რეგიონებში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია მიმდინარეობს?!
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ივერიონი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ცვლილება ბუნებრივად მიმდინარეობს, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ცვლილება ხორციელდება გარკვეული ფარული თუ აშკარა ზეწოლის ფონზე. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ახლად დანიშნული თანამდებობის პირები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებიან, რაც, ცხადია, უარყოფითად იმოქმედებს და დაძაბავს არსებულ სიტუაციას. მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ტელეკომპანია ,,თრიალეთის" საინფორმაციო ჩართვაში მონაწილეობდა ქარელის გამგებელი ივანე ოსაძე, რომელმაც განაცხადა, რომ დანიშვნის შემდეგ თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლაზე განცხადებების დაწერა მოსთხოვა, მოგვიანებით კი გადაწყვეტს, თუ რომელი თანამშრომელი გაუშვას სამსახურიდან და რომელი - არა. ამავე გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, სადაც კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე აცხადებს, რომ კასპის რაიონის ჩვიდმეტივე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს თანამდებობა 29 ნოემბერს დაატოვებინა, უახლოეს მომავალში კი, სკოლებსაც მოსთხოვს პასუხს - შეხვდება დირექტორებს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი საკუთარი ნებით დატოვებენ სამსახურს. იგივე სიტუაციაა შექმნილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მაგალითად, თელავში. ამასთან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეისწავლონ ზემოაღნიშნული შემთხვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი უკანონო ქმედება (ზეწოლა, მუქარა, დაშინება...), რომელსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს თვითმმართველობის ორგანოებისა თუ თანამშრომლების მიმართ ან მათი მხრიდან უნდა იყოს დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად შესწავლილი, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.