რიჩარდ ნორლანდი:-"ჩვენ გვაღელვებს რუსეთის აგრესია!"
ჟურნალისტების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციების გახშირება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერიოდში მოსალოდნელი იყო და არც მომავალში გამორიცხავს მსგავს ქმედებებს, თუმცა მისივე თქმით საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა ასოცირების ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი და ამაში ვერაფერი შეუშლის.
-"ჩვენ გვაღელვებს რუსეთის აგრესია რეგიონში, ის, რაც ხდება უკრაინაში. თუ რუსეთი გააგრძელებს თავისი აგრესიული პოზიციის გამოვლენას, მას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაეკისრება სანქციები. საქართველოს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად აირჩიოს ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც ის თვლის თავისთვის სასარგებლოდ და საჭიროდ. ამდენად, საქართველოს აქვს ყველანაირი განწყობა იმისა, რომ ივნისში მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას", - განაცხადა ელჩმა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა დაკავებულები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ. დაკავებულთა ადგილმდებარეობა ევროკავშირის მისიისთვის უცნობია. ჟურნალისტებთან დაკავშირება შეუძლებელია, რადგან ტელეფონებიც გათიშულია.