ნანა დევდარიანი: „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილო ხალხი შეიძლება „ნაციონალებში“ დაბრუნდეს ან მესამე პოლიტიკურ ცენტრში გადაჯგუფდეს!

ნანა დევდარიანი: „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილო ხალხი შეიძლება „ნაციონალებში“ დაბრუნდეს ან მესამე პოლიტიკურ ცენტრში გადაჯგუფდეს!

გვესაუბრება ჟურნალისტი და პოლიტიკური ექსპერტი ქ-ნი ნანა დევდარიანი

- ქალბატონო ნანა, საზოგადოებაში არაერთგვაროვნება გამოიწვია ლევან ვასაძის  მიმართვამ ხელისუფლებისადმი, რომელიც მან ქორთიარდ მარიოტში გააჟღერა.  როგორ ფიქრობთ, გადაეშვა თუ არა ვასაძე პოლიტიკაში და გამოიწვევს თუ არა ეს მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას საქართველოში?

- როცა რომელიმე ჩვენგანი რაღაცას ეწინააღმდეგება ან ებრძვის, მაშინვე ამბობენ, რომ პოლიტიკურიაო.  ვინ დაუშლის  ლევან ვასაძეს პოლიტიკაში ჩართვას,  თუ მოინდომებს -  რა, არ აქვს მოქალაქეობრივი აქტივობის უფლება?!  

რა გასაკვირია, რომ მისი ცხოვრების წესისა და შვილების მამას ეუცხოება ეს კანონი! ლევან ვასაძის უფლებაა, თუ უნდა სხვა პარტიებთან ითანამშრომლებს ან თვითონ შექმნის მას.  

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“  ყველას თავი მოაბეზრა, მაგრამ შეიძლება,  „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილო ხალხი ისევ იქ დაბრუნდეს ან მესამე პოლიტიკურ ძალაში გადაჯგუფდეს. ალბათ გახსოვთ, ,,რესპუბლიკელებმა“ პირველებმა გააქილიკეს  ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა, მაგრამ ორ კვირაში თავად შეუერთდნენ მის კოალიციას!.. 

-ლევან ვასაძემ  ხელისუფლებას ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ჯერ ერთი, რამდენადაა ამისთვის მზად  დღევანდელი პარლამენტი, რომ  უარი თქვას ევროპულ არჩევანზე და, მეორე, ამ კანონის გაუქმება, ხომ არ გამოიწვვს ავტომატურად რუსეთის ორბიტაზე გადასვლას?

-სააკაშვილის მთავრობაში ბევრს ქონება და ფული რუსეთში ჰქონდა ნაშოვნი. მე არ ვიცნობ არცერთ ქართველს, რომელსაც ფული ევროპაში უშოვია.  წამყვანი ექიმები, საოპერო მომღერლები, ბიზნესმენები თუ კომერსანტები რუსეთში მოღვაწეობით შოულობენ ფულს და რა ვქნათ ახლა, რუსეთუმეს იარლიყი მივაწებოთ ამ ადამიანებს?!

რუსეთი და საქართველო კი არა, იუდეველები და კათოლიკეები ეწინააღმდეგებიან ამ კანონს, რადგან არ შეიძლება ეკლესიურ ქორწინებად აღიარო ჩვეულებრივი და გეიქორწინება. ვასაძისა და ლორთქიფანიძისთვის ეს წარმოუდგენელი რომ არის, გიკვირთ? მე არ მიკვირს, რადგან ვასაძეს, თუ შეხედავთ, მიხვდებით, რომ ქართველუმეა!!!

-დღეს ბევრს დაობენ იმაზე, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას - საქართველოს პრეზიდენტმა თუ პრემიერ-მინისტრმა. როგორც მოსალოდნელი იყო, აზრი  ორად გაიყო და ყველას თავისი არგუმენტი გააჩნია.

-მე თუ მკითხავთ, მნიშვნელოვანი არც არის, ვინ მოაწერს ხელს.  ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს არ უჩნდება კითხვა, რას მოიტანს ამ ფუჭ დოკუმენტზე ხელმოწერა. რა ჰგონიათ, ევროპელები აქ ჩამოვლენ და ჩვენს ვაშლებს ძვირად იყიდიან?  ამ ხელისუფლებამ რომ გაიმარჯვა, ხომ შეუზღუდეს პრეზიდენტს უფლებები. აბა, ახლა რომ მოუნდა მარგველაშვილს ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, კენჭს რომ იყრიდა , შეზღუდულ უფლებებზე არ ფიქრობდა?!

-ქალბატონო ნანა, ცნობილი გახდა, რომ , საქართველოში გამეფებული დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, ქართული სამინისტროები უზარმაზარი პრემიებით საჩუქრდებიან. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია დასახელებული ციფრები ქართულ რეალობასთან?

-ამაზე საერთოდ როგორ შეიძლება ლაპარაკი! რა გააკეთეს ისეთი, ამხელა პრემიები რომ გამოიწერეს! რა უტიფრობაა, გამოიხედონ, ხალხი შიმშილობს, თავიანთი ყოფა რომ გაიუმჯობესეს, ხალხსაც გაუუმჯობესეს?  მარტოხელა პენსიონერები 150 ლარის ამარა არიან. რომელ ევროპაში მიდიან ესენი?!

-ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნები ძველი საარჩევნო სიებით უნდა ჩატარდეს. თქვენ რამდენად ენდობით მამუკა კაციტაძის მიერ დაზუსტებულ  და ,,ქართული ოცნების“ მიერ ჩასწორებულ საარჩევნო სიებს?

-ძალიან ვხალისობ ამაზე! ადრე სიაში იმაზე გაცილებით ნაკლები ამომრჩეველი იყო, ვიდრე დღესაა. გამოდის, რომ უბარტყია ამ სიებს, თორემ სად გვყავს ამდენი ამომრჩეველი? გიორგი ვაშაძე დღეს უკრაინაში დადის და იქაურებს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად იუსტიციის სახლების მშენებლობას ასწავლის, არადა მის დროს პასპორტები პასპორტებზე ყალბდებოდა!

-სალომე ზურაბიშვილმა ნინო ბურჯანაძეს ,,უსამართლობის პრინცესა“ უწოდა და ის საქართველოს  რუსეთთან დამონების მცდელობაში დაადანაშაულა. მამუკა კაციტაძემ კი მესამე კოჰაბიტირებულ ძალად გამოაცხადა. თქვენ როგორ შეაფასებთ მათ  პოზიციას?

-ჯერ ერთი, სალომეს რომ უსმინო, მისი დამსახურებაა საქართველოდან რუსის ჯარის გაყვანა, არადა ეს სტამბოლის სამიტმა გადაწყვიტა 1999 წელს. მეორე, როცა 2008 წლის აგვისტოს ომი მოხდა, ბურჯანაძე ხელისუფლებაში არ ყოფილა, ხოლო უფრო ადრეულ  წლებში, ხელისუფლებაში ყოფნისას,  მაქსიმალურად უშლიდა ხელს ამ ომს. ე.ი. ბურჯანაძე შემკავებლის ფუბქციას მაინც ასრულებდა. მამუკა კაციტაძე ნურაფერს ილაპარაკებს, რა, ისეთი კოჰაბიტაცია გამოიჩინა საარჩევნო სიების ,,დაზუსტებისას“.

-როგორ ფიქრობთ, ვის რა შანსი აქვს ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებზე?

-ვერც ,,ოცნება“ გაიმარჯვებს ტრიუმფით და ვერც ,,ნაციონალები“ მოახერხებენ რეაბილიტაციას - არასაპარლამენტო ოპოზიციას კი გამარჯვების შანსი არ აქვს. კახა კუკავას და ,,ახალი მემერჯვენეების“ კავშირი, საერთოდ , როგორ უნდა გაამართლო! მათ გამრჯვების შანსი ბურჯანაძესთან გაერთიანებისას შეუნარჩუნდებოდათ. ვფიქრობ, მეორე ტურში ლორთქიფანიძე და ნარმანია შეებრძოლებიან ერთმანეთს.

- პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ღიად განაცხადა, რომ სახელმწიფოს ბიბლიით მართვა შეუძლებელია. რა იმალება ამ სიტყვების მიღმა, ეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონფრონტაციას ხომ არ გააღვივებს?

-ძალიან ცუდი, თუ ბიბლიით არ იმართება. ნებისმიერი კონსტიტუცია, თუ ბიბლიაზე არ არის დაფუძნებული, ბოროტების სამსახურში შეიძლება იყოს. ეს პირდაპირ იმას კი არ ნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამბიონზე უნდა იდგეს და სახარების თავებს კითხულობდეს!  თუ ევროპა პატივს არ სცემს ქრისტიანულ კულტურასა და ღირებულებებს, ესე იგი, მან დაივიწყა ქრისტიანული ფესვები.

-NDI-ის კვლევის თანახმად, ირაკლი ალასანიას რეიტინგი გაცილებით მაღალია ირაკლი ღარიბაშვილისაზე. რაზე მეტყველებს ეს შედეგი?

-მე სარწმუნოდ არ მეჩვენება ეს კვლევა, თუმცა,  სიმპათიური გარეგნობის გამო, ალასანია მოიგებდა, თავდაცვაში არაწარმატებულია - მის  განცხადებას,  ნატოს თავდაცვითი შეიარაღების საქართველოში განთავსების შესახებ, შეუძლია რუსეთი აღაშფოთოს. ისე, ალასანიას უნდოდა პრეზიდენტობა, ამის გამო მერის პოსტი დაკარგა. ,,რესპუბლიკელები“  და ალასანია ყველაზე ახლოს არიან ,,ნაციონალებთან“  და ალასანია  მის გირებს თუ წამოიკიდებს, ჭაობში აღმოჩნდება.

-როგორი ბალანსი უნდა შეინარჩუნოს საქართველომ რუსეთთან, ევროპა რომ არ დაკარგოს?

-ჩვენი ხელისუფლება ,,ნაციონალებს“ ,,ეჯიბრება“  რუსეთთან უხეშ დამოკიდებულებაში. სააკაშვილი შლეგი იყო და ხალხს არწმუნებდა, რუსეთის ნაცვლად წარმოიდგინეთ, რომ იქ ოკეანეაო. სამშობლო ხომ ბინა არ არის , გაყიდო და გადაცვალო, რუსეთი ჩვენი მეზობელია და უნდა ვემეზობლოთ, თორემ ევროპის იმედად ყიფნა რაც არის, კარგად გამოჩნდა უკრაინაში!

 

ესაუბრა ია ჯღარკავა  

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: