ვახტანგ ჟორდანია:-"მომავალ თაობას არ უნდა დავუტოვოთ საკითხები, რომელიც ნაპერწკალი იქნება და მერე ალი მოედება"

ვახტანგ ჟორდანია:-"მომავალ თაობას არ უნდა დავუტოვოთ საკითხები, რომელიც ნაპერწკალი იქნება და მერე ალი მოედება"

   "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვახტანგ ჟორდანია მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ნაჩქარევად მოხდა. მისი თქმით არ შეიძლება მომავალ ტაობას დავუტოვოთ ნაპერწკალი, რომელიც შემდეგ ალად იქცევა.

   -"ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ძალიან ნაჩქარევი იყო, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რა ვნებათაღელვაც მოჰყვა, თუმცა ეს კანონი სამწუხაროდ შინაარსობრივად ბევრმა არ იცის. ცუდია, რომ სრულყოფილად არ არის საზოგადოება ინფორმირებული. ასეთი საკითხები, რაც შეეხება ქვეყანას, ეხება ეკლესიას, ჩვენს ძირითად პრინციპებს, ეხება ჩვენს ეროვნულობას, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმით. სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კანონპროექტია მიღებული პარლამენტის მიერ, რომელსაც არ იცნობს ფართო საზოგადოება, უფრო მეტიც, პარლამენტში შედის რაღაც კანონპროექტი განსახილველად და დარწმუნებული ვარ, რომ დეპუტეტების უმრავლესობამ არ იცის რა წერია ამ კანონში დეტალურად. უბრალოდ, წაკითხული არ აქვთ და ისე აწერენ ხელს, ეს დიდი პრობლემაა.

  ასეა თუ ისე, ეს კანონი მიღებულია, ისევე როგორც თვითმმართველობის კანონი, რომელსაც არანაკლები წინააღმდეგობა ჰქონდა, ჩვენ მომავალ თაობას ხე უნდა დავურგათ, რომელსაც მერე ისინი წყალს დაასხამენ და ფოთლებს გამოაბამენ, ჩვენ მყარად უნდა ჩავრგოთ ეს ხე და არა ისე, რომ უცებ წაიქცეს. ჩვენ მომავალ თაობას არ უნდა დავუტოვოთ საკითხები, რომელიც ნაპერწკალი იქნება და მერე ალი მოედება. პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი უნდა იყოს ხალხი, რომლებიც არა მარტო პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, არამედ ყველა საკითხს უღრმავდებიან და ითავისებენ. 

   პატრიარქი ბრძენი ადამიანია და არ შეიძლება მისი შეგონებები ქვეყანამ არ მოისმინოს. ეს ამ პარლამენტს კარგს არაფერს მოუტანს. ასეთი კანონები მისაღებია, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს რა წერია შიგნით, სად გინახიათ საქართველოში ან რელიგიურ ფონზე მომხდარიყოს დისკრიმინაცია, ან სადმე სექსუალური უმცირესობა დაჩაგრულიყოს? ჩნდება აზრი, რომ ეს საკითხები პროვოცირებულია. დღევანდელ დღეს საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. 

რაც შეეხება დაპირისპირებას, რომელიც საზოგადოების თქმით შეიძლება 17 მაისს მოხდეს და საკმაო შეშფოტებას იწვევს ადამიანებში, არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ვალდებული არიან წესრიგი უზრუნველყონ, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ ხალხი არ აყვება პროვოკაციას, იმდენად დაიღალა საზოგადოება პოლიტიზირებით, თავად არ მისცემს არავის მართვის საშუალებას. ეკლესია ყველაფრეს ეცდება ეს გამოსვლა დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

   დღეს ასეთ რთულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ მჯერა, რომ აუცილებლად მოვლენ ხელისუფლებაშიც, პარლამენტშიც ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოასწორებენ ყველაფერს და ეს არეულობა, აჟიოტაჟი და გაურკვევლობები კალაპოტში ჩაჯდება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: