ხათუნა ლაგაზიძე: „ხელისუფლება ხარაკირის ტოლფას შეცდომებს უშვებს!“

ხათუნა ლაგაზიძე: „ხელისუფლება ხარაკირის ტოლფას შეცდომებს უშვებს!“

კარსმომდგარ არჩევნებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ივერიონს“ პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება.

- ქალბატონო ხათუნა, ცნობილი გახდა, რომ  საქართველოში გამეფებული დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, ქართული სამინისტროები უზარმაზარი პრემიებით საჩუქრდებიან. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია დასახელებული ციფრები ქართულ რეალობასთან?

- ყველას მოგეხსენებათ, რომ პრემია არის წამახალისებელი საჩუქარი, იმ შემთხვევაში, როცა ესა თუ ის ადამიანი შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე იმსახურებს ამას. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია მისცე მას პრემია, რადგან სტიმულის გარეშე არ უნდა დატოვო მისი გარჯა. აგრეთვე,  ის არ უნდა გაუთანაბრო სხვას, რომელიც გაცილებით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს თავისი ქვეყნის აღმშენებლობაზე.

 უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს პრემია ეკუთვნით არა მხოლოდ მათ, არამედ იმ ადამიანებსაც, ვისი მიზეზითაც მან ეს დაიმსახურა. ეს ნიშნავს, რომ ის მომავალში მეტს იზრუნებს ამ საზოგადოებისათვის. დღეს  ვუყურებ, რა პირობებში გაიცა ეს პრემიები და მოკვირს, საზოგადოების ყოფა დაღმა მიდის, მინისტრების - აღმა და არავითარი პოლიტიკური თუ ზნეობრივი მორალი არ უკანკალებთ ხელს. აქ  საეჭვოდ ჩნდება კითხვა, რა იმალება ამ პრემიების მიღმა, არის თუ არა ის ჯოლდო რაიმე არაკანონიერი ქმედებისთვის? რატომ, რის გამო გაიცა პრემიები, როცა მინისტრებს ხალხის წინაშე არანაირი დამსახურება არ მიუძღვით?!

- თქვენი აზრით, როგორ ჩაივლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შესაძლებელია თუ არა მეორე ტურის გამართვა თბილისსა და რეგიონებში  თუ ,,ქართული ოცნება“  პირველივე ტურში დააყრევინებს ფარ-ხმალს მოწინააღმდეგეს?

- ხელისუფლება ხარაკირის ტოლფას შეცდომებს უშვებს. მე არ ვიცი, როგორ უნდა მოინდომო,  რომ ასეთი სწრაფი ტემპით დასცე შენი რეიტინგი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლების მონაპოვარი იყო სიტყვისა და აზრის გათავისუფლება მარწუხებისგან, მათ მაინც გაილაშქრეს მედიაზე, თუმცა ეს  გამარჯვებაში ხელს არ შეუშლით, რადგან ოპოზიცია სუსტია.

ქართული დემოკრატიის გამარჯვება ის იქნებოდა, თუ რამდენიმე ქალაქსა და რაიონში მეორე ტური დაინიშნებოდა - ეს გაამყარებდა ხელისუფლების იმიჯს და დაამტკიცებდნენ, რომ ისინი არ იკადრებენ გაყალბებას. სავარაუდოდ,  საკრებულოები 3-წევრიანი იქნება - ,,ქართული ოცნება“, ,,ნაციონალური მოძრაობა“ და ,,ბურჯანაძის ალიანსი“.

- რა ინფორმაცია გაქვთ კოალიციაში არსებულ შიდადაპირისპირებაზე?

- ეს დაპირისპირება ყოველდღიურად აშკარაა. ძალიან ბევრია ისეთი მედია, სადაც ერთი მინისტრი მეორის წინააღმდეგ სტატიებს უკვეთავს. იმის ნაცვლად, რომ ენერგია სახელმწიფოს მოახმარონ, ერთმანეთის საწინააღმდეგო პიარკამპანიაში კარგავენ დროს.

- არჩევანი ევროპული თუ რუსული! შეუძლია თუ არა ხელისუფლებას ორ პოლუსს შორის დაარეგულიროს ვითარება?

- ეს არჩევანი არ არის, ევროპა დამოუკიდებელი საქართველოს მომავალია. წინააღმდეგ შემთხვევაში,  განმეორდება უკრაინის სცენარი და მერე ასარჩევი დემოკრატიასა და მონობას შორის გაგვიხდება. თუ ევროპასთან ასოცირების დოკუმენტზე ხელმოსაწერად ხელი შეგვეშალა, ეს იქნება საქართველოში  რუსული ინტერვენციის წინაპირობა!

- პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ღიად განაცხადა, რომ სახელმწიფოს ბიბლიით მართვა შეუძლებელია. რა იმალება ამ სიტყვების მიღმა?

- ბიბლიით, რა თქმა უნდა, თანამედროვე სახელმწიფო არ იმართება, მაგრამ კონსტიტუცია ხომ ბიბლიის გათანამედროვებული საფუძვლებია?! მიმაჩნია, რომ  ჩვენი სახელმწიფო უნდა იდგეს მორალურ-ზნეობრივ ღირებულებაზე, რომელიც მოდის ბიბლიიდან და მართლმადიდებლობიდან.

 

                                                      ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: