შსს-მ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სენაკის რაიონულ სამმართველოში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
შსს-ს განცხადების თანახმად, სენაკში მცხოვრებმა, 1957 წელს დაბადებულმა თენგიზ. ა-მ სამართალდამცველებს 20 სხვადასხვა დასახელების საბრძოლო იარაღი წარუდგინა.
კერძოდ, ამოღებულია ტანკსაწინააღმდეგო „ერ-პე-გე"-ს ტიპის ჭურვი, ერთი ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 7 სხვადასხვა დასახელების ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის ჭურვი, მსხვილკალიბრიანი იარაღის ვაზნები, 7 ცალი 23 და 33 მილიმეტრიანი ქვემეხის ჭურვები, 13 ფუგასური ჭურვი და 8 „ეფ-1" ტიპის ხელყუმბარა 5 ამფეთქით.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველო სსსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.