თამარ ცინცაბაძე: -"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიღებული ხმები დავიცვათ"

თამარ ცინცაბაძე: -"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიღებული ხმები დავიცვათ"

   "არ გვაქვს იმედი, რომ კუბლაშვილის სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიღებული ხმები დავიცვათ!"

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ცინცაბაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა:

   "რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ ვნებათაღელვა ჯერ კიდევ არ ცხრება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ძალიან ბევრ უბანზე არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, რამაც მოსახლეობაში ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. დაფიქსირდა მრავალი სხვადასხვა ტიპის დარღვევა, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ამ დარღვევათა დაფიქსირების შედეგად ოქმებში არ აისახა ბალანსი. ჩვენ ძალიან ბევრ უბანსა და ოლქში გვაქვს შეტანილი საჩივრები, მაგრამ ვერ ვიღებთ ობიექტურ დასკვნებს, რამაც გვაიძულა, რომ უკვე სასამართლოს მივმართოთ და შევიტანოთ სარჩელი. მართალია, არ გვაქვს იმედი, რომ კუბლაშვილის სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს, თუმცა ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიღებული ხმები დავიცვათ.

   კოალიციას "ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას" გვაქვს შეტანილი ასობით საჩივარი მთელი საქართველოს მასშტაბით. ახლა ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტებზე, სადაც უბნებზე გადამწყვეტი იყო მხოლოდ ერთი ან ორი ხმა, იმისათვის რომ გამოვლენილიყო გამარჯვებული. ასეთი სიტუაცია გვაქვს წაღვერში, ვანში, ტყიბულში და კიდევ რამოდენიმე უბანზე, სადაც  სულ ერთი ხმა იყო გადამწყვეტი.

   ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ იქ სადაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, მოხდეს ბიულეტენების ხელახალი გადათვლა. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ არჩევნები სხვადასხვა უბანზე გაყალბდა, ჩვენ მოვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. ასევე იცით, რომ ძალიან ბევრ ადგილას არის დანიშნული მეორე ტური და მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, ამჯერად მაინც უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: