დავით კინწურაშვილი: „იმედია ისევ ქუჩაში არ გამოგვიყვანენ და ისევ ახალი ძალის ძებნას არ დაგვაწყებინებენ“!

დავით კინწურაშვილი: „იმედია  ისევ ქუჩაში არ გამოგვიყვანენ და ისევ  ახალი ძალის ძებნას არ დაგვაწყებინებენ“!


დღეს საქართველოში ყველა და ყველაფერი პოლიტიზირებულია. ორი ადამიანის საუბარი მისალმება-მოკითხვის შემდეგ აუცილებლად პოლიტიკით გრძელდება, პოლიტიკაზე ლაპარაკობენ და ქვეყნის ამბებს არჩევენ ბაზარში, სამარშუტო ტაქსებში, ეზოებში და სატელეფონო საუბრებშიც კი. დიასახლისებისთვის ხომ პოლიტიკა და თურქული სერიალები თითქმის ცხოვრების სტილად იქცა...რას ამბობენ? ზოგი „მიშას მისტირის“, ზოგი „ოცნების“ იმედგაცრუებაზე საუბრობს, ზოგი მერობის კანდიდატებს ადარებს ერთმანეთს, მაგრამ ერთი, რაც ამ საუბრებში მთავარი ტენდენციაა, ხალხი 1 ოქტომბრის არჩევნებიდან უფრო ბევრს ელოდა. მიუხედავად ამისა თურმე მოსახლეობის უმეტესობა ვერ ხედავს რეალურ ძალას, რომელსაც ხმას მისცემს ამ არჩევნებზე და ამიტომ ისევ ნაცნობი 41 ნომრის შემოხზვას აპირებს. რატომ? იმიტომ რომ მაინც აქვთ იმედი- „ოცნებები ახდება“.

ასეთი საუბრების მოსმენის შემდეგ ყოველთვის მქონდა სურვილი იმ ადამიანებს დავკავშირებოდი, რომლებიც 1 ოქტომბრის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ აგიტაციას ეწეოდნენ. რას ფიქრობენ დღეს ეს ადამიანები და რამდენად ახდა მათი სიცოცხლის რისკის ფასად მოპოვებული გამარჯვებული ოცნება. სწორედ ამიტომ ქველმოქმედთა სახლის „მომავლის გზის“ ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს გავესაუბრეთ.

-თქვენ უკვე წლებია ქველმოქმედთა სახლის "მომავლისგზის" ხელმძღვანელი ბრძანდებით და საკმაოდ კარგად იცნობთ ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს, რას იტყვით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაიზარდა თუ შემცირდა გაჭირვებულთა რაოდენობა?

-არ მინდა ვთქვა, რომ იმატა-მეთქი,მაგრამ ჩემს თავთან ვერ ვიქნები მართალი,სხვა რომ არაფერი, მე მთელი ჩემი ცხოვრება სოციალურ საკითხს შევალიე და სოცილაურად დაუცველების გვერდით ვდგავარ, ვიცი მათი ყოველდღიურობა. ახალი ხელისუფლების დიდი იმედი გვქონდა მთელ საქართველოს, ვამბობდით, რომ დრო სჭირდებათ და ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ საკამოდ დიდი დრო გავიდა მას მერე რაც ხელისუფლებაში არიან და ახალი მათზე უკვე აღარ ითქმის, მე არ ვაქებ წინა ხელისუფლებას, არასოდეს ვიყავი მათი მხარდამჭერი, მაგრამ ყველა ხელისუფლების დროს ვაკეთებდი ერთი და იგივე საქმეს - ეს იყო სოციალურად დაუცველი ადამინების დახმარება, მათი პირობების გაუმჯობესება, აქედან გამომდინარე, ვიცი ვის როდის როგორ უჭირდა. სამწუხაროდ, იმატა გასაჭირმა და გაჭირვებულებმა. გეტყვით ერთ მაგალითს, ადრე ხალხს მეორადი ტანსაცმელი არ მიჰქონდა, როცა ვეუბნებოდით, მოდით და წაიღეთ მეორადი ტანსაცმელიო - უკადრისობდნენ, ახლა გვეხვეწებიან, ტანსაცმელს როცა დაარიგებთ, არ გამომტოვოთ, მჭირდება ბავშვებისთვის ვერ ვყიდულობთო - ეს ხომ პირობების გაუარესებაა.

-თქვენ 1 ოქტომბრის არჩევნებზე საკმაოდ აქტიურად დადიოდით რაიონებში მსახიობების, სპორტსმენების და სხვა ცნობილი ადამიანების ჯგუფთან და აგიტაციას ეწეოდით „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, თუმცა რამდენიმე დღის წინ თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში  ასეთი  სიტყვები წავიკითხე - "საქართველოში არ მახსოვს ისეთი მთავრობა, რამე თქვა და მერე ის შეასრულა". ეს ამ მთავრობასაც ეხება?

- კი, აქტიურად დავდიოდი და რა არ გადავიტანე როგორც ყველა „მეოცნებემ“, დიდი და გრძელი გზა გავიარეთ... მე უფრო მეტი პერიოდი რეგიონებში ვმოძრაობდი და ვეწეოდი აგიტაციას მსახიობების ჯგუფებთან ერთად. დღე და ღამე ერთიანი იყო, ვის ეცალა დასაძინებლად ან როგორ დავიძინებდით, ისეთი დაძაბული სიტაუაცია იყო, ვინ როდის დაგესხმებოდა თავს არ იცოდი... მაგრამ დავამტკიცეთ  1 ოქტომბერს, რომ ბრძოლად ღირდა! არაფრის გვეშინოდა, მართლაც რომ სიცოცხლის ფასად ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად, ეს ჩიხი იყო წინა ხელისუფლება - „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც „ვარდებით მოსული“, წურბელად გადაექცა ქვეყანას და აი, 1 ოქტომბერს დადგა ნანატრი გამარჯვება, დიდი და პატარა ვზეიმობდით, ეს მართლაც ხილული სასწაული იყო, მაგრამ რა, რა მოხდა მერე?!. პირველი, რაც დიდი იმედგაცურება მივიღე, ეს იყო საკუთარი „მეოცნებეების“ უარყოფა, მათთვის „ჩანერგილების სახელის“ შერქმევა, მათი შრომის წყალს გაყოლება, ეს იყო შოკი ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემს გვერდით იბრძოდა, უამრავი ახალგაზრდა საკუთარი სისხლის ფასად იდგა „ოცნების“ გასამარჯვებლად, არ ეშინოდათ სიკვდილისაც კი და ამ ახალგაზრდებს „ჩანერგილები“ უწოდეს, ეს ახალგაზრდები უარყვეს! აქედან დაიწყო ბზარი, მეგონა გამოასწორებდნენ, ამ ხალხს ბოდიშს მოუხდიდნენ და გამოიკვლევდნენ მართლა იყვნენ ჩანერგილები თუ არა, მაგრამ ამაოდ!

არავინ ბოდიში არ მოიხადა და უფრო მეტიც, „ქართული ოცნება“ ნამდვილი მეოცნებების ნაცვლად „პორტირებული ნაციონალებით“ შეანაცვლეს... გავიხსენოთ სოციალური დაპირებები, მე პირადად, „ოცნების“ პროგრამიდან გამომდინარე ვპირდებოდი მოსახლეობას უკეთესობას და მოვატყუე. ის პირობაც კარგად მახსოვს, რასაც ვპირდებოდით, მე არაფერს ვიგონებდი, არაფერს ვამატებდი, რასაც პროგრამა მაძლევდა უფლებას, იმის აგიტაცას ვეწეოდი, მაგრამ ახლა ზოგ რამეზე საუბრობენ, რომ ამას არ დაგპირებივართო... მე უფრო სოციალური საკითხი მხიბლავდა, მიხაროდა, რომ ხალხს ეშველება-მეთქი, მაგრამ რა?  ხალხს ისევ შია , ქუჩაში ისევ მშიერი მოხუცი და ბავშვი დადის, ოჯახებში ისევ გასაჭირია, ამიტომ ვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში:  არცერთი მთავრობა არ ასრულებს დანაპირებს-მეთქი!..

-  „დღეს საქართველოს მოსახლეობას პოლიციის აღარ ეშინია. მათ აღარ ეშინიათ ჩვენი ხელისუფლების. პოლიცია გახდა აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული. ჯარი აბსოლუტურად დეპოლიტიზირებულია. ვერც ერთი ადამიანი ვერ დამისახელებს ერთ ფაქტს, რომ პოლიციამ ან ჯარმა შეასრულეს პოლიტიკური დავალება“, „პოლიტიკური წნეხისგან პროკურატურაც თავისუფალია ჩვენ პირნათელი ვართ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე. იმაზე მეტი გავაკეთეთ და იმაზე მეტი დანაპირები შევასრულეთ, - ვიდრე დავპირდით“ - ეს პრემიერის მიერ რამდენიმე დღის წინ ნათქვამი სიტყვებია, თქვენ რას იტყვით?

-კი, ის შიში აღარ არის, რაც წინა ხელისუფლების დროს სუფევდა,  პოლიცია დეპოლიტიზირებულია, სასამართლოზე რა გითხრათ, ჯერ კიდევ არ მგონია სრულიად თავისუფალი ვუწოდოთ, შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთლად ხელგახსნილი ვერაა. ჯარი თავისუფალიაო, ესკი, ბატონო, გასაგებია, ესეც არ უნდა გაკეთებულიყო? აბა რისთვის არ გვინდოდა წინა ხელისუფლება? ამიტომ არ დავუპირისპირდით ერი და ბერი სააკაშვილის რეჟიმს? მაგრამ რაც შეეხება დაპირებას მხოლოდ პოლიციის, ჯარის და სასამართლოს თავისუფლებაზე არ იყო აგებული, სხვა დაპირებებიც იყო და იმ სხვაზეა მისახედი, რომ ცოტათი მაინც გაუმჯობესდეს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა... არც სამართლიანობის აღდგენის დაპირება დავიწყებია ხალხს და საკმაოდ სამართლიანად ითხოვს საზოგადოება კითხვებზე პასუხის გაცემას, სამართლიანობის აღდგენას...

-საზოგადოებისთვის მწვავე თემა - ანტიდისკრიმინაციული კანონი. ერთი ქალი ამბობდა, ჩვენი წინაპრები საფლავში ტრიალებენო...

- ამ კანონის დაკანონებით ვფიქრობ, რომ უბედურება დაიწყო, საფლავში მართლაც გადატრიალდნენ ჩვენი წინაპრები, ქართველი მეომრები, მებრძოლები, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი კულტურა და ზნეობა ქართულია და ამ კანონის მიღებით, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ამბობენ, არაფერი განსაკუთრებული არ წერია მაგ კანონში და არაფერი გვემუქრებაო, კარგი, ბატონო, უნდოდათ და მიიღეს, ხალხს ვინ მოუსმინა, არადა ხომ ამბობდნენ - მთავრობა ხალხის წინაამღდეგ არ უნდა წავიდესო, ხალხს რაც უნდა ის გვინდა ჩვენცო, კარგად გამოჩნდა, რომ რაც ხალხს უნდა, ეს მათ არ მოუნდათ.

-თქვენ თქვით ხალხი ტკივილისა და შიმშილისგან იტანჯებაო.

-რა, ტყუილია? არ იტანჯება? მკითხონ მე და მივცემ მისამართებს ჩემი ბენეფიციარი ოჯახების, მივიდნენ და ნახონ მცირეწლოვანი ბაშვები სად ცხოვრობენ, რა პირობებში არიან, როგორ უჭირთ, როგორ სტკივათ, ხომ არ სჯობია ამათ მივხედოთ და ეს ბავშვები ავღზარდოთ ჯანსაღ პირობებში და შევუქმნათ ადამინაური ცხოვრების პირობები?

- ხომ არ ნანობთ „ქართული ოცნების“ აგიტაციას რომ ეწეოდით?

