პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამნისტიის ალტერნატიულ ვარიანტს აქვეყნებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამნისტიის ალტერნატიულ ვარიანტს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე  გამოქვეყნდა ამნისტიის კანონის პრეზიდენტისეული ვარიანტი და განმარტება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ამნისტიის კანონპროექტზე ვეტოს დადების მიზეზებზე საუბრობს.


როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ამნისტიის შესახებ კანონის მიღება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაა და, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, არ სურს ამ საკანონმდებლო ფუნქციის განხორციელებას ხელი შეუშალოს.

"შენიშვნა, რის გამოც უკან გიბრუნებთ კანონპროექტს, უკავშირდება კანონპროექტის პრეამბულის მეორე აბზაცს, აგრეთვე კანონპროექტის 22-ე და 24-ე მუხლებს, რომლითაც ამნისტია ვრცელდება "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე" საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით განსაზღვრულ პირებზე. გარდა ამისა, შენიშვნები გვაქვს კანონპროექტის იმ ნაწილებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება არასრულწლოვანთა სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებას.


მიმაჩნია, რომ "ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტის პრეამბულის მეორე აბზაცი, აგრეთვე კანონპროექტის 22-ე და 24-ე მუხლები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით დადგენილ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც "სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით". ამნისტიის კანონის პროექტის აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ საკითხთა გადაწყვეტა საქართველოს პრეზიდენტისა და სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება", - განმარტავს პრეზიდენტი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტის თანახმად, ცალკეულ მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს აქვს, შეწყალებისა და ამნისტიის სამართლებრივი ცნებების გამიჯვნა კი მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.

"კერძოდ, კოდექსის 77-ე მუხლის მიხედვით, ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ. ხოლო, კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ. ნათელია, რომ კანონპროექტის ზემოხსენებული მუხლები ეწინააღმდეგება ამნისტიის პრინციპს, ვინაიდან ამნისტია შეიძლება გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ კონკრეტულ დანაშაულებზე და შეუძლებელია ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს. "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის ზემოაღნიშნული მუხლები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განმტკიცებულ ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციის 84-ე მუხლის თანახმად, "სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით". შესაბამისად, პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, საკანონმდებლო აქტით, რომელიც არ ითვალისწინებს სასამართლოს მიერვე სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვას, ფაქტობრივად აუქმებს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - აღნიშნავს პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის პრეამბულის მეორე აბზაცი, აგრეთვე 22-ე და 24-ე მუხლები საგანგაშოა იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ ისინი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ვინაიდან, "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე" საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში შეყვანილი არიან ოპერაცია "ენვერის" საქმესა და ჯაშუშობის სხვა საქმეებზე მსჯავრდებულები.

"აღნიშნულ პირებს ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაული და მათ მიმართ ამნისტიის აქტის განხორციელება არასწორი გზავნილია ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოებისთვის, რადგან, ფაქტობრივად ხდება ამ ტიპის დანაშაულების წახალისება.
ამავე ჩამონათვალში არიან პირები, რომლებიც მსჯავრდებული არიან სამხედრო ამბოხების მოწყობასა და სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდებისთვის. აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ ამნისტიის გავრცელება ასევე წარმოადგენს უმძიმესი დანაშაულის წახალისებას, ჩრდილს აყენებს ქართულ ჯარს და საფრთხეს უქმნის მის შემდგომ გაძლიერებას.
მიუღებელია უმცირესობათა შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში, აგრეთვე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში მსჯავრდებულ პირთა მიმართ აღნიშნული კანონის მოქმედების გავრცელება, ვინაიდან ეს, შესაძლოა, აღქმულ იქნას სიძულვილისა და ძალადობის წახალისებად.

აღსანიშნავია, რომ "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა" სიის შედგენის პროცესის მიმართ საფუძვლიანი კრიტიკა გამოითქვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდანაც", - განმარტავს პრეზიდენტი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილებით არ დადასტურებულა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა და სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა არც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რომელიმე რეზოლუციაში დაფიქსირებულა.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი გახდა მსჯელობის საგანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის 2012 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე. შედეგად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის ის დებულებები, რომლებიც შეეხება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულ პირებს, ექსპერტიზაზე გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და საქართველოს პარლამენტს ეთხოვა, შეაჩეროს კანონპროექტის ამ დებულებების განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის მიღებამდე. ვენეციის კომისიის მორიგი პლენარული სხდომა დაგეგმილია 2013 წლის მარტში.

ამასთან მიუღებელია კანონპროექტის ის დებულებები, რომლითაც ამნისტიის აქტი უნდა გავრცელდეს არასრულწლოვანთა სქესობრივი ხელშეუხებლობისა და სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩამდენ პირებზე", - აღნიშნავს პრეზიდენტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტმა პარლამენტს "ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტის მისეული ვერსია წარუდგინა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას.
მუხლი 1 - გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მუხლი 2 - გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მუხლი 3 - გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებისა: ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (110-ე მუხლი; 111-ე მუხლი; 112-ე მუხლი; 113-ე მუხლი; 114-ე მუხლი; 115-ე მუხლი; 116-ე მუხლი; 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 133-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 2201 მუხლის მე-2 ნაწილი; 2291 მუხლის მე-3 ნაწილი; 238-ე მუხლი; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 281-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 283-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 293-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 295-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 297-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 3421 მუხლის მე-2 ნაწილი; 397-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (139-ე მუხლი; 140-ე მუხლი; 141-ე მუხლი); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (142-ე მუხლი; 1421 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 1433 მუხლის პირველი ნაწილი; 1442 მუხლი; 1443 მუხლის პირველი ნაწილი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 154-ე მუხლი; 155-ე მუხლი; 156-ე მუხლი; 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის პირველი ნაწილი; 162-ე მუხლი; 163-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 1641 მუხლი; 1642 მუხლი; 1643 მუხლი; 166-ე მუხლი); არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (171-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ბავშვის შეცვლა (174-ე მუხლი); პროსტიტუციაში ჩაბმა (253-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (320-ე მუხლის პირველი ნაწილი; 321-ე მუხლის პირველი ნაწილი); სამოხელეო დანაშაული (332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 334-ე მუხლი; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი; 337-ე მუხლი; 339-ე მუხლის პირველი ნაწილი; 340-ე მუხლი; 341-ე მუხლი; 342-ე მუხლი); სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა (364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები); სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია (3691 მუხლის მე-2 ნაწილი); დანაშაულის დაფარვა (375-ე მუხლი); დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლი); დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (378-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 381-ე მუხლის მე-2 ნაწილი); მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ (405-ე მუხლი).
მუხლი 4 - ერთი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ქალს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მუხლი 5 - 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა და დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
2. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება ამ მუხლში აღნიშნულ პირზე, თუ ამაზე თანხმობას ამ პუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).
მუხლი 6 - გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.
მუხლი 7 - გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.
მუხლი 8 - 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირი, გარდა იმავე კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.
2. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
მუხლი 9 - გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
მუხლი 10 - გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
მუხლი 11 - 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
2. თუ დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება ამ მუხლში აღნიშნულ პირზე, თუ ამაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).
3. დაზარალებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს მისი სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.
მუხლი 12 - გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირს: 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; მე-200 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები; 202-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 203-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 2051 მუხლის მე-2 ნაწილი; 208-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 214-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები; 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები; 237-ე მუხლის პირველი ნაწილი; 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 2401 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 384-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 389-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.
მუხლი 13 - გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით.
მუხლი 14 - გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 263-ე მუხლით.
მუხლი 15 - გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 303-ე მუხლით.
მუხლი 16 - ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლების მოქმედება.
მუხლი 17 - პირზე, რომელსაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.
მუხლი 18 - ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
მუხლი 19 - პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
მუხლი 20 - ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე, ასევე "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებულ/გადახდილ ჯარიმაზე.
მუხლი 21 - ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა.
მუხლი 22 - ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე მუხლით და 141-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
მუხლი 23 - 1. ბრალდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი.
2. ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.
3. მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გავრცელების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
4. ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით (გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლისა) გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში. ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში.
მუხლი 24 - ყველა პირს, რომლებზედაც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.
მუხლი 25 - ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.
მუხლი 26 - ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე", - აღნიშნულია კანონპროექტის რედაქციაში, რომელშიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის შენიშვნები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: