ირაკლი სესიაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტითს ფარგლებში, რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა. სესიაშვილმა შეხვედრები პოლონეთის პარლამენტში, სეიმისა და სენატის ეროვნული თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან და ამავე დელეგაციის წევრებთან გამართა.
შეხვედრის ძირითადი თემა, სექტემბერში, უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერის საკითხი იყო.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს პოლონეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.
საუბარი შეეხო ივნისში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ჭრილში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას. პოლონურმა მხარემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილის მთავარ მრჩეველს, აგნიეშკა მაგჯიაკ-მიშევსკას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა და სამომავლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე გაამახვილეს.
ხვალ, ირაკლი სესიაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ქ. კობილკაში დაგეგმილ პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველი ოფიცრებისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის ცერემონიალში. ამავე დღეს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე შეხვედრას, საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის (PISM) დირექტორთან, მარჩინ ზაბოროვსკისთან გამართავს.