"აირჩიე შენი ალტერნატიული ნარკოტიკი"

"აირჩიე შენი ალტერნატიული ნარკოტიკი"

   არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" იწყებს ანტინარკოტიკულ კამპანიას "აირჩიე შენი ალტერნატიული ნარკოტიკი". ორგანიზაციის წევრის ნათია გურულის განცხადებით კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები.

   -"თბილისის საქალაქო სასამართლოსგან გამოვითხოვეთ  ნარკომომხმარებელთა სტატისტიკური მონაცემები. შედეგმა აჩვენა, რომ არც თუ ისე მცირე რაოდენობაა ასეთი ადამიანების დაფიქსირებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  45-ე მუხლის მიხედვით ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი 2013 წლიდან 2014 წლის აპრილამდე 7231 ადამიანს დაედო, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებულია 3030 ადამიანი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც  განმეორებით სასჯელს იხდიან. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ შედეგი ნამდვილად სავალალოა, გადავწყვიტეთ ჩავრთულიყავით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კამპანიაში ნარკოტიკთან ბრძოლის წინააღმდეგ და გაჩნდა ამ აქციის ჩატარების იდეა"-განაცხადა გურულმა.

   მისივე თქმით ამ კამპანიის ფარგლებში დიდი ყურადღება გამახვილდება ბიონარკოტიკზე, კამპანიამ სტარტი უკვე აიღო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი საჯარო ლექცია, რომელსაც ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე წარმართავდა. ლექციაზე საუბარი იყო ბიონარკოტიკის მოხმარების საფრთხეებზე. 

ორგანიზაციის წევრების განცხადებით "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა" ჩაატარა ინტერნეტ-გამოკითხვა, რომლის შედეგები საზოგადოებას თინათინ ნიბლოშვილმა გააცნო. მისი თქმით გამოკითხვაში მონაწილე 3000 ადამიანიდან, რომელთა უმეტესობა 18-25 წლის ასაკისაა, 93% ინფორმირებულია ბიონარკოტიკის მავნებლობაში. გამოკითხულთა მხოლოდ 14%-ს აქვს ბიონარკოტიკი მოხმარებული და მხოლოდ 59-ი გამოკითხულის გარშემო არიან ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ბიონარკოტიკს. კითხვაზე-რამდენად ხელმისაწვდომია ბიონარკოტიკი, 77%-ის აზრით საკმაოდ ხელმისაწვდომია და მარტივად შეიძლება მისი შოვნა. გამოკითხულთა მხოლოდ 26% იცნობს საკანონმდებლო ცვლილებებს ბიონარკოტიკის შესახებ და 69%-ის აზრით ბიონარკოტიკის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი.  

   აქციის მონაწილეები ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდებენ ჩაერთონ ამ კამპანიაში და თავისი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ.

ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნულ თემაზე გადაღებული ახალი ვიდეო-კლიპი სულ მალე ჩაეშვება მასმედიის სივრცეში და იხილავს საზოგადოება, ხოლო როგორ აღნიშნავს "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" 26 ივნისს ნარკოტიკთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, აქციის ორგანიზატორები სიურპრიზად ტოვებენ. 

თაზო ბენიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: