როცა არაფერს ნიშნავს 35 დეპუტატის და 33 გენერლის მხარდაჭერა...
"დემოკრატიული მოძრაობის" განცხადება
"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ემზარ კვიციანს წინასწარი პატიმრობა ერთი თვით გაუგრძელდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება კვლავ შორს არის დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლიანობისაგან.
სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულიყო. სამართლადამცავ ორგანოებსა და სასამართლოებში კვლავ ის პირები მუშაობენ, რომლებიც "ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს ათასობით უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ფაქტია, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, თუნდაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის საკითხის უვადოდ გადადება, რასაც ხელისუფლება უსახსრობით ხსნის.
"დემოკრატიული მოძრაობა" შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლებას 35 დეპუტატი და 33 გენერალი უჭერს მხარს. ცხადია, რომ ემზარ კვიციანი გაქცევას არ აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საქართველოში არ დაბრუნდებოდა.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაატაროს რეალური რეფორმები და უარი თქვას პოლიტიზირებულ სასამართლო პროცესებზე".