"ფოტოსურათიანი საარჩევნო სია გამორიცხავს იმას, რომ ერთმა ადამიანმა ხმა მისცეს ორ ან მეტ ადგილას"
"ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა.. საქართველოს პირველად ექნება ფოტოსურათიანი საარჩევნო სია"
დღეს იუსტიციის სამინისტროში ამომრჩეველთა ელექტრონულ სიებში გაორებების აღმოფხვრის პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა მოქალაქეს, ისარგებლონ უფასო პირადობის მოწმობების ან უფასო ფოტოების აქციით და არჩევნებამდე დარჩენილ დროში ესტუმრონ იუსტიციის სახლს, რათა 15 ივნისს შეძლონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.
პროგრამის შედეგები საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნო.
-"ჩვენ რამდენიმე თვეა, ვასრულებთ დანაპირებს − ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა! და 15 ივნისს საქართველოს პირველად ექნება ფოტოსურათიანი საარჩევნო სია. ეს გამორიცხავს იმას, რომ ერთმა ადამიანმა ხმა მისცეს ორ ან მეტ ადგილას. სწორედ ფოტოსურათიანი სიის შედგენის მიზნით განვახორციელეთ პროექტი, რომელიც დღეს დასრულდა".
წულუკიანმა აღნიშნა, რომ საარჩევნოდ ფოტოსურათიანი სიის მომზადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანხებით განხორციელდა და ბიუჯეტიდან პროექტისათვის არცერთი თეთრი არ დახარჯულა, ბიომეტრიული საარჩევნო სიის ღირებულება კი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი იყო.