თამთა დემურიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის

თამთა დემურიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის

   ტელეკომპანია "TV3"-ის ჟურნალისტი, გადაცემა "მეორე მხარე"-ს წამყვანი თამთა დემურიშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვით ძალიან მალე გადაიჭრება დაფინანსების პრობლემა იმ ბავშვისთვის, რომლებიც უმძიმესი სენით არიან დაავადებულები. 

   -"ეს ლამაზი გოგო, მეგი, ხვალ, 2 ივნისს, ძალიან რთულ ოპერაციას იკეთებს, საერთოდ არ ეშინია, მითხრა: ,,დავიძინებ და რომ გავიღვიძებ, უკვე ყველაფერი დამთავრებული იქნება, არაფერი არ მეტკინება და ამის შემდეგ, კარგადაც გავხდები, არც ქიმია აღარ დამჭირდბა"-ო... ეს ოპერაცია, საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და თანხის ნაწილი მის მშობლებს უნდა მოეძიებინა, შევძელით, მოვახერხეთ, დაგვეხმარნენ და შევაგროვეთ, მაგრამ მალე ეს პრობლემა აღარ გვექნება, იმიტომ, რომ პრემიერმა, დღეს ახალი ინიციატივის შესახებ გვამცნო, არცერთი ბავშვის მკურნალობა და მედიკამენტები დაუფინანსებელი არ დარჩება-ო, დიდი მადლობა,კიდევ ერთხელ, მშობლების, ექიმების ბავშვების და ჩემი (მოკრძალებული ) სახელით..."- წერს თამთა "ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, სადაც 7 წლის მეგის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც სოლიდური სიმსივნით არის დაავადებული და გადარჩენის შანსი ძალიან ცოტა აქვს.

   თამთა დემურიშვილს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინა კობახიძეც გამოეხმაურა, რომლის კომენტარებიდანაც ჩანს, რომ მთავრობა ღარიბაშვილის ინიციატივაზე მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. მძიმე სენით დაავადებული ბავშვების პრობლემის გადაჭრის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა:

   -"1 ივნისს ცივილიზებული მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ბავშვები სიცოცხლის გაგრძელებაა, ქვეყნის მომავალია. მათი გაფრთხილება, უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა მომავალზე ზრუნვაა.

   ჩვენთვის,  ისევე, როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ჯანმრთელობისათვის ზრუნვას, ზნეობრივი ღირებულებებით მათ აღზრდას.

   დღეს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომლებსაც სახელმწიფოსგან  განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა  სჭირდება. ჩვენი მთავრობა მუშაობს პროექტზე, რომელშიც ჩართული იქნება ყველა და ჩვენ დავამტკიცებთ, რომ სოლიდარულ საზოგადოებას უმნიშვნელოვანეს შედეგების მიღწევა შეუძლია.

   ძალიან მალე გადაიჭრება დაფინანსების პრობლემა იმ ბავშვისთვის, რომლებიც უმძიმესი სენით არიან დაავადებულები. 

   ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვყავდეს ჯანმრთელი, დაცული, განათლებული და ბედნიერი მომავალი თაობა. 

   ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს, განსაკუთრებით კი, ვულოცავ ბავშვებს, ვუსურვებ მათ ბედნიერ და ნათელ მომავალს", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: