რაში ეთანხმება კობა დავითაშვილი უმცირესობას?

რაში ეთანხმება კობა დავითაშვილი უმცირესობას?

ამნისტიის პროექტის მუხლობრივ განხილვას პარლამენტში კამათი მოჰყვა. სამოხელეო დანაშაულის მიმართ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილებამ უმცირესობის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. 

 

ამ დროისთვის იურიდიულ კომიტეტზე ამნისტიის მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს. ამნისტიის ერთ-ერთი პუნქტი გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის მუხლებთან დაკავშირებით, ამნისტიას მხოლოდ იმ დანაშაულებზე ითვალისწინებს, რომელსაც არ მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა. სწორედ აქ, საგამონაკლისო მუხლის სახით ჩაიწერა სამოხელეო დანაშაულიც, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. მათ აღარ შეეხებათ ამნისტია და სწორედ ამ მუხლის ჩამატებამ გამოიწვია უმცირესობის უკმაყოფილება. 

 

უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ "ქართულ ოცნებას" ბრალი დასდო, რომ ისინი ამნისტიის კანონპროექტს საკუთარი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ, რადგან ბოლო დროს ჩინოვნიკთა დიდი ნაწილი სწორედ სამსახურებრივი გულგრილობის გამო დააკავეს. 

 

უმცირესობას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პასუხი კობა დავითაშვილმა გასცა. მან ბობოხიძეს ჩილესა და პინოჩეტის მაგალითი შეახსენა: "თუ გააცნობიერებთ, რა რეჟიმი იყავით და დასვამთ ამ საკითხს და აღიარებთ, რომ იყავით დანაშაულებრივი დიქტატორული რეჟიმი, მე სრულად დაგეთანხმებით და პოლიტიკურ ამნისტიას დავუჭერ მხარს. მთელი თქვენი პროპაგანდა მაშინაც და დღესაც მიმართულია იქითკენ, რომ აშენებდით დემოკრატიას და არ გინდათ იმის აღიარება, რომ იყავით დანაშაულებრივი რეჟიმი", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: