რატომ ვეურჩებით პატრიარქს?!
სულმნათმა გია აბესაძემ გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართველი ერის გამოსაფხიზლებლად და ძმათამკვლელი ომის თავიდან ასაცილებლად რუსთაველზე თავი დაიწვა. სამწუხაროდ, ეს მსხვერპლშეწირვა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მაშინ სისხლისღვრა თავიდან აგვეცილებინა!
დღესაც იგივე საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა _ საქართველო დაყოფილია „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად, რომელთაც არა ნათელი იდეალები, არამედ, ყოფითი პრობლემებისა და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების სურვილი აერთიანებთ. არის მესამე მხარეც - საზოგადოების ინერტული ნაწილი, რომელიც არ მონაწილეობს ამ დაპირისპირებაში, მაგრამ, არც არაფერს აკეთებს ქვეყანაში სიმშვიდის დასამკვიდრებლად!
სოციალური ქსელებისა და ქართული მედია-საშუალებების თვალის გადავლებაც კი საკმარისია დაასკვნა, რომ ქართველ ერს დღესაც მოთხოვნილება უჩნდება ახალი - (შიდა) პროვოკაციების აგორებაზე და მიუხედავად მწარე გამოცდილებისა, ნაკლებად ფიქრობს მოსალოდნელ შედეგებზე.
სამწუხაროდ, საზოგადოება ვერ აცნობიერებს, რომ ახლანდელი რევანში გაცილებით მკაცრი და დაუნდობელი იქნება, ვიდრე ხავერდოვანი (ვარდების) რევოლუციის შემთხვევაში მივიღეთ - არ მოგვწონს (დღევანdელ ხელისუფლებაs ვგულისხმობ), არ ნიშნავს იმას, რომ ისევ არც თუ ისე დიდი ხნის წინ არსებულ ჯოჯოხეთში დავბრუნდეთ!
თუ ადრე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღტკინების მიზეზი შევარდნაძის დამყაყებული ხელისუფლებისგან განთავისუფლება და „ახალი სისხლის“ გადასხმის აუცილებლობა იყო, დღეს საჯილდაო ქვად პოლიტიკური ორიენტაცია იქცა - ქვეყანა ფორმალურად ევროკავშირისა და რუსეთის მომხრეებ-მოწინააღმდეგეებად დაიშალა, რომლის მიღმა საზოგადოების დაპირისპირებულ ძალებად გახლეჩისა და საქართველოს საბოლოო დასუსტების მზაკვრული გეგმა იმალება!
ნათქვამია: როცა ურემი გადაბრუნდება, გზაც მერე გამოჩნდებაო, მაგრამ, ეტყობა ჩვენ ისეთ ვარსკვლავზე ვართ გაჩენილები, ურმის მრავალგზის გადაბრუნებაც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ უხიფათო გზა დავინახოთ!
ნებისმიერ ერს, ზოგადად საზოგადოებას სჭირდება ავტორიტეტი, რომელსაც იგი გაჰყვება და დაუჯერებს (ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს). სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ქართველებს საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახით გვყავს ასეთი ავტორიტეტი. კვლევების თანახმად, მას საქართველოს მოსახლეობის 95 პროცენტი ენდობა - ენდობა ნიშნავს, რომ სჯერა მისი...
დიახ,საჯარო და პირად საუბრებში ყველა აღიარებს, რომ ჩვენ გვყავს უდიდესი ავტორიტეტი ილია II-ის სახით და მასზე დგას დღევანდელი საქართველო, მაგრამ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“-ო ნათქვამისა არ იყოს, საკმაოდ განსხვავებულ შედეგებთან გვაქვს საქმე. _ დავფიქრდეთ, თუ მის უწმინდესობას საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ენდობა, რატომ არ უნდა აისახოს ეს ჩვენს რეალობაში?! მართალია, პატრიარქისადმი ნდობა და პატივისცემა არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების უმრავლესობა ორთოდოქსი ქრისტიანი იყოს, მაგრამ, ვინც ქრისტეს გზას დაადგა, ანუ, ქრისტეს სახლს - ეკლესიას მიაშურა, ვინც აღმსარებელი და მაზიარებელია, თავისი მრწამსით და თუნდაც პოლიტიკური ორიენტაციით რატომ არ უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი, ათეისტი თანამოქალაქეებისგან?! სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს „რელიგიურობას“ ეკლესიის კედლებში ვტოვებთ და იქიდან გამოსულნი ამქვეყნიური ვნებების ჭაობში ვიძირებით!..
ნამდვილი პარადოქსია: თუ პატრიარქი ჩვენთვის ავტორიტეტია, რატომ არ აისახება ეს ქვეყანასთან და ერთმანეთთან ურთიერთობაზე?! შეიძლება გაქვავებული გული გვქონდეს, ურთიერთბოღმა და სიძულვილი გვამოძრავებდეს და პარალელურად პატრიარქიც გვიყვარდეს? რა თქმა უნდა, არა. საქმე იმაშია, რომ ფართო გასაქანი მიეცა მოჩვენებითობას და ფარისევლობას!
ვიყოთ გულახდილნი: უჭირს სულიერების ტაძარს - ქართულ ეკლესიასაც, რომლის წიაღშიც ჩვენი სული უნდა იწმინდებოდეს...
ამ ფონზე ნამდვილად არ მიკვირს, რატომ უჭირს დღეს საქართველოს. სხვათაშორის, არც „თბილისური მაედანი“ გამიკვირდება _ გვიყვარს ჩვენ საბედისწერო შეცდომების განმეორებაც!
ზაურ ნაჭყებია