სანამ სამოთხე დაცარიელდებოდეს, ანუ რატომ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი

სანამ სამოთხე დაცარიელდებოდეს, ანუ  რატომ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი

საქართველოს პარლამენტის მიერ ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდე და მის შემდეგ არ წყდება მწვავე კამათი და პოლიტიკური სპეკულაციები  საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მისი კეთილისმყოფელი გავლენისა თუ შესაძლო დამანგრეველი შედეგების შესახებ.

თანამედროვე საქართველოში დისკრიმინაციის (კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური კუთვნილების, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან რაიმე სხვა ნიშნით ადამიანის ჩაგვრის) ამკრძალავი სპეციალური კანონის მიღების აუცილებლობა  არ არსებობდა. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობა ამ საკითხს ისედაც არეგულირებს. გარდა ამისა, საქართველოში არ არსებობდა და არ არსებობს რაიმე კანონი ან ნორმატიული აქტი, რომელიც ადამიანებს რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური კუთვნილებისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით  განასხვავებდეს (ახარისხებდეს). რაც შეეხება გენდერულ (მამაკაცისა და ქალის) თანასწორობას, ქართული ადათ-წესები ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიებს არ ითვალისწინებს. თუ მხედველობაში არ მივიღებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც თავის მრევლს ამ ნიშნით მცირედით, მაგრამ მაინც ერთმანეთისგან განასხვავებს. თუმცა, ეს არის ეკლესიური კანონები და მასში ჩარევა სახელმწიფოს არ შეუძლია.

უკვე მესმის პროტესტი, რომ საქართველოს ისლამურ ოჯახებში ქალებსა და მამაკაცებს შორის სრულ თანასწორობაზე საუბარი, სხვა თუ არაფერი, უხერხულია; მამაკაცის მიერ ქალის ჩაგვრის შემთხვევები კი ეთნიკურ ქართულ ოჯახებშიც გვხვდება. გეთანხმებით, მაგრამ პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს 15-საუკუნოვან ისლამურ ტრადიციასთან, უფრო ზუსტად, შარიათის კანონებთან; ხოლო მეორე შემთხვევაში - ანომალიასთან (ქალი რომ დომინირებს, საქართველოში ისეთი ოჯახიც ბევრია!). სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ორივე შემთხვევაში საერო კანონმდებლობა, უბრალოდ, უძლურია. ასე რომ, ვერც ერთი და ვერც მეორე კანონის მიღების მიზეზი ვერ იქნებოდა.

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების მთავარი დანიშნულება იყო კანონის წინაშე ქვეყნის ყველა მოქალაქის თუ სოციალური ჯგუფის თანასწორობისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და არა რომელიმე პირის ან სოციალური ჯგუფისთვის (მაგალითად, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებისთვის) რაიმე სახის უპირატესობის მინიჭება.

ვიმეორებ: არა მოქალაქეთა გრადაცია, არა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, არა გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობების დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა, არა ტრადიციებისა და სულიერი ღირებულებების დაკნინება-უგულებელყოფა, არამედ კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობისათვის დემონსტრაციული ხაზგასმა!

კანონს აპროტესტებენ საეკლესიო მამები; მარად დამწყები პოლიტიკოსი ალვანათელაშვილი;  პოლიტიკაში ჭიპმოჭრილი კახა კუკავა; პოლიტიკაში ჩაურევლობითა და გამუდმებული პოლიტიკური განცხადებებით (და ბევრი ნამდვილად კარგი საქმით!) ცნობილი  ბიზნესმენი ლევან ვასაძე; დავალებების ცუდი შესრულებით სახელგანთქმული ქართული პოლიტიკური პრიმიტივიზმის ფუძემდებელი „ბატია“ თენგიზ კიტოვანი და მისი „ბიჭები“; პოლიტიკას მიტმასნილები; თავის იოლად გამოჩენის დაუძლეველი სურვილით შეპყრობილი საეჭვო გონებრივი შესაძლებლობების ადამიანები....

მოთხოვნები თითქმის ერთნაირია - ზოგი მოითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ზოგი - პარლამენტის  გარეკვას.  საეკლესიო მამების მხრიდან ანტიდისკრიმინაციული კანონის უმწვავესი კრიტიკა არის საერო ხელისუფლებაზე ეკლესიის კონტროლის დამყარების კიდევ ერთი მცდელობა; შალვა ნათელაშვილის მხრიდან - წყალწაღებულისგან ხავსზე მოჭიდების იმედი; პოლიტიკოსების მხრიდან - პოლიტიკური ფარისევლობა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ინფორმაციით მანიპულაცია; „ბატია“ თენგიზისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან (თუ ასეთები ბუნებაში მართლაც არსებობენ) - ევროპულთან შედარებით რუსული გარემოს უპირატესობის დემონსტრაცია...

ამ კამპანიაში ცოტა უცნაურია ლევან ვასაძის კოლორიტული ფიგურის გამოჩენა. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას, დემონსტრაციულად მორწმუნე ადამიანს, ეს ნაბიჯი მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ერთგულებამ და საეკლესიო მამების უცთომელობის ილუზიამ გადაადგმევინა. გულწრფელად რომ გითხრათ, მისი საქციელის ახსნა ძალიან მიჭირს.

ქართული საზოგადოება, მათ შორის ის ნაწილი, ვინც კანონის მიღებაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავდა, ძალიან გააღიზიანა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, „ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ ამ კანონს მაინც მივიღებთ“.

საქმე ის გახლავთ, რომ კანონების მიღება-არმიღება არ არის პრემიერ მინისტრის პრეროგატივა - კანონებს იღებს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით. პრემიერმა ამ სიტყვებით ქვეყნის გასაგონად თქვა: „თქვენი და თქვენს მიერ არჩეული პარლამენტის აზრი ფეხებზე მკიდია - სახელმწიფო, ეს მე ვარ და გავაკეთებ, რასაც მინდა!“

ამას ამბობს საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფიის არმქონე ძალიან ახალგაზრდა კაცი, ვინც მხოლოდ იმის გამო ზის პრემიერის სავარძელში, რომ ხალხის რჩეულის, ბიძინა ივანიშვილის რჩეულია. და კიდევ, ეს არ ყოფილა ღარიბაშვილის არც პირველი და არც უკანასკნელი უპასუხისმგებლო განცხადება.

დიახ, ბატონი ღარიბაშვილი  ნიჭიერია, განათლებულია, შრომისმოყვარეა, ამბიციურია, რისკიანიცაა, მაგრამ მას, ეტყობა, მოყვრების მტრად მოკიდების ნიჭიცა აქვს და საკუთარი უცთომელობის რწმენაც.

არა მგონია, ამას ჩვენი პარლამენტი და მთავრობა ვერ ხედავდნენ.

საქართველოს პარლამენტში, მთლიანად საქართველოს ხელისუფლებაში დღემდე არ გამოჩნდა ადამიანი, ვინც მტერ-მოყვარეს აუხსნიდა იმ კანონის მიღების აუცილებლობას, რომლის მიღების აუცილებლობაც ქვეყანაში არასოდეს მდგარა - ანტიდისკრიმინაციული კანონისა! თუ ტოლერანტობაზე, თანასწორობასა და ევროპულ ღირებულებებზე მიეთ-მოეთს გვერდზე გადავდებთ, ხელთ კანონის მიღების ერთადერთი არგუმენტი შეგვრჩება - ამას ჩვენგან მოითხოვს ევროკავშირი მასთან ასოცირების ხელშეკრულების სანაცვლოდ.

სავსებით შესაძლებელია. თანაც, ევროპის ორიოდე ქვეყანაში ასეთი კანონი მართლაც მოქმედებს  (არ მოქმედებს გერმანიაში, ფაშიზმის მშობელ ქვეყანაში!).

რახან ჩვენი ხელისუფლება პრინციპულად არ პასუხობს კითხვას, - რატომ მოითხოვს? - ვცადოთ და, ჩვენ თვითონ ვუპასუხოთ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პოლიტიკურად არეული და ეკონომიურად დუხჭირი „ღვთისმშობლის წილხვედრი“  ქვეყანა დაახლოებით მილიონ ნახევარმა მოქალაქემ დატოვა. ასეულ ათასობით ადამიანმა ბედის საძიებლად ევროპულ ქვეყნებს მიაშურა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა აქ დღესაც არალეგალურად ცხოვრობს და საქმიანობს. 90-იანი წლებიდან ისინი ევროპულ ქვეყნებში თავშესაფარს სამშობლოში „პოლიტიკური დევნის“ საბაბით მოითხოვდნენ - ჩვენ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს, სამშობლოში არ დაგვედგომება!

დღეს „ზვიადიზმის“ თემა უკვე ყავლგასულია და ამით ჩვენს მეგობარ ევროპას გულს ვერავინ აუჩუყებს. ამიტომ ქართველმა ბედის მაძიებლებმა ახალ უტყუარ ხერხს მიაგნეს -  საქართველო, ძველი ადათ-წესების მიმდევარი ქვეყანაა და ჩვენ, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს იქ ყოველმხრივ გვავიწროებენ. მოიღეთ მოწყალება და მოგვანიჭეთ მოქალაქეობა ან, უკიდურეს შემთხვევაში, მოგვეცით თავშესაფარი!

ვიმეორებ, ამას ევროპის ქვეყნებში ითხოვს ასეულ ათასობით ემიგრანტი საქართველოდან დასაქართველოსნაირი ბევრი სხვა ქვეყნიდანაც. ევროკავშირს არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი მექანიზმი ამ ადამიანების არგუმენტის შესამოწმებლად - მართლაც არიან თუ არა გეები, ტრანსსექსუალები, ლესბოსელები და იმპოტენტები. ვერც იმის დადგენა ხერხდება, მართლაც იჩაგრებიან თუ არა ისინი საქართველოში.  ამიტომაც ევროინტეგრაციის მსურველი საქართველოს ხელისუფლებისაგან კატეგორიულად მოითხოვეს ისეთი კანონის მიღება, ევროპელები თავშესაფრის მთხოვნელ „ლგბტ - ებს“ რომ აუფრიალებდნენ - აი, თქვენს სამშობლოში უკუღმართი სექსუალური მიდრეკილებების გამო დღეიდან უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემთ და უკან წაბრძანდითო!

ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელ ვითარებაში საქართველოდან წასული ყველა ქართველისთვის უცხოეთში თავშესაფრის მინიჭება არც ჩვენთვისაა მომგებიანი - ორიოდ წელიწადში, შესაძლოა, საქართველო ისე დაცარიელდეს, როგორც სამოთხე ლოთების და მრუშებისაგან.

სულ ესაა, რასაც ხელისუფლება თავის ხალხს ვერ ეუბნება.

მკითხეთ, რატომ ვერ ეუბნებაო? - ზემოთ რომ ჩამოვთვალე, ისევ იმ და იმნაირი ხალხის შიშით. და კიდევ იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ხმამაღლა თქვას ის, რასაც ახლა ვიტყვი მე, კერძო პირი თეიმურაზ ქორიძე: როცა ქვეყნიდან რაგინდარა მიზეზით გარბის ასი ათასობით ადამიანი, იმ ქვეყნის მოქალაქეთა პატრიოტიზმზე საუბარი ძალიან გადაჭარბებულია; როცა სხვა ქვეყანაში მეტნაკლები კომფორტით მოკალათების მსურველი ასი ათასობით ადამიანი პედარასტობას იბრალებს, იმ საზოგადოების მდგრად ფსიქიურ მდგომარეობაზე საუბარი ძალიან საჭოჭმანოა.

ეტყობა,  საკუთარი ცოდვების სხვებზე გადაბრალებასშევეჩვიეთ.

თეიმურაზ ქორიძე, ანალიტიკოსი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: