მიხეილ სააკაშვილი: ჩემი და ვარშალომიძის სიყვარულის გამო აჭარაზე შური იძიეს
გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქობულეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მათთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და არსებული ვითარება სახელმწიფო ინსტიტუტებზე პირდაპირ ზეწოლად შეაფასა.
ქვეყნის პირველი პირისთვის აჭარაში მიმდინარე ყველა სოციალური პროექტის შეჩერება და რეგიონისთვის ბიუჯეტის მკვეთრი შემცირება მიუღებელია.
„სამწუხაროდ, აჭარაში მოვლენები კარგად არ ვითარდება. თქვენ იცით, რომ, პრაქტიკულად, აჭარა ბიუჯეტის გარეშე დარჩა. ის ბიუჯეტი, რომელსაც ახლა იღებენ, შურისძიებაა იმის გამო, რომ მე, ვარშალომიძეს და თითოეულ თქვენგანს აჭარა ძალიან გვიყვარს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ აჭარლები ახლა რაღაცის გამო ისჯებიან. კერძოდ, შეწყდა ყველა სოციალური, დროებითი თავშესაფრების პროგრამა, ყველაფერი ის, რაც გაჭირვებულ ხალხს უნდოდა.
სააკაშვილის განცხადებით, მთავრობა მოსულია გაჭირვებული ხალხის დახმარების ლოზუნგით და პირველი, ვისაც გზა ჩაუკეტეს, ეს გაჭირვებული ხალხი იყო, რომელსაც მთავრობის დახმარება სჭირდებოდა.
„ზოგადად, რაც ხდება, ეს ინსტიტუტებზე სრულფასოვანი შეტევაა. ძალიან ცოტა ქვეყანა ვიცი, სადაც მთავრობა ოპოზიციას მიტინგებს უწყობს. ყველას კარგად გვახსოვს, ეს ხდებოდა საქართველოში 90-იანი წლების დამდეგს და ძალიან ცუდად დასრულდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ვერანაირი 100, 200, 300-კაციანი საქციელდაკარგული ჯგუფი, თუნდაც ათი ათას კაციანი, კანონის უზენაესობას და ხალხის მმართველობას ვერ შეცვლის.
პრეზიდენტის განცხადებით, ხალხის ხელისუფლებას, პატარა და თუნდაც დიდი ბრბოს ხელისუფლებით ვერავინ ჩაანაცვლებს, რადგან საქართველო არის ერი და არა ბრბო.
„უნდა გვესმოდეს, რომ პირადად მე ვერავინ ამაღებინებს ხელს სიარულზე. ყოველდღე ვივლი ხალხში, თანაც არ მჭირდება არც დაცვა, არც ბრონირებული მანქანები, არც ვერტმფრენები და ა.შ. ყველაფერი შეუძლიათ წაიღონ. ფეხით ვივლი! საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველგან მიმესვლება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ინსტიტუტებზე შეტევა მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - საქართველოში ქაოტური ვითარება შეიქმნას, რადგან ინსტიტუტები ქვეყნის სტაბილურობის მთავარი გარანტია.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს აღიკვეთოს. მინდა ვუთხრა საქართველოს პოლიციას, რომ დაიცვას ადგილობრივი მმართველობები და, ზოგადად, დაიცვას წესრიგი. მე მინდა ვუთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს - ბევრი მათგანი პოლიტიკოსია, უყვარს სამშობლო და არ უნდა მონაწილეობდნენ ისეთ ქმედებებში, რომლისაც შემდგომ შერცხვებათ“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის საკრებულოს წევრებს.