-არ ვნანობ იმას, რომ წინა ხელისუფლებისგან გავნთავისუფლდით, მიუხედავდ იმისა, რომ წინა ხელისუფლება მე არაფერს მერჩოდა, მე ყველა მთავრობაში ჩემს საქმეს ვაკეთებ, ჩემი საქმე სიკეთეა და ხალხის გვერდში დგომა და ამის  გამო არავინ ისჯება. მადლობა ბიძინა ივანიშვილს,  რომ შეძლო და მთავრობა შეცვლა, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი არაა! დღემდე პოლიტიკური ომია ქვეყანაში, როდემდე უნდა იყოს ეს პოლიტიკური ომი? როდის უნდა აღორძინდეს კულტურა, შოუ-ბიზნესი, როდის უნდა დადგეს კულტურული ღონისძიების დრო და საერთოდ, როდის უნდა გავთავისუფლდეთ ორი დაპირისპირებული მხარის გაწევ-გამოწევისგან. მიშას გამგზავრება და “ნაციონალების“ გვერდზე გაწევა საქმეს არ შველის, „ნაციონალები“ თუ გვერდით გადაიწივნენ, „ქრთულიოცნების“ რიგებში დაბანაკდნენ, რადგან ოცნებამ გზა გაუხსნა და შემოუშვა მათ რიგებში, კარგადაც მოჯდნენ, ასე რომ კი არ გადაიწიეს, მგონი შემოწიეს უფრო შიდა სამზარეულოში.

დროა ხალხს მიხედონ, დროა წინა პლანზე წამოწიონ საზოგადოებრივი ინტერესები და საზოგადოების პრობლემები, თორემ მართლა დაიწყება სინანული და ამ სინანულს მოჰყვება იგივე, რაც განიცა და წინა ხელისუფლებებმა!

- „ოცნების“ მხარდაჭერისთვის არა ერთი პრობლემა შეგექმნათ...

-კი, უმარავი პრობლემა შემექმნა, მაგრამ ყველა პრობლემა გადავლახე, მართალი კაცი გზას ყოველთვის პოულობს და ყველაფრის მიუხედავად დავძლიე პრობლემებიც, მე მაინც ვამაყობ, რომ ჩემი სამოქალაქო ვალდებულება მოვიხადე,იქ ვიდექი, სადაც ჩემი ერი იდგა! სადაც უმრავლესობა იყო, ბრძოლას არ ვნანობ, მაგრამ ომში მებრძოლებს დაფასება სჭირდება, ჯარისკაცი უნდა დააფასო და აგრძნობინო, რომ მადლიერი ხარ მისი, ჯარს შენარჩუნება სჭირდება, გაძლიერება, რომ უკეთ დაგიცავს!

-დღეს თუ წახვალთ აგიტაციის გასაწევად?

-არა, არა, არ წავალ, სად უნდა წავიდე? იქ, სადაც ვიყავი, არა  მგონია მოსახლეობამ ისევ დამიჯეროს და ისევ ისე თბილად მომისმინოს. რაღა დავპირდე ხალხს? რაც დავპირდით, იმის პასუხს ჩვენ გვთხოვენ, ჰკითხეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად ხვდებოდნენ მოსახლეობას და გაიგებთ, რომ მართალს ვამბობ.

-დღეს ხალხი დაბნეულია (ისევ მათი მონაწერებიდან გამომდინარე, გეუბნებით) არ იცის ვის მისცეს ხმა, ისინი ამბობენ, რომ უსაფუძვლო მოლოდინმა დაღალა, თქვენ როგორ ხედავთ, ჩანს სხვა რეალური ძალა, რომელსაც გამარჯვების შანსი ექნება?

-რთული კითხვაა. მე პირადად უკეთესი არ მეგულება, ვერავის ვხედავ ამ ეტაპზე, ისევ “ნაციონალები“ არ მინდა! ღმერთმა არ დააბრუნოს ისინი! იმედია „ქართული ოცნება“ შეცდომებს გამოასწორებს, იმედია ხალხზე იფიქრებს და თავის მოქალაქეებს მოუსმენს... ხომ იცით, ქართველი კაცი თავისი ბუნებით ოპტიმისტია, მეც ასე ვუყურებ ამ საკითხს და კიდევ ძალიან მინდა მართლა ასე მოხდეს, რადგან მეც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის „ოცნების“ გამარჯვებაში.

-თქვენ კარგად იცით წინასაარჩევნოდ შექმნილი დაპირისპირებები, კარგად გახსოვთ ის სახეებიც, რომლებიც თუნდაც თქვენ როგორ დაგსდევდნენ მანქანით და სიცოცხლისთვის საფრთხესაც გიქმნიდნენ, ახლა, როცა მათ „ოცნების“ რიგებში ხედავთ, რაგორი გძნობა გეუფლებათ?

-მე სწორედ ამაზე ვთქვი, რომ ჩემთვის ეს შოკი იყო, პირველი იმედგაცრუება! ალბათ იტყვის ამ სტატიის მერე ხელისუფლება, რატომ არის კინწურაშვილი განაწყენებულიო, რა დავუშავეთო, ხოდა მეც აქვე გავცემ პასუხს - მე და ჩემს მეგობრებს სიცოცხლის ფასად გვიწევდა „ოცნების“ გასამარჯვებლად ბრძოლა, მახსოვს, როცა შტაბიდან შუაღამეს გვიწევდა მე და მსახიობ ზურა ჟღენტს სახლში დაბრუნება, რომელიც შტაბიდან იყო 7 კილომტერში, სულ დაძაბულები ვიყავით, არ ვიცოდით რომელი მხრიდან ტყვიას გვესროდნენ, რომელი მხრიდან ქვას და რომლიდან ლოდს... სულ იმის შიში გვქონდა, ან ახლა გამოგვივარდება ისევ მანქანა, ან ახლა და გადაგვჩეხავსთქო... სახლშიც კი გვითვალთვალებდნენ, მარტო ჩვენ კი არა, ასე იყო ყველა... ეს ერთ და ორ დღეს კი არა, თვეების მანძილზე გრძელდებოდა, არც ერთ აქტივისტს არ ჰქონდა იმის გარანტია, რომ დილით სახლიდან გასული საღამოს ისევ სახლში დაბრუნდებოდა. უმძიმესი გასახსენებელია ის პერიოდი, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ეს საშინელება იყო, მაგრამ გადვრჩით, იმიტომ, რომ უკან არ დავიხიეთ, შიში არ დავანახეთ, რქები დავიდგით და რქებით ვეჭიდავეთ და ამით მოვუტანეთ „ოცნებას“ ოცნების ასრულება, ამ ყველაფრის მერე რომ იგებ და ხედავ, რომ შენი თანამებრძოლები გაყარეს „ოცნების“ რიგებიდან და ჩანეგრილები უწოდეს მათ და მათ ნაცვლად იმ ადამიანებით შეავსეს მათი რიგები, რომელიც დაგვსდევდნენ, გვდევნიდნენ, გვავიწროვებდნენ, ეს აღმაშფოთებელია! გულგატეხლი? საშინელი გრძნობა მეუფლება გულისტკივილი და იმედგაცრუება!

-და ბოლოს, საით მივდივართ?

-არ ვიცი საით მივდივართ ევროპისკენ თუ რუსეთისკენ თუ საერთოდ სად გზა ჩახერგილია და ბუნდოვანი, დაპირებები კი გრძელდება,  არის პოლიტიკური ომი, მხოლოდ ორი ძალის - „ოცნების“ და „ნაციონალების“ ჭიდილს ვუყურებთ, „ჯიუტ თხებს“ რომ ჰგვანან თავისი საქციელით.

-რა გინდათ და რას ელით?

-მინდა ქართული გზით ვიაროთ, სადაც არ უნდა შევიდეთ, დავრჩეთ ქართველები, დაგვრჩეს ქართული ღირებულება და ქართული ზნეობა, ქართული კულტურა - ეს გზა მინდა. რას ველი? ველი, რომ ჩვენი ხელისუფლება თავის შევდომებს გააანალიზებს, რომ თავისი მოქალაქეების გვერდით დადგება და დანაპირების ასრულებაც დაიწყება. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება, იმედია ისევ ქუჩაში არ გამოგვიყვანენ და ისევ ახალი ძალის ძებნას არ დაგვაწყებინებენ, ეს არჩევნებიც გაივლის და ველი ერთ მუშტად შეკრულ „ქართულ ოცნებას“. ვნახოთ რა გზაზე დაგვაყენებს, არ მოგვეწონება - არ წავალთ, მოგვეწონება და გავყვებით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: