დღეს "ქართული ოცნება" ზუგდიდში კანდიდატებს დაასახელებს
დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის მასშტაბით კოალიცია "ქართული ოცნების" გამგებლობის და საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. ზუგდიდის ცენტრალური მოედანი დილიდან გადაკეტილია, შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
როგორც სამეგრელოდან "ივერიონს" სპეციალური კორესპოდენტი თაზო ბენიძე ატყობინებს, ზუგდიდში შეხვედრაზე დასასწრებად სამეგრელოს ყველა ქალაქიდან ჩადიან მხარდამჭერები.
ამ დროისთვის აბაშიდან აქტივისტები ჯერ კიდევ არ გამგზავრებულან. შეხვედრაზე დასასწრებად აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებიც მიდიან.
აბაშიდან "ქართული ოცნების" ორი მხარდამჭერი ჯგუფი მიემართება ზუგდიდისკენ, როგორც ჩვენი კოპესპოდენტი იუწყება, ერთ ჯგუფს "ოცნების" ყოფილი აქტივისტები წარმოადგენენ, რომლებიც ემიჯნებიან აბაშის რაიონულ ორგანიზაციას, მაგრამ მხარს უჭერენ გამგებლად წარდგენილ კანდიდატურას. ამ ჯგუფს დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატები უჭერენ მხარს.
რაც შეეხება სენაკს, როგორც ადგილობრივი "ქართული ოცნების" შტაბში აცხადებენ, შეხვედრაზე დასწრების მსურველთა ნაწილი უკვე ზუგდიდშია, ნაწილი კი ახლა მიემგზავრება.
ზუგდიდში ღონისძიება ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე 15:30 საათისთვის არის დაგეგმილი, რის გამოც მოედანი დილიდან უკვე გადაიკეტა.
წარდგენის შემდეგ პრემიერი ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვითაც მიმართავს. ღონისძიებას კი სპეციალურად ამ დღისთვის დაგეგმილი კონცერტი დაასრულებს.
"ივერიონი" დღის განმავლობაში სამეგრელოდან უახლეს ინფორმაციებს შემოგთავაზებთ.