ელჩები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ელჩები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

   შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოები საქართველოს მთავრობას მიმართავენ და ერთობლივ განცხადებას ავრელებენ.

   -"შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოები ულოცავენ საქართველოს წარმატებულ და კარგად ჩატარებულ საარჩევნო დღეს, რა დროსაც ადგილობრივმა ამომრჩეველმა მერები და გამგებლები პირდაპირი წესით პირველად აირჩია. ეს წარმოადგენს თვითმმართველობების გაძლიერებისკენ გადადგმული ისტორიულ ნაბიჯს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ, რომელიც 27 ივნისს იგეგმება. ჩვენი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 95-მა დამკვირვებელმა 23 საარჩევნო ოლქში 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი მოინახულა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში, საარჩევნო გარემო იყო მშვიდი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთელს ქვეყანაში გახსნილ 3,600-ზე მეტ საარჩევნო უბანში შედარებით მცირე რაოდენობის დარღვევები დაფიქსირდა. გვჯერა, რომ ოპოზიციური პარტიების ძლიერი გამოსვლა და რამდენიმე ქალაქში დანიშნული განმეორებითი არჩევნები ქართულ დემოკრატიაში მზარდ პლურალიზმზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ოლქების უმეტეს ნაწილში წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და მხოლოდ მცირე საჩივრები დარეგისტრირდა, თუმცა ამავე დროს, შეშფოთებით ავღნიშნავთ, რომ ვრცელდებოდა ცნობები კონკრეტულ ქალაქებში წინასაარჩევნო ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილი აგრესიის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე და მიიღოს საჭირო ზომები, რათა არჩევნები საქართველოში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესებზე დიდი ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის დავაკვირდებით მომავალ წინასაარჩევნო კამპანიასა და განმეორებით არჩევნებს და ამასთანავე, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშავონ ერთად, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს"-ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: