გედევან ფოფხაძე:-"მე რა ძალა მადგია? გიჟი ვარ?"
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის გამო არ აპირებს ეკლესიასთან კონფლიქტში შესვლას. მისი თქმით, არა აქვს მნიშვნელობა კანონპროექტში ჩაიწერება, თუ არა ტერმინი "სექსუალური უმცირესობა", ეს კანონი სამართლებრივად მათ მაინც შეეხებათ.
-"თუ სინოდი იტყვის, არ დაუჭიროთ მხარიო, მე პირველ რიგში მრევლი ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კონფლიქტში შევიდე იმის გამო, რომ ასეთი რეაქცია იყოს. არ დავუჭერ, მე რა ძალა მადგია? გიჟი ვარ, მართლმადიდებლურ ეკლესიას დავუპირისპირდე ამის გამო? მიმაჩნია, რომ ანტიდისკრიმინაციული ხედვა მართლმადიდებლური მსოფლმხედველობაა. გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლობა ჩემი რწმენაა, ასევე არის მსოფლმხედველობა და არ მიმაჩნია, რომ დისკრიმინაცია რაიმე ფორმით იყოს გამართლებული. ეს სწორედ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის და ღირებულებების გამოხატულებაა. მე თავისუფალი მანდატი მაქვს. ამომრჩეველმა იცოდა, რომ მართლმადიდებელი ვარ და ამ ნიშნით ამირჩია, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მაზიარებელმა ადამიანმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მაშინ ის არასწორად აღიქვამს თავის მრწამსს"აცხადებს ფოფხაძე.