თემურ შაშიაშვილი: შეურაცხყოფილი ვარ, ქვეყანას ასეთი პრეზიდენტი რომ ჰყავს

თემურ შაშიაშვილი: შეურაცხყოფილი ვარ, ქვეყანას ასეთი პრეზიდენტი რომ ჰყავს

გუშინ, ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის ექსკორტს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის წევრს აკაკი მინაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


ამ ფაქტს ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომელიც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ქუთაისში მოწყობილი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.


„მე არ ვიცი, ინციდენტისას, რა მოხდა, მაგრამ პრეზიდენტს, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა ქვეყანას, არც ერთ ქუჩაზე გავლის უფლება არ უნდა მიეცეს. მან თქვა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე ჩამორჩენილი და კორუმპირებული ქვეყანა იყოო. ამიტომ, ის პრეზიდენტი კი არა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეც აღარ არის. ყველა რაიონი, სადაც მას მძიმედ არ შეხვდებიან, საკუთარ თავს მიაყენებს შეურაცხყოფას. მან შეურაცხყოფა მოგვაყენა, როცა მიწაზე ფორთხავდა“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.


მისი თქმით, ზუსტად სამი წლის წინ, 19 დეკემბერს ქუთაისში ააფეთქეს მემორიალი, რასაც დედა-შვილი შეეწირა. ამდენად, ამ დღეს ქუთაისში არ უნდა ჩასულიყო პრეზიდენტი, რადგან სწორედ მისი ბრძანებით ააფეთქეს მემორიალი.


„ეს ქუთაისლების შეფურთხება იყო. ჩამოვიდა და ლანძღა „ქართული ოცნება“, იმდენი შეცდომა დაუშვა ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“, რაც ცხრა წელიწადში არ გაგვიკეთებიაო. შეურაცხყოფილი ვარ, რომ ქვეყანას ჰყავს ასეთი პრეზიდენტი. საქართველოში უნდა დამთავრდეს პრეზიდენტის პარპაში. ხელმოწერები 300 ათასის ფარგლებშია“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: