ოთარ ჩრდილელი: სააკაშვილს საბჭოთა ეფრეიტორის მენტალობა აქვს
საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს.
,,თქვენი ქცევებიდან გამომდინარე, ძნელია ადამიანმა დაიჯეროს, რომ თქვენ საღი გონებით მართავდით ქვეყანას ბოლო ათწლეულის მანძილზე“, - აღნიშნულია წერილში, სადაც ჩრდილელი წერს, რომ მიმართვის დაწერა მიმნიდნარე პოლიტიკურმა მოვლენებმა გადააწყვეტინა.
,,ივერიონი“ წერის უცვლელად გთავაზობთ.
ღია წერილი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა და რეალობას მოწყვეტილმა ზოგიერთი ექსცენტრიული პოლიტიკოსის ზღვარგადასულმა ქცევამ გადამაწყვეტინა ღია წერილის მიწერა საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომელიც პარალელურად, შეთავსებით ოპოზიციური პარტიის ლიდერიცაა.
ბატონო მიხეილ, მოგმართავთ თქვენ, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და არა როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც წესით, გათვითცნობიერებული უნდა გქონდეთ, თუ რამხელა პოლიტიკური და ადამიანური პასუხისმგებლობა გაკისრიათ. თუმცა, თქვენი ქცევებიდან გამომდინარე, ძნელია ადამიანმა დაიჯეროს, რომ თქვენ საღი გონებით მართავდით ქვეყანას ბოლო ათწლეულის მანძილზე. თქვენი გამოსვლებისა და მოქმედებებიდან წლების განმავლობაში მოდის მხოლოდ აგრესია და საომარი რიტორიკა.
ბატონო მიხეილ, თქვენ და თქვენ პოლიტიკურ გუნდად შერაცხულ პარტიულ მეგობრებს მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ათი წელი მართავდით ქვეყანას. უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ თქვენ იყავით ფატა-მორგანა, აგრეთვე ცდილობდით, ქვეყანა ყოფილიყო არა რეალური, არამედ გვეცხოვრა თქვენს მიერ შექმნილ სამყაროში, ვყოფილიყავით აუტისტურ მდგომარეობაში.
ახლა არაა ის დრო, რომ თქვენ და თქვენს გუნდს ქართველი ხალხი ენის ჩლექით გესაუბროთ. ძალიან ცუდი კვალი დატოვეთ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში! სრულიად "პროფანმა" შექმენით კონტროლირებადი მედია, დაანგრიეთ სასამართლო სისტემა, თქვენ წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდით, ელიტური კორუფციის აისბერგზე მყოფ ჩინოვნიკებზე. ბატონო მიხეილ, პირადად თქვენი ძალისხმევით დამოუკიდებელი სასამართლო იქცა ჯიბის სასამართლოდ, საერთოდ არ ცნობდით ადამიანის უფლებებს. თქვენი რეჟიმის დროს ბიზმნესმენებისთვის არმაგედონი დადგა, იქმნებოდა გაურკვეველი ფონდები ძალოვანი სტრუქტურებისთვის. ფეხქვეშ გათელეთ კერძო საკუთრების უფლება (გაიხსენეთ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინის ან ტრანსნაციონალური კომპანია ,,Sony,,-ს გამოძევება).
ბატონო (აწ უკვე) ოპოზიციის ლიდერო, თქვენ აზარალეთ სახელმწიფო ჩავარდნილი პროექტებით, ათასგვარი ,,პრეზიდენტის დასაქმების პროგრამის,, მსგავსი უაზრობებით.
თქვენი ძალისხმევა მთლიანად მობილიზებული იყო ერთჯერად PR-ზე, რის დასტურადაც რამდენიმე სურათს წარმოგიდგენთ. ყველას გვახსოვს თქვენს მიერ ამ ათწლეულის განმავლობაში ნასროლი სლოგანები: ,,ხელშეკრულება თბილისთან“, ,,საქართველო სიღარიბის გარეშე“, ,,საქმე ლაპარაკის ნაცვლად“, ,,მეტი სარგებელი ხალხს“. რა თქმა უნდა, თქვენ არც არასოდეს გიფიქრიათ ქვეყნის აღმშენებლობაზე და მეტიც, თქვენი არათანმიმდევრული და ლოგიკას მოკლებული წინდაუხედაობით დაკარგეთ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მხარეები, თქვენი უგუნურებით მტერს ოფიციალურად გააფორმებინეთ ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების განმავლობაში სისხლის ფასად შენარჩუნებული მიწა-წყალი.
თქვენ მოახერხეთ და მმართველი რეჟიმის ნოტარიუსად აქციეთ საკანონმდებლო ორგანო, რის შედეგადაც კონსტიტუციაც სათქვენოდ მოირგეთ. ზუსტად თქვენ იყავით არჩევნების გაყალბებებში ბრალდებული, თქვენი რეჟიმის დროს ,,ცესკო,, უნისონში იმყოფებოდა ძალოვან სტრუქტურებთან, ხოლო შსს-ს სტრუქტურები (კუდი, სოდი) აქციეთ პოლიტიკურ მანქანად, რის შემდეგაც სამოქალაქო სექტორს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუსწორდით სათანადოდ. თქვენს დროს საგარეო პოლიტიკა იყო ბეცი, ყოვლად შეუსაბამო მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ რეალობასთან. საქართველოს მოსახლეობისთვის კოშმარული 10 წლის განმავლობაში, ხელოვნურად იზრდებოდა ფასები პირველადი მოხმარების ნივთებზე, საწვავზე, მედიკამენტებზე. იქმნებოდა მონოპოლიები, რომლებიც კარტერული შეთანხმებით ახდენდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გეგმაზომიერ ძარცვას.
ბატონო მიხეილ, ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ "საქმენი საგმირონისა", რაც თქვენ და თქვენმა რეჟიმმა გააკეთა, ახლა კი გამოდიხართ და კიდევ თითს გვიქნევთ, ისევ გვემუქრებით მოსახლეობას. თქვენი პრეზიდენტობისას ჩვენს მოსახლეობას ხშირად გაუგია მათი მისამართით "ჩარეცხილები", "ბოგანო", "ოროსნები".
ბატონო მიხეილ, მიუხედავად თქვენი თვალთმაქცური ქცევისა და ვითომ დასავლური ღირებულებების გათვალისწინებისა, თქვენ მაინც რჩებით საბჭოთა კავშირში, რაც იყავით, საბჭოთა ეფრეიტორის მენტალობის პიროვნებად. თურმე ტყულად არ დაგიმთავრებიათ კიევში შესაბამისი ინსტიტუტი.
ახლად გაოპოზიციონერების შემდეგ, ძალიან ხშირად საუბრობთ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, რომ ,,ქართული ოცნება,“ ვერ ასრულებს დანაპირებს. ცდებით, ბატონო მიხეილ, ეს პირადად თქვენ იყავით მოდერნიზებული შალიკო ხვინგიაძე, თორემ ჩვენ რაც ვთქვით შევასრულებთ, თქვენ რაც დატოვეთ ხაზინაში, წესით, ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ. ჩემგან ნახსენები შალიკო ხვინგიაძე, კეთილ ზღაპრებს უყვებოდა მეზობლებს, თქვენ კი აგრესიულ ფორმებში ჰყვებოდით ზღაპრებს და გვაიძულებდით ამით გვესულდგმულა.
გაიღვიძეთ, მიშა ბატონო, დღეს სხვა რეალობაა. პირველ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ,,ქართულ ოცნებას“. ჩვენ ქვეყანას უკან ,,ნაციონალური“ ჭაობისკენ ვერ დავაბრუნებთ, რადგან კარგად გვესმის ცნობილი ამერიკელი ადამიანის უფლებათა დამცველის, მარტინ ლუთერ კინგის სიტყვები: ,,მე მაქვს ოცნება,“ (I have a dream). დიახ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გვაქვს ერთი ოცნება, რომ ქვეყანა განვითარდეს და აღარ განმეორდეს გირგვლიანთა და სხვათა ოჯახების ტრაგედიები, რომ აღარ იყოს ტოტალური მოსმენა-დასმენები, ციხეებში აღარ იყოს ცოცხის თქვენეული ხერხით გამოყენება და რომ ნაცრეჟიმის 1937 წლიდან ქვეყანა დაუბრუნდეს რეალობას“, - წერს ოთარ ჩრდილელი.