დაგვიანებული სოლიდარობა, თუ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს?“
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები საქართველოს "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონსა და "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს ეხმაურებიან, რომელიც პარლამენტმა 2011 წლის ოქტომბერში მიიღო.
საუბარია "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონის 50-ე მუხლსა და "საგადასახადო კოდექსის" 239-ე მუხლის მე-6 ნაწილში შესულ ცვლილებებზე, რომელთა თანახმად კომერციულმა ბანკებმა პირველადი იპოთეკარის უფლება დაკარგეს.
მაშინ არავინ დავობდა იმაზე, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ერთი კონკრეტული ბანკის - „ქართუ ბანკის“ საქმიანობაში ხელშესაშლელად მიიღო. დღეს ამასვე ადასტურებენ კომერციული ბანკებიც: "მიგვაჩნია, რომ 2011 წლის ოქტომბერში მიღებული ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა კონკრეტულად ერთ კომერციულ ბანკს, "ბანკ ქართუს", - წერია მათ განცხადებაში. თუმცა, რატომღაც თავის დროზე არც ერთ კომერციულ ბანკს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია და პროტესტიც არ გამოუთქვამს.
ამის მიუხედავად, ძნელია არ დაეთანხმო ამ ბანკებს, რომ ხსენებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ საფრთხე შეუქმნა როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას. არც ის იწვევს დავას, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს კომერციული სტრუქტურისადმი ზიანის მიყენებას, მაშინ როდესაც სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს კერძო სექტორის ხელშეუხებლობისა და განვითარების მთავარი გარანტი.
საყურადღებოა ერთი დეტალი - განცხადებას ხელს აწერენ: "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "პროკრედიტ ბანკი", "ლიბერთი ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა" "ვი თი ბი ბანკი ჯორჯია", "კორ-სტანდარტ ბანკი", "პრივატ ბანკი", "ბაზისბანკი", ბანკი "კონსტანტა". მათ შორის არ ფიგურირებს „ბანკი ქართუ“, თუმცა გასაგებია, რადგან ეს განცხადება ამ კონკრეტული ბანკისადმი სოლიდარობის ნიშნად გაკეთდა და, გარკვეულწილად, მის მიმართ განხორციელებულ უსამართლო ქმედებებს უკავშირდება, ამდენად, სამართლიანობის აღდგენის მინიშნებაა. ამასთან მათი მხრიდან ამგვარი პოზიცია კოლეგიალობის მნიშვნელოვანი გამოვლინება და მაგალითია. თუმცა გვრჩება შთაბაჭდილება, რომ კომერციულმა ბანკებმა ამ განცხადების გაკეთება მნიშვნელოვნად დააგვიანეს. დღეს პოლიტიკური ვითარება შეიცვლა და ახლა ამგვარი პოზიციის გამოხატვას დიდი გამბედაობა არ სჭირდება. როდესაც ერთი კონკრეტული ბანკისთვის ლამის კანონებს ცვლიან და ამას თითქმის ერთი წლის დაგვიანებით აპროტესტებ, კითხვის ნიშნებთან ერთად უხერხულობის განცდასაც აჩენ, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, წინა ხელისუფლებას რა წნეხის ქვეშ ჰყავდა თითოეული ბანკი თუ ბიზნესი. მაგრამ ქართველი კაცის ბუნება კარგად ეგუება პრონციპს „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.
სწორედ ეს პოზიცია გამოხატა „ივერიონთან“ საუბარში „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა.
„რატომ უნდა გავაკეთო ამაზე კომენტარი, არ მესმის? მეც კომერციული ბანკის წარმომადგენელი ვარ. თუ რაიმე კარგი ხდება, უარყოფითად რატომ უნდა შევაფასო? ნამდვილად არ მინდა კომერციული ბანკების ეს განცხადება უარყოფით კონტექსტში განვიხილო. მიმაჩნია, რომ კომერციული ბანკების განცხადება, რომელთა წარმომადგენელი მეც გახლავართ, დადებითი მოვლენაა და რა მნიშვნელობა აქვს, როდის გაკეთდა ის. მისასალმებელია მათი ეს პოზიცია და მხარდაჭერა. ასეთ სოლიდარობას ყოველთვის მივესალმები და მნიშვნელობა არ აქვს, დროულია თუ არა იგი“, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
თეა ბარამაშვილი