გიორგი გეგეჭკორი:-"ნაციონალური მოძრაობა" შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის"
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის პრეს-სპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც "ქართული ოცნების" სახელით განცხადება გაავრცელა.
-"გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობისთვის საზღვარზე შეაჩერეს. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ამ ფაქტის უარყოფის მიუხედავად, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ადასტურებს ბაქოში საბაჟო ტერმინალზე არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტს. საუბარია მილიონამდე აშშ დოლარზე. სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის და არალეგალური გზებით ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას. საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ამგვარი ქმედება აზარალებს არა მარტო შიდა პოლიტიკურ პროცესს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც. ფაქტია, "ნაციონალურ მოძრაობას" უჭირს დემოკრატიულ, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოსთან შეგუება. ვიმედოვნებ, რომ მომხდარს საზოგადოების მხრიდან ადეკვატური შეფასება მოყვება".
ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების - ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.