მძიმე პერსპექტივა - ანტიქრისტეს ბეჭედი
იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა „ნაციონალები“ „ჩაუშვა“ და გაგვიმხილა, რომ „ნაცებს“ თავიანთი მზაკვრული ჩანაფიქრი თითქმის სისრულეში ჰქონიათ მოყვანილი _ ათიათასობით ელექტრონულ ID ბარათებში, თურმე, სატანური ციფრი _ სამი ექვსიანი (666) აღმოაჩინეს. კიდევ კარგი, დროზე რომ მოვიშორეთ წინა ხელისუფლება, თორემ რამდენი თანამემამულე იქნებოდა ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი?!
ქალბატონმა თეამ დაგვამშვიდა, რომ ხელისუფლება ანტიქრისტეს ნიშნის ID ბარათებში დატანებას არ აპირებს და პირადობის მოწმობებში მხოლოდ „აუცილებელი ინფორმაციები“ იქნება ჩატვირთული. სხვა საკითხია, რამდენად შეიძლება ვერწმუნოთ ამ დაპირებას, მაგრამ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა ღრმადპატივცემულ იუსტიციის მინისტრს ეთქვა, რომ „ნაციონალებისგან“ განსხვავებით „ქართული ოცნება“ უფრო საზოგადოების დაკვეთას ასრულებს და ID ბარათების აღება ნებაყოფლობითი იქნებაო!
მითუმეტეს, ჯერ კიდევ ადრე, „ნაცების“ ზეობის პერიოდში საპატრიარქომ თხოვნით მიმართა მაშინდელ ხელისუფლებას _ ნებაყოფლობითი გაეხადა ID ბარათების აღება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაცებმა“ საპატრიარქოს თხოვნა ერთ ყურში შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს, მაგრამ, რატომ არ ითვალისწინებს დღევანდელი ხელისუფლება საპატრიარქოს და საზოგადოების უდიდესი ნაწილის თხოვნას, თუ მოთხოვნას?! მაშინ, რით განსხვავდება იგი ამ ნაწილში თავისი წინამორბედისგან?!
იმის თქმა, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი (666) არ იქნება დატანებული ID ბარათზე და ხელისუფლება ტოტალურად არ გააკონტროლებს მოქალაქეთა პირად ცხოვრებას, ნაკლებად სარწმუნოდ გვეჩვენება. ჯერ ერთი, ჩვენ საიდან გვეცოდინება, რა ინფორმაციები იქნება დატანებული ID ბარათზე და მიეცემა თუ არა სათანადო სამსახურებს მოქალაქეებისთვის ტოტალური კონტროლის საშუალება? მეორეც, რატომ არ შეიძლება ისარგებლოს საქართველოს მოქალაქემ ალტერნატიული (ტრადიციული) პირადობის მოწმობით _ მითუმეტეს, ისეთმა, ვისაც სხვადასხვა დოკუმენტების ჯიბით ტარება არ „ეზარება“?! არადა, მავანი გვარწმუნებს, რომ ID ბარათი ისეთი „უნიკალური“ საშუალებაა, რითაც შეგვიძლია ყველა ყოფითი პრობლემის ოპერატიულად გადაწყვეტა! თუმცა, ვინც ამას ვერ იგუებს, პრობლემებიც ოპერატიულად იჩენს თავს და ფაქტიურად თამაშგარე მდგომარეობაში რჩები!!!
სხვათაშორის, ID ბარათების ალტერნატივის თემას სპეციალური კონფერენციაც მიეძღვნა. თეოლოგები და სასულიერო პირები ხაზგასმით ამტკიცებენ, თუ რას უკავშირდება ეს მოთხოვნა და წინადადებით გამოდიან, ხელისუფლებამ ყურად იღოს საზოგადოების ხმა და დაუშვას ID- ბარათების ნებაყოფლობითი გამოყენების პრაქტიკა.
ჯერჯერობით, მკაფიო პასუხი ხელისუფლებისგან არ ჩანს. რაც შეეხება საპატრიარქოს, იგი მხოლოდ რეკომენდაციით იფარგლება (გასაგებია, რატომ!). აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი ხმა საზოგადოებამ უნდა თქვას, იმან ვისაც ამ „საჩუქარს“ ნებაყოფლობით აკიდებენ!
და ბოლოს: დროა დაბინდული გონება გავასუფთაოთ და ყურადღება ძირითად (არსებით) საკითხებზე გადავიტანოთ, თორემ, მერე მართლაც გვიან იქნება!