლახავი განცხადებებისგან.
"საქალაქო სასამართლოს ეს განცხადება იყო მორიგი სიცრუე. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ თავს უფლება მისცა და მუქარის ტონი გაურია განცხადებაში. მე მინდა საქალაქო სასამართლოს შევახსენო, რომ ცრუ ინფორმაცია და ქმედებაც არის დასჯადი და ეს სასამართლოსაც ეხება. ჩვენ ვაპირებთ იმ პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელმაც სასამართლოს სახელით ეს განცხადება შეადგინა და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა", _ განაცხადა "მაესტროს" პრესკლუბში ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა მამუკა ღლონტმა.
ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, რომელიც "მაესტროს" ინეტრესებს იცავს, აცხადებს, რომ მისთვის არ არის სასიამოვნო სასამართლოს დადანაშაულება საქმის განზრახ გაჭიანურებაში, მაგრამ ეს ფაქტია.
მისი თქმით, საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს მიღებიდან არა უგვიანეს 5 თვისა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ საქმე ძალიან რთულია.
ადვოკატი ფლობს ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ საქმეზე განხილვა სასამართლომ 2011 წლის 5 დეკემბერს დაიწყო. კოდექსის მიხედვით, ვადები 7 თვითYარის დარღვეული.
"ჩვენ ვერ მივიღებთ კრიტკას ისეთი სასამართლოს მხრიდან, რომელმაც 7 თვით დაარღვია საქმის განხილვის ვადები, საქმის ხელოვნურად გაჭიანურებას ცდილობს, რომელმაც არ დასაჯა თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის დამანგრევლები, ასევე გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის მკვლელები. ყველა იმ მოსამართლის მიმართ, ვინც "მაესტროს" მიმართ საქმის გაჭიანურებასა და მაკა ასათიანის საქმესთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილების გამოტანაში მონაწილეობდა, ჩვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევიტანთ მათ წინააღმდეგ საჩივრებს და მოვითხოვთ დისციპლინარული დევნის დაწყებას", _ აცხადებს გაბუნია.
მისი განმარტრებით, ტელეკომპანია "მაესტროს" მიზანი არ არის ის, რომ მედიაში სასამართლო უარყოფითად წარმოჩინდეს, პირიქით, მათ უნდათ, რომ სასამართლომ თავისი საქმე კეთილსინდისიერად შეასრულოს.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მაესტრო" ეროსი კიწმარიშვილს ედავება და მას ტელევიზიის ქონების მიტაცებასა და განადგურებაში ადანაშაულებს.