ქალებს სჭირდებათ თანადგომა!
არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობრივი ფაქტების რიცხვის ზრდას გააპროტესტებს. საპროტესტო აქცი საპატრიარქოსთან 17:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი "იდენტობა" განცხადებას ავრცელებს.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საპატრიარქო ვალდებულია ოჯახებში ქალების სრულუფლებიან წევრებად წარმოჩენას და მათ უსაფრთხო არსებობას ხელი შეუწყონ.
-"ქალებს სჭირდებათ თანადგომა! დამნაშავეა სახელმწიფო, რომელიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერაფერს ან არაფერს აკეთებს ქალთა მიმართ ძალადობის წინასწარ აღმოსაფხვრელად. სკოლებში სათანადოდ არ ისწავლება მიმღებლობა და კანონმორჩილება. ჩვენი დაკვირვებით, ოჯახური ძალადობის შემთხვევების დროს გამოძახებულ პოლიციას ეზარება ან არ სურს ადეკვატურად იმოქმედოს, როდესაც ქალთა უფლებების დაცვა ხდება საჭირო. ზოგადად, თითქმის არ ჩანს, აქვს თუ არა შემუშავებული ძალადობისგან ქალთა დაცვის პოლიტიკა სახელმწიფოს. საქართველოს საპატრიარქოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბრმად ენდობა, ეს დაწესებულება მორალურად არის ვალდებული ხელი შეუწყოს ოჯახებში ქალების სრულუფლებიან წევრებად წარმოჩენას და შედეგად, მათ უსაფრთხო არსებობას. ეკლესია უნდა აცნობიერებდეს, რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს საპატრიარქოს მაღალი რანგის სასულიერო პირების საჯარო განცხადებები, რომლებიც ქალებს მამაკაცზე დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნის, ხოლო კაცებს მათზე ბატონობისკენ მოუწოდებენ. სოციუმს ქმნიან ადამიანები, დამნაშავესაც და მსხვერპლსაც"- ნათქვამია განცხადებაში.