ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თანამდებობები დატოვეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ უსაფრთხოების საკითხებზე, თანამდებობები დატოვეს.
მათი გადადგომის მიზეზი, ლიბიის ქალაქ ბენგაზში, ამერიკის საკონსულოზე თავდასხმისას ამერიკის ელჩისა და საკონსულოს თანამშრომლების დაღუპვის მიზეზების გამოძიება გახდა.
გამოძიების მასალების მიხედვით, 2012 წლის სექტემბერში, ლიბიის ქალაქ ბენგაზში ამერიკის ელჩისა და დიპლომატიური მისიის თანამშრომლების დაღუპვის მიზეზი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან უსაფრთხოების საკითხებისადმი არასაკმარისი ყურადღება გახდა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მოხსენების ავტორები, რომელიც ინცინდენტის დამოუკიდებელი გამოძიების მასალებზე დაყრდნობით მომზადდა.
გამოძიებას სპეციალური კომიტეტი აწარმოებდა, რომლის შედეგებიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს გადაეგზავნა. გამოძიების მასალები დახურულია და მისი მხოლოდ გარკვეული ნაწილი გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა არ უზრუნველყო საკონსულო გამოცდილი მცველებით და ზედმეტი ნდობა გამოუცხადა დაცვის ადგილობრივ სამსახურს. მოხსენების ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ-ის დაზვერვა არ ფლობდა ინფორმაციას საკონსულოზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ბენგაზში ამერიკის საკონსულოზე თავდასხმისას, 2012 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი, დიპმისიის ორი თანამშრომელი და ორი ყოფილი სპეცრაზმელი დაიღუპნენ.