როგორ შევარჩიოთ სათვალე, თავი კომფორტულად რომ ვიგრძნოთ და თვალიც არ დავიზიანოთ!

როგორ შევარჩიოთ სათვალე, თავი კომფორტულად რომ ვიგრძნოთ და თვალიც არ დავიზიანოთ!

როგორ შევარჩიოთ მზისგან დამცავი სათვალე და რა უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე არასწორად შერჩეული ლინზა?

 

მოდური, ბრენდული, კომფორტული, მსუბუქი, თანამედროვე... ის მოთხოვნებია, რის გამოც მომხმარებელი მზის სათვალეს ირჩევს.

 

როგორ შევარჩიოთ სათვალე, რომელიც თვალს მაქსიმალურად დაიცავს ულტრაიისფერი სხივებისაგან, ოპტიკურ მაღაზიათა ქსელის, „საფილოსჭავჭავაძის ფილიალის მენეჯერი, ნანა დადუნაშვილი გვესაუბრება:

 

_ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართულ ბაზარზე ძვირიან და ბრენდეულ სათვალეზე მოთხოვნა შემცირდა. დღეისთვის ბრენდული სათვალის ფასი 60-70 ლარიდან იწყება და საშუალოდ, 300 ლარამდე მერყეობს, მაგრამ ვინც ბრენდულ სათვალეს არ ეძებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამზადებული სათვალე შეუძლია შეიძინოს, რომელთა ფასიც 40 ლარიდან იწყება.

 

_ დაბალი ფასი კი, ალბათ, დაბალ ხარისხს ნიშნავს. ვიზუალის გარდა კიდევ რა განსხვავებაა ბრენდულ და ჩვეულებრივ სათვალეს შორის?

 

_ დაბალი ფასი ამ შემთხვევაში დაბალ ხარისხს არ ნიშნავს, რადგან სათვალის ფასს მისი ჩარჩო უზრუნველყოფს და არა ლინზა, რომელმაც თვალი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან უნდა დაიცვას, მაგრამ თუ რთული დიზაინის სათვალეს იაფად ვყიდულობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასში ლინზის მოთავსებაც რთულია და იაფად მწარმოებელი ფირმები ვერ ახერხებენ ისეთი ხარისხის მიღწევას, რომ გვერდზე გახედვის შემთხვევაში გამოსახულების დამახინჯება არ მოხდეს.  

 

ბრენდული სათვალის 70% იტალიაშია წარმოებული. ჩარჩოს დასამზადებლად წამყვანი დიზაინერები სხვადასხვა მასალას იყენებენ. ცნობილია აცეტატის და ფოლადის მასალებით, ტყავის, ხის მინანქრის, ოქროს, ბრილიანტის, მამონტის ძვლებისგან დამზადებული ჩარჩოები, რაც სათვალის ფასს განაპირობებს. საკმაოდ ძვირადღირებულია .. ჩინური ლაქი, რომელიც საჭირო ხის მინერალებისგან მიიღება. მასშავ ოქროსაცუწოდებენ

 

_ როგორი უნდა იყოს ლინზა, რომ მაქსიმალურად დაგვიცვას ულტრაიისფერი სხივებისგან:შუშის თუ პლასტიკური?

 

_ პლასტიკურმა ლინზამ თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა შუშა და წამყვანი ბრენდები უკვე მას იყენებენ, რადგან პლასტიკატი დაცვის მეტი საშუალებითაა აღჭურვილი, მსუბუქია, არამსხვრევადი, გამძლე და ხარისხიანი. თუმცა, არიან ტრადიციული ბრენდებიც (მაგ. „რეიბანი“), რომლებსაც ძველი კლასიკური მოდელი მოსწონთ და ისევ შუშის ლინზებზე მუშაობენ. არის მომხმარებელიც, ვინც შუშას ანიჭებს უპირატესობას.

 

ლინზის ხარისხს მისი uv, ანუ სიმუქის კოეფიციენტი განსაზღვრავს, რასაც ყველა სათვალე სხვადასხვა (20, 30, 60, 70, 80) პროცენტით შეიცავს და ყველა მომხმარებელმა საჭიროებისამებრ უნდა შეარჩიოს.

 

ჩრდილოეთში, სადაც ინტენსიური მზე არ არის, არ არის აუცილებელი მუქი ლინზები გეკეთოთ, მაგრამ თუ მთაში ხართ, სადაც მეტია მზის ინტენსივობა, 20-30 პროცენტიანი სიმუქის ლინზა არ გამოგადგებათ. სათვალეს მოყვება პასპორტი, სადაც მითითებულია ლინზის სიმუქის კატეგორია (uv) და ანოტაცია, როგორი მზის ინტენსივობის პირობებში შეგიძლიათ მისი გამოყენება.

 

ზამთრის ულტრაიისფერი გამოსხივება ბევრად მავნებელი და გამაღიზიანებელია, ვიდრე ზაფხულის და თუ ზამთარში მთაში ვისვენებთ, სადაც ყველაზე ახლოს ვართ მზესთან, მუქი და სარკისებრი დაფარვის ლინზების მქონე სათვალე უნდა გამოვიყენოთ. სარკისებრი ლინზები, ძირითადად, მოთხილამურეებს და ალპინისტებს სჭირდებათ. დანარჩენ შემთხვევაში, ზამთარში ღია ფერის ლინზებია რეკომენდებული, რომ სიბნელისა და სიმუქისგან დისკომფორტი არ შეგვექმნას.

 

_ ლინზის ფერი მის ხარისხზეა დამოკიდებული?

 

_ ფერის შერჩევა ინდივიდუალურია. მთავარია, მან გარემო პირობების ბუნებრივად აღქმა უზრუნვეყოს. თუ ადამიანს ნაოპერაციები თვალი, ან ბადურის პრობლემა აქვს, ექიმები ყავისფერ ან მწვანე ლინზებს ურჩევენ, რაც თვალს ამშვიდებს.

 

არსებობს პოლარიზებული ლინზები, რაც სხივის უკუარეკვლას უწყობს ხელს. ასეთ ლინზებს მძღოლებს და სპორტსმენებს ვურჩევთ. კონრტასტული ფერების ლინზებს კი მომხმარებლის საქმიანობიდან გამომდინარე ვუწევთ რეკომენდაციას. ყველა ხარისხიან სათვალეში ფერები უმაღლეს პროფესიონალურ დონეზეა დასმული, სადაც გარემოს ბუნებრივად აღქმას ითვალისწინებენ.

 

უხარისხო სათვალის ტარების შემთხვევაში, თვალი იძაბება და გუგა ფართოვდება, რაც გახსნილი ზედაპირია ულტრაიისფერი სხივების მისაღებად. ასეთ დროს მეტ მავნე სხივს იჭერს თვალი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა სათვალე არ გვიკეთია.

 

_ ყველა სათვალეს აქვს თავისი შტრიხ-კოდი და სპეციალური კოდი, რომელიც სათვალის ყურზეა დატანილი. რას ნიშნავსეს კოდები?

 

_ შტრიხ-კოდი ჩვენი და მომწოდებელი ფირმის ურთიერთობის მექანიზმია, რასაც მომხმარებელთან კავშირი არა აქვს. სათვალის ყურზე დატანილი კოდი კი ინფორმაციის მატარებელია კონკრეტული სათვალის წარმომავლობის შესახებ. ამ კოდის მეშვეობით შეგვიძლია ინტერნეტში სრულყოფილი ინფორმაცია მოვიძიოთ ჩვენს მიერ შეძენილ პროდუქციაზე.

_ რომელი ბრენდის პროდუქციაზეა მოთხოