ქუთაისში მენინგიტის გამო ბაღები იკეტება
ქუთაისში მენინგიტის შემთხვევა ამჯერად ქალაქის რამდენიმე კერძო ბაღში დაფიქსირდა. ინფორმაციას მენინგიტის შესახებ ადასტურებენ მე-8 და მე -14 კერძო ბაღების მფლობელები, ხოლო აღნიშნული ბაღების დირექტორები თავად შეეხმიანნენ აღსაზრდელების მშობლებს და დაწესებულების დატოვება მოსთხოვეს , მათ თქვეს, რომ ბაღები არაუმეტეს 3 დღის ვადაში ისევ აღადგენს ფუნქციონირებას, მანამდე კი დეზინფექცია ჩატარდება საძინებელ ოთახებში და კოლიდორებში, ასევე საპირფარეშოებში და ბავშვებისთვის განკუთნილ სათამაშო ოთახებში.
ბაღების ადმინისტრაცია მოუწოდებს აღსაზრდელების მშობლებს, რომ მოარიდონ ბავშვები სილაში თამაშს და დაიცვან სისუფთავე, რათა ეპიდემია არ მოედოს ქალაქს.
შეგახსენებთ : ვირუსული მენინგიტის დიაგნოზით 10 და ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზით 8 პაციენტია მოთავსებული ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში. დაავადებულები ძირითადად 4 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები არიან. ყველას გულისრევის შეგრძნება, ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, პაციენტთა მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ვირუსული მენინგიტის შემთხვევების რიცხვი კი საუბედუროდ გაზრდილია.
დავით ცხვარაძე