აკაკი მინაშვილი: დღეს საქართველოს ქაოსისა და ძალადობის მთავრობა ჰყავს
,,საქართველოს პოლიცია პოლიტიკური მოქმედების იარაღი გახდა”. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ქუთაისში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა.
"გუშინდელ ძალადობის პროცესს უმოქმედოდ ადევნებდა თვალს საქართველოს პოლიცია. სამწუხაროდ, პოლიცია გახდა პოლიტიკური მოქმედების იარაღი და რომ არა სახელმწიფო დაცვის ეფექტური მოქმედება, ჩვენ მძიმე შედეგებამდე მივიდოდით", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისივე შეფასებით, გუშინდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ქაოსისა და ძალადობის მთავრობა ჰყავს.
,,გუშინდელი თავდასხმა ადასტურებს, რომ ამ მთავრობის მთავარი მიზანი სწორედ ქაოსი და ძალადობაა. მათი მთავარი მიზანი იყო პრეზიდენტის შეურაცხყოფა, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული და სახელმწიფოს სიმბოლოს წარმოადგენს. ეს არ იყო კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ მიმართული მოქმედება, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელიც ჩვენ ძალიან დაგვხევს უკან და რომლის გამოსწორებაც იქნება რთული", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ამასთან, მინაშვილის შეფასებით, საქართველოში ცხოვრება დღეს უკვე აღარაა უსაფრთხო და მოსახლეობას აქვს შიში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გუშინ, პრეზიდენტის ვიზიტის დასასრულს ინციდენტი მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისთან, სადაც პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდებოდა, პარალელურად აქცია მიმდინარეობდა. როდესაც შეხვედრა დასრულდა, შენობიდან გამოსულ უმცირესობის წევრ დეპუტატებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის, აკაკი მინაშვილს და მარიამ საჯაიას.