საქართველოს შეიარაღებული ძალები ახალი სამწყობრო წესდებით იხელმძღვანელებს
საქართველოს შეიარაღებული ძალები ახალი სამწყობრო წესდებით იხელმძღვანელებს. დღეს გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ინსტრუქტორებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს. ახალი სამწყობრო წესდების პროექტის წარმოდგენას საქართელოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, არმიის სერჟანტი ალუდა კოპალიანი და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
„დისციპინა სამწყობრო წესდებით იწყება. სამხედრო მოსამსახურე თავისი მუნდირის, ადგილის აღქმას მას შემდეგ ახდენს, რაც სამწყობრო წესდებას ექვემდებარება. სამწყობრო წესდება სამხედრო მოსამსახურეს ბრძანებისადმი დაქვემდებარებას და ბრძანების გაცემას აჩვევს. ბოლო სამწყობრო წესდება 2008 წელს დამტკიცდა, რომელიც შეიარაღებული ძალების დღევანდელ რეალობას აღარ შეესაბამებოდა და განხორციელდა აუცილებელი ცვლილებები“- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ახალი სამწყობრო მომზადების წესდება უახლოეს მომავალში დამტკიცდება. შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტის ალუდა კოპალიანის ხელმძღვანელობით, დოკუმენტზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. შეიცვალა ძველი, 2008 წლის წესდება და დოკუმენტის საბოლოო მიღებამდე პროექტი შენიშვნებისთვის ქვედანაყოფებს დაეგზავნათ. ახალ სამწყობრო წესდებას სამხედრო ცერემონიალების ორგანიზების საკითხები დაემატა. შენიშვნები შევიდა ქვედანაყოფების მწყობრისა და გადაადგილების პრინციპებშიც. ახალ დოკუმენტს საფუძვლად აშშ-ის არმიის სამწყობრო წესდება უდევს.