კახი კახიშვილი: "ოცნებაც" "ნაციონალების" გზით მიდის, რომ დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში
ინტერვიუ საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელთან კახი კახიაშვილთან.
- ბატონო კახი, თქვენი აზრით, რატომ დაემთხვა ანტიდისკრიმინაციული კანონის შეტანა პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაპერიოდს. ვის აძლევს ეს ხელს და რა რეზონანსს გამოიწვევს მისი მიღება?
როგორც ჩანს, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება იმისთვისაა საჭირო, რომ დროულად მოაწერონ ხელი ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტს . მოგეხსენებათ, სასესიო კვირა მთავრდება და პარლამენტმა საჭიროდ მიიჩნია ამ სასესიო ციკლში მიეღო დაჩქარებული გადაწყვეტილება. ამ კანონის მიღება საჭიროა უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების გასაფორმებლად. ეს კანონპროექტი უფრო ადრე მომზადდა,უბრალოდ, დღის სინათლეზე გამოტანის შემდეგ საზოგადოებრივი ვნებათაღელვა მოჰყვა: მთელი საქართველო სვამს კითხვას, საპატრიარქო განცხადებებს ავრცელებს, არასამთავრობო ორგანიზაციები მასში ცვლილების შეტანას ითხოვენ, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტს დახვეწა სჭირდება...
საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა შენიშვნა აქვს. დღეს, როგორც გაირკვა, პარლამენტში მზად არიან საზოგადოების შენიშვნების მოსასმენად, თუმცა დღემდე ვერ გაუგიათ, რატომ არ ესმის ხალხს მათი. საზოგადოებასთან ასეთი დამოკიდებულებაც ხელისუფლების ბრალია, რადგან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტი კანონებს იღებს ხალხთან შეუთანხმებლად, ან დაგვიანებულად განმარტავს მას.
- თქვენი აზრით, "დაყრის" თუ არა პარლამენტი ფარ-ხმალს საზოგადოების სასიკეთოდ?
ზემოთ აღვნიშნე, კანონპროექტის მომზადებაში საზოგადოება უნდა ჩაერთოს-მეთქი. უსუფაშვილმა დღეს გაარკვია თურმე, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში ბევრია ისეთი შეცდომა, რომელიც უნდა გათვალისწინებულიყო. პარლამენტი 2-3 ორგანიზაციასთან სიმბოლურად განიხილავს მას და ჰგონია, რომ შენიშვნები არ იქნება. ეს უნდა გახდეს გაკვეთილი - მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებამდე საჭიროა საზოგადოების აზრის გათვალისწინება და არა მასთან ფასადური დამოკიდებულება. ევროპული ორიენტაცია ხომ სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვაა, მათი აზრის პატივისცემაა?! დღეს მიმდინარე მოლაპარაკება ყველა დაინტერსებულ მხარესთან: ეკლესიათან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველთან, რაც 2-3 თვის წინ უნდა დაწყებულიყო.
- როგორ ფიქრობთ, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ინიციატორები ევროპას "უგორებენ კოჭს" თუ, პირიქით, საზოგადოებას განაწყობენ ევროკავშირის წინააღმდეგ?
ჩემი აზრით, არასწორი ტერმინოლოგიით აღჭურვილი კანონპროექტი ბევრ ტექნიკურ პრობლებას ჰბადებს. არავინ არავის მოწინააღმდეგე არ იქნებოდა, ეს კანონი რომ შეეთანხმებინათ საპარტიარქოს იურისტებთან. განხილვა არ ნიშნავს მაინცდამაინც ერთ-ერთი მხარის პოზიციის გათვალისწინებას, მაგრამ აზრის გამოხატვის საშუალება ყველას უნდა მიეცეს. ეს კანონპროექტი თავისი გაუგებარი ტერმინოლოგიით გაუგებარია მოსახლეობისთვის, რომელმაც უნდა დაიცვას ის.
- ზოგი 17 მაისის შესაძლო გართულებას აანონსებს. თქვენის აზრით, ჩაივლის თუ არა ეს დღე უპრობლემოდ?
არ ვიცი, რა გართულებას გულისხმობთ... 17 მაისის აქცია თუ სხვა, კანონიერი და კონსტიტუციური, ყველას შეუძლია გამართოს. ამ შემთხვევაში სიღრმეებში ვერ შევალ...
- შეიცვლება თუ არა პოლიტიკური ბალანსი ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. აქვს თუ არა შანსი არასაპარლამენტო ოპოზიციას, თუ ხმებს ისევ ,,ქართული ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობა" გაინაწილებენ?!
არ მგონია ქვეყანაში რამე შეცვალოს ამ არჩევნებმა. ახალმა პარლამენტმა არაფერი გააკეთა ძველი ტექნოლოგიებისა და ბერკეტების შესაცვლელად. მოირგეს ის კანონმდებლობა, რაც ,,ნაციონალებს" ჰქონდათ - დიდხანს დავრჩეთ ხელისუფლებაში!
ამართლებენ იმას, რასაც ოპოზიციაში ყოფნისას ეწინააღმდეგებოდნენ. დღევანდელი ხელისუფლება აპროტესტებდა ამ საარჩევნო კოდექსს, დავით უსუფაშვილს ბრწყინვალედ ჰქონდა დამუშავებული მისი სახეცვლილი ვარიანტი, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაავიწყდა თავისი ინიციატივები. საინტერესოა, რატომ არ ფიქსირდება საარჩევნოდ იმათი ხმა, ვინც არავის აძლევს ხმას?! მერობის კანდიდატებს პროპორციულ საარჩევნო სიაში დარეგისტრირება აუკრძალეს, სიები არ დააზუსტეს, საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაკომპლექტდა, დავა-საჩივრების განხილვის პრაქტიკა არ შეიცვალა, რომელთა ინიციატორიც უსუფაშვილი იყო. ერთი სიტყვით, ,,ქართულ ოცნებასა" და ,,ნაციონალურ მოძრაობას" ერთმანეთის არსებობა ხელს აძლევთ. ,,ოცნებას" ჰგონია, ,,ნაციონალების" ფონზე მუდმივად მოიგებს ხალხის გულს, ,,ნაციონალებს" ახალ აგრესიულ, ძლიერ მოწინააღმდეგეს ისევ ,,ოცნება" ურჩევნია. ხმები მათ შორის ძველებურად გაიყოფა და სხვა სუბიექტებს სერიოზული წარმატების შანსიც კი არ დარჩებათ!..
- საქართველოში დღეს შექმნილ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, მოსალოდნელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები?
არა! ეს არავის წისქვილზე არ დაასხამს წყალს.
ესაუბრა ია ჯღარკავა