UNICEF - საქართველოში 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს და დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს!
გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF - ის კვლევის მიხედვით, საქართველოში 0-16 წლის ბავშვების 27 % სიღარიბეში ცხოვრობს, აქედან 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეშია და დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს.
კვლევის თანახმად, ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბნი არიან, ვიდრე უბავშვო ოჯახები და რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტია სიღატაკის რისკიც. სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი 2011 წელს 25%-დან 2013 წელს 27%-მდე გაიზარდა, რადგან სოციალური დანახარჯები უფრო მეტად სხვა დაუცველ ჯგუფებზე იყო მიმართული.
ამასთანავე, კვლევამ აჩვენა, რომ უღარიბეს ოჯახებში 17 წლის ასაკის ბიჭების მხოლოდ 53 პროცენტი დადიოდა რაიმე სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2012-2013 სასწავლო წელს. 18 წლის ასაკის ბიჭებისთვის ეს მაჩვენებელი 47 პროცენტამდე ეცემა.
საქართველოში UNICEF -ის წარმომადგენლის, ნადა მარასოვიჩის თქმით, ყველა ბავშვისთვის სოციალური დაცვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა, ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს.
„იუნისეფი ეხმარება საქართველოს მთავრობას სოციალური დაცვის სისტემის გადასინჯვაში, რომ ამ სისტემამ გაითვალისწინოს შეღავათები ბავშვებისათვის. ჩვენი კვლევის თანახმად, რეკომენდებულია ფულადი შეღავათი ყველა ბავშვისთვის, გარდა იმ ბავშვებისა, რომელთაც ეს არ სჭირდებათ, რაც საგრძნობლად შეამცირებს ბავშვთა სიღარიბეს“, - აცხადებს ნადა მარასოვიჩი.