რას სთხოვს საპატრიარქო გამგეობებს?
საპატრიარქო თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებულ მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის 10 000 ლარის გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 14 აპრილს თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ადგილობრივ რაიონულ გამგეობებში შეტანილი თხოვნის შემთხვევაში, გადაეცემათ 10 000 ლარი (იგივე ეხებათ სხვა კონფესიებსაც) და რომ ეს ქმედება შეთანხმებულია საპატრიარქოსთან.
როგორც დავადგინეთ, საუბარი შედგა საპატრიარქოს თანამშრომელთან, რომელსაც არ ჰქონდა უფლებამოსილება გადაწყვეტილების მიღებისა. ამასთან, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ იმ ეკლესიებმა, რომლებიც აღნიშნულ თანხას მიიღებენ, მხოლოდ საქველმოქმედო მიზნით გამოიყენონ იგი.
აქედან გამომდინარე, ვთხოვთ ადგილობრივი გამგეობის ხელმძღვანელებს და თბილისის საკრებულოს, ამა თუ იმ ეკლესიაზე ფულის გადარიცხვა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათთვის წარდგენილ თხოვნას თანდართული ექნება საქართველოს საპატრიარქოდან დამოწმებული და მოწონებული პროექტი საქველმოქმედო ღონისძიებებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა არ გასცენ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.