ყველა ნივთიერების არალეგალური ბრუნვა, რომელიც განეკუთვნება კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს, სამართალდარღვევას წარმოადგენს
2014 წლის 1 მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონი "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" ძალაში შევიდა. კანონის მიხედვით, ყველა ნივთიერების არალეგალური ბრუნვა, რომელიც განეკუთვნება კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს, სამართალდარღვევას წარმოადგენს. სასჯელის ზომა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღებისთვის, ისევე, როგორც უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისთვის 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრა. კანონის მიხედვით ქიმიურ ნაერთთა 9 კლასია განსაზღვრული, ასევე, განსაზღვრულია ცალკეული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც ამ კლასებს არ განეკუთვნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ეფექტური ბრძოლისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე 2013 წლის ნოემბრდან მუშაობს. კანონი ეფუძნება ევროპის ოთხი ქვეყნის – ავსტრიის, კვიპროსის, გაერთიანებული სამეფოს და შვეიცარიის ახლებურ მიდგომას.