რატომ ემუქრებიან მოსწავლეები მაია მიმინოშვილს?
არ ცხრება საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილთა ხმაური. ისინი გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში შეტანილ განცხადებებზე პასუხს ითხოვენ.
როგორც მოსწავლეები ამბობენ, მიმინოშვილის უწყება მათ ამ საკითხის განხილვას დაჰპირდა. ამ დაპირებაში კი მომჩივრებმა უწყების მხრიდან დათმობისა და განცხადებებზე დადებითი პასუხის გაცემის სურვილი დაინახეს.
დღეისთვის ცნობილია, რომ იმ მოსწავლეებმა, რომლებიც წელს არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ დარეგისტრირებულან, განცხადებაზე უარყოფითი პასუხის მიიღეს, დარეგისტრირებულებს კი ჯერ პასუხი არ მიუღიათ, თუმცა მიმინოშვილისგან პასუხის გასაცემად მიცემული 15 დღე უკვე ამოიწურა.
-,,თუ მიმინოშვილი არ მოგვცემს ატესტატის აღების უფლებას და ,,ჩაგვტოვებს" სკოლაში, ჩვენ ვეცდებით ჩავაბაროთ იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებიც ერთ საგანში ჩაჭრილ მოსწავლეებს ატესტატის გარეშე აძლევს სწავლის შანსს.
მან კი გაითვალისწინოს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლების კანდიდატს ბოიკოტს გამოვუცხადებთ და არ მივცემთ ხმას!"-აცხადებენ მოსწავლეები.