ზურაბ ჭიაბერაშვილი:-"ღარიბაშვილმა ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ ნადირაშვილსა და ჯაფარიძეზე ჭორი გაევრცელებინათ"
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების - ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. ის ყოველივე ამას, "რუსთავი 2"-ზე გასული სიუჟეთის გადასაფარად "მოგონილ ჭორს" უწოდებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
-"უყურეთ რამდენიმე წუთში რუსთავი2 ეთერში! ამ კადრების გადასაფარად ღარიბაშვილმა ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეზე ჭორი გაევრცელებინათ.
გაგიმხელთ, რა მოჰქონდათ ირმას და ზურას:
- ნახმარი საბურავები (რომლითაც თურმე "მაიდნის" მოწყობას ვაპირებთ)
- ნახმარი "შპრიცები" (რომლებსაც თურმე ვყრით სადარბაზოებში)
- პორტაბელური მოსასმენები (რომლითაც თურმე ვუსმენთ მხოლოდ უსუფაშვილს და ალასანიას, მაგრამ ვერ ვუსმენთ ივანიშვილს და ღარიბაშვილს)
- პატარა კოლბებით მენინგიტის ვირუსი (რომელსაც თურმე ჩვენ ვავრცელებთ)".
ცნობისთვის, კადრებზე ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის N97 საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენებია ასახული, სადაც მათი განცხადებით დავით ნარმანიას დედა პირადად აკონტროლებდა ამომრჩევლის ნებას.