ეჰ, გლობალიზაციას რა ვუთხარი, თორემ...
არ მინდა მე ისეთი დემოკრატია, მოძალადეებთან პოლიტიკურ კოჰაბიტაციას (თანაცხოვრებას) რომ მაიძულებს!. არ მინდა მე ისეთი დემოკრატია, რომელიც ჩემს იდენტობაზე და საუკუნეების მანძილზე გამოძერწილ ტრადიციებზე ხელს ამაღებინებს და ლესბოსელების და ჰომოსექსუალების საზეიმო მარშთან შეგუებას დამავალდებულებს.
არ მინდა მე ისეთი ალიანსის (ნატო-ს) წევრობა, რომელიც თავის სტანდარტებით საფრთხეს უქმნის ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას (ისე, გვეთამაშებიან, თორემ კალთას არავინ ჩამოგვახევს)!
არ მინდა, მაგრამ ვინ მასვენებს?! გლობალიზაციას თავისი კანონები აქვს და ვიცი, საქართველოც მთლად "მშრალზე" ვერ გამოვა, მაგრამ ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ, რომ გლობალიზაციის კლანჭებში ღრმად არ მოვექცეთ, ანუ "მშობიარობის ტკივილი" შევამსუბუქოთ! აი ნატოს გენმდივანი ბატონი რასმუსენი ჩამობრძანდა საქართველოში და დაგვაიმედა: თუ ჭკუით იქნებით და ჩვენს სტანდარტებს დააკმაყოფილებთ, ალიანსის კარი თქვენთვის ღია იქნებაო... თუმცა, არ დაუკონკრეტებია, როდის უნდა დავაკაკუნოთ ნატო-ს კარებზე და როდის იქნება მზად დიდი მასპინძელი პატარა სტუმრის მისაღებად!
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ბოლოდროინდელი აჟიტირებული კადრების ფონზე ბატონ რასმუსენს 17 მაისი თუ გაახსენდებოდა, მაგრამ, ლესბოსელებისა და ჰომოსექსუალების უფლებების დაცვა თურმე ნატო-ს სტანდარტის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა ყოფილა. დავიღუპეთ და ეგ არის! თუ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა გეი-პარადის გამო ქუჩაში გამოსვლა,ალიანსის კარი ჩვენთვის სამუდამოდ დაიხურება...
ისე ბატონმა რასმუსენმა ბევრი გულრწფელი სურვილი თუ მოთხოვნა დაგვიტოვა. მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და პოლიტიკურ ოპოზიციასთან კოჰაბიტაციის გაგრძელება.
არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება კარგი სურვილია ღმერთმანი. საინტერესოა უკვე პრეზიდენტიც ხომ არ დაგვინიშნა?! რაც შეეხება"ნაციონალებთან' კოჰაბიტაციას, ვერ მოვრიგდებით - უკვე უარი ვუთხარით და სიტყვას უკან ხომ ვერ წავიღებთ?! არ იტყვიან, ქართველები უპრინციპო ხალხი ყოფილხართქო?...
ისე დიდ პოლიტიკაში ხანდახან სჯობს თავი დავუქნიოთ და ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. უფრო მოგებულიც დავრჩებით! ისე ქართველებს სხვამ როგორ უნდა გვასწავლოს, რა ვაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ. ეჰ, გლობალიზაციას რა ვუთხარი, თორემ...