გია ვოლსკი: „ნაციონალებთან“ თანამშრომლობა უბრალოდ შეუძლებელია, ისინი ყოველთვის წყლის ამღვრევას ცდილობენ!..

გია ვოლსკი: „ნაციონალებთან“ თანამშრომლობა უბრალოდ შეუძლებელია, ისინი ყოველთვის წყლის ამღვრევას ცდილობენ!..

გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.

- ბატონო გია, ამ ბოლო ხანებში საქართველო არაერთი მწვავე დაპირისპირების მოწმე გახდა. მხადველობაში მაქვს ე.წ. ფარული მოსმენები, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, საყდრის-ყაჩაღიანის თემა და შიდადაპირისპირება კოალიციაში. დავიწყოთ ე.წ. ფარული მოსმენების საკითხით. ეს ,,რუსთავი 2-ის „ წინასაარჩევნო პროვოკაციაა თუ მართლა უსმენდნენ?

- დიახ, დავიწყოთ ე.წ. მოსმენების თემით: ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელმაც გააკეთა განცხადება. ,,რუსთავი 2“ იყო და რჩება ,,ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ  ტელევიზიად. არ არსებობდა დედამიწის ზურგზე ისეთი სტრუქტურა, ვინც ,,რუსთავი 2-ში“,  მისი ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე, შეაღწევდა და იქ ან სათვალთვალო კამერას ან მომსამენ აპარატს დაამონტაჟებდა. ეს რომ მომხდარიყო, მაშინ ,,რუსთავი 2-ის“ დაცვა უნდა მოესყიდათ. საეჭვო ,,შარავანდედით“  არის მოსილი ამ ტელევიზიის აქტივობა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც. მათივე სიტყვებით, ,,ჯოჯოხეთს მოგიწყობთო“,  საზოგადსოების ყურადღების მიქცევა სურდათ.

-  მუსირებს აზრი, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ ,,უმცირესობას“  ხელ-ფეხი გაუხსნა,  საზოგადოების უმრავლესობის  ინტერესები კი შელახა.

- ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ეკლესიასა და სჯულის კანონის დამცველებს დიდ პატივს ვცემ. ის,  რაც ამ კანონპროექტში ჩაიდო, არ ლახავს ეკლესიის, სჯულის კანონისა და საზოგადოების უფლებებს. პირიქით, იქ არის ფორმულირება, რომ ამ კანონში ჩაწერილი მუხლები არა თუ ჩრდილს აყენებს ეკლესიის უფლებებს, არამედ, იცავს მას...

- საყდრისი, როგორც ამბობენ, კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია შეტანილი და მისი განადგურება  ეროვნული საგანძურის ხელყოფაა. რა აზრის ხართ იქ მიმდინარე მოვლენებზე?

- რეალურად, საყდრისი არ არის ისტორიული ძეგლი, თუმცა, იმდენად საინტერესოა, ეს საკითხი შესასწავლია.  მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველა საკითხს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით უნდა შევხედოთ.

- ბევრს საუბრობენ კოალიციაში არსებულ შიდადაპირისპირებაზე, რომელმაც შეიძლება ,,იფეთქოს“ და კულისებიდან გარეთ გამოვიდეს. თუ  ასეა, რით შეიძლება ეს დამთავრდეს?

- ჩვენ, ქართველები, პოლიტიკურ გუნდურ მმართველობას არ ვართ მიჩვეული. ასეთი მმართველობის პრაქტიკა გააჩნია დემოკრატიულ ქვეყნებს. ჩვენი ხალხი მიჩვეულია ერთმმართველობას. საქართველო დემოკრატიული გზით მიდის, მაგრამ ზოგჯერ ოპოზიცია, ზოგჯერ სხვა არაკეთილმოსურნე პოლიტიკური სპეკულიანტები საუბრობენ ასეთ თემებზე, როგორც სკანდალურსა და საინტერესოზე.  ჩვენს კოალიციაში სიმშვიდეა, გუნდურობაა და მხოლოდ თანამშრომლობითი გზით მიღებული გადაწყვეტილებებით არჩევენ, რა სჯობს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

- კარზე მოგვადგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რა შედეგს ელოდებით და ჩაივლის თუ არა ის ისევ ტრიუმფალური გამარჯვებით  ,,ქართული ოცნებისთვის“ , როგორც ეს 2012 წლის ოქტომბერში იყო?

- საზოგადოებაში  ძალიან ბევრი პრობლემაა გადაუჭრელი, ეს ჩანს,  მაგრამ პროგრესიც თვალსაჩინოა. თუნდაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში, საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში, ეკონომიკურ სისტემაში, სოფლის მეურნეობაში დანერგილი აქტივობებით ხალხმა სარგებელი ნახა, შვება იგრძნო, ბევრი ფიზიკურად გადარჩა.უამრავი საკუთხი გადაწყვეტის პროცესშია და საზოგადოებამ იცის, რომ მათი მხარდაჭერა ,,ქართულ ოცნებას“ შეუძლია.

- ბატონო გია, ცნობილია, რომ 17 მაისს იგეგმება მართლმადიდებელი მრევლის მრავალათასიანი მშვიდობიანი მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. როგორ ჩაივლის ეს დღე?

- ნებისმიერი დღე არის ღვთის მოწოდება სიყვარულისკენ. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ესაა „ოჯახის სიწმინდის“ დღე. მე როგორც ვიცი, არაფერი რადიკალური არ იგეგმება,  გარდა ფილმის ჩვენებისა და სხვა კუკლტურული ღონისძიებებისა. ჩვენი საზოგადოება უნდა გამთლიანდეს, მათთვის საჭიროა პოზიტივი, სითბო, შემწყნარებლობა, რის გაღვივებასაც ეკლესიამ უნდა შეუწყოს ხელი!..

- გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ღიად განაცხადა, რომ სახელმწიფოს ბიბლიით მართვა შეუძლებელია. რა იმალება ამ სიტყვების მიღმა, ეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონფრონტაციას ხომ არ გააღვივებს?

- ბიბლიაში უამრავი სიბრძნეა. რაც მეტს გამოვიყენებთ მას სახელმწიფოს მართვისას, მით უკეთესი სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის. მე ბატონი დავითის აზრს კი არ ვუკეთებ კომენტარს, ჩემს აზრს მოგახსენებთ. მართალია, სამოქალაქო კოდექსი და სჯულის კანონი ყველაფერში ვერ დაეთანხმება ერთმანეთს, მაგრამ კონსენსუსი უნდა მოვძებნოთ. აბა, ყველაფერი სჯულის კანონს რომ ეთანხმებოდეს, იდეალური სახელმწიფო გვექნებოდა, თუმცა, კაცობრიობას ამ დონის მიღწევები არ ახასიათებს!

- ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე,რა შანსი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას?

- ძალიან ბევრი ადამიანი არასაპარლამენტო ოპოზიციიდან კარგ ექსპერტად და პოლიტიკურ მიმომხილველად ჩამოყალიბდა, მაგრამ მათ პერსპექტივას პოლიტიკურ ასპარეზზე რაღაც ვერ ვხედავ.

- ბატონო გია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რა შანსი აქვს ,,ნაციონალურ მოძრაობას“, ისევ საპატიო მეორე ადგილს დაიკავებენ?

- ,,ნაციონალები“ ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ - ესაა სხვისი ,,გაშავება“  და საკუთარი ცოდვების ,,აღიარება“, რასაც მათ საზოგადოება  არ დაუჯერებს. ისინი რა ხანია სიმულაციას მიმართავენ და ცდილობენ ევროპის თვალში საქართველოსგან  დისკრიმინირებულობა გაითამაშონ. ისინი არ იყვნენ ე.წ. მოსმენები სახელმწიფო პოლიტიკის რანგში რომ აიყვანეს?! საიდან მოიფიქრეს ის სასტიკი მეთოდები, რითაც პატიმრებს უსწორდებოდნენ და მერე ფირზე იღებდნენ?!  ბევრჯერ მიფიქრია, არ გაგვენადგურებინა და საზოგადოებისთვის ბოლომდე გვეჩვენებინა ის კადრები, რათა უფრო ახელოდათ თვალი. ახლა რებრენდინგს მიმართეს- ახალი სახეები წამოსწიეს, თუმცა მათ მცდელობას პერსპექტივა არ აქვს!  რაც შეეხება  საპატიო მეორე ადგილს, ის ,,ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება. მართალია, მათ ჰყავთ მხარდამჭერები, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ, როგორც ჩვენი საზოგადოების ნაწილს, მაგრამ ისინი მათ ,,რეაბილიტაციას“ ვერ შეძლებენ. 

ამ ეტაპზე ჩვენ ,,ნაციონალებთან“ ერთად არცერთ საკითხს არ ვიხილავთ, რადგან მათთან მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია. ისინი მხოლოდ იმას ცდილობენ, დრო იხელთონ წყლის ასამღვრევად - რუსეთთან მოლაპარაკებაში ხელი შეგვიშალონ და ევროპის თვალში კი დისკრიმინატორებად გამოგვაცხადონ!

 

                                                                    ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: