გიორგი ლაღიძე: ,,ვასაძე თავისი ,,პრორუსულობის” გამო ბევრ პრობლემას წააწყდება და ამისთვის მზად უნდა იყოს!“

გიორგი ლაღიძე: ,,ვასაძე თავისი ,,პრორუსულობის” გამო ბევრ პრობლემას წააწყდება და ამისთვის მზად უნდა იყოს!“

,,ივერიონს“ ესაუბრება პოლიტიკური პარტია ,,მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე.

 

-ბატონო გიორგი, რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე, როგორც პოლიტიკოსზე,  ლევან ვასაძის ცნობილმა მიმართვამ ხელისუფლებისადმი? როგორ ფიქრობთ, გადაეშვა თუ არა ვასაძე პოლიტიკაში და გამოიწვევს თუ არა ეს მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას საქართველოში?

-მინდა გითხრათ, რომ დღეს ბევრს შესტკივა გული საქართველოში არსებულ ვითარებაზე. რაც შეეხება ლევან ვასაძეს, მე ვიცნობ მას, როგორც პოლიტიკასთან ყოველთვის დაახლოებულ პიროვნებას, მათ შორის თავისი ფინანსებითაც. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან  ახლობლობით და ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ მისი გალაშქრება გასაკვირი არ არის. 

მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ის გამოვიდეს კულისებიდან და, მხოლოდ სხვა პარტიების დამფინანსებლად კი არ მოგვევლინოს, არამედ თავადაც ჩამოაყალიბოს პოლიტიკური პარტია. 

  თუ გაინტერესებთ, ვინ დაუჭერს მას მხარს, ადვილი მისახვედრია, ვინაიდან ქართულ ეკლესიას საქართველოს მოსახლეობაში  აქვს უზარმაზარი ავტორიტეტი, იგი შეეცდება თავის გარშემო შემოიკრიბოს პატრიოტები, თუმცა ამას მხოლოდ მატერიალური რესურსით  ვერ შეძლებს. მიზეზი ის არის, რომ იგი ჯერ არ არის მომწიფებული ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად.  ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, მაგრამ ხალხს მის წინააღმდეგ ჯერ გამოსვლა არ მონდომებია. 

ლევან ვასაძის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის სურვილის ერთ-ერთი მიზეზი ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებაც შეიძლება იყოს.

-რამდენადაა მზად  დღევანდელი პარლამენტი, რომ საკუთარი გადაწყვეტილება უკან წაიღოს და უარი თქვას ევროპულ არჩევანზე და, მეორე, ამ კანონის გაუქმება, ხომ არ გამოიწვვს ავტომატურად რუსეთის ორბიტაზე გადასვლას?

-მოდით ასე გიპასუხებთ, მე ორი დღის წინ მოვისმინე ლევან ვასაძის განცხადება პარლამენტის დაშლის აუცილებლობის შესახებ, რაც შეუძლებელია ქუჩაში მასობრივი პროტესტის გარეშე. 

ის ფაქტი, რომ ვასაძე რუსეთში ბიზნესსაქმიანობს და ფულიც იქ იშოვა, ბევრისთვის მისი პრორუსულობის გარანტია. 

საქართველოში პოლიტიკური საქმიანობისას ის დიდ პრობლემებს წააწყდება და ამისთვის მზად უნდა იყოს.

-NDI-ის გამოკვლევების მიხედვით, ალასანია მაღალრეიტინგულ პოლიტიკოსად დასახელდა. თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?

-ეს იმაზე მიუთითებს, რომ ალასანია ძალიან ესიმპატიურება ევროპას და განსაკუთრებით ამერიკას. ის ასოცირდება ევროპული დონის პოლიტიკოსად, რომლის იმიჯზეც დემოკრატიული ინსტიტუტები ზრუნავენ. უფრო მეტიც, ისინი დიდ ფსონს დებენ ირაკლიზე. რაც არ უნდა თქვან, ალასანია თავისი ხედვით ევროპის თვალში პროდასავლური ორეიენტაციის მატარებელია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში რუსული და ევროპული პოლიტიკის დამბალანსებლად მოიაზრება. ეს შეიძლება იყოს NDI-გან მისთვის მაღალი რეიტინგის მინიჭების ერთ-ერთი მიზეზი.

-კარზე მოგვადგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რა შედეგს ელოდებით და ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ თბილისის მერი ლორთქიფანიძე-ნარმანიას შორის გამარჯვებული გახდება?

-ამას არ ვეთანხმები , თუმცა ის ყბადაღებული კოჰაბიტაცია სწორედ ესაა, რომ ბურჯანაძის კანდიდატს მოიაზრებენ სახელისუფლებო ძალასთან ე.წ. დაპირისპირებულ ძალად! მე ყოველდღიურად 3-4 შეხვედრას ვგეგმავ თბილისის მოსახლეობასთან და ვგრძნობ მათ კეთილგანწყობას ჩემ მიმართ. 

უპირველეს ყოვლისა, თბილისის მერობა არ არის ადვილი საქმე, რაც ჩანს იქიდან, რომ ხელისუფლება  დედაქალაქში ყოველთვის მარცხდება და ,,ქართული ოცნების“ კანდიდატსაც არ აქვს საქმე მარტივად. 

რაც შეეხება ,,ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატებს, მოსალოდნელია, რომ მათ მოიგონ სამცხეთ-ჯავახეთი, სავარაუდოდ, ქვემო ქართლი და ,თუ ძალიან მოინდომებენ, სამეგრელოც!

 

                                                                              ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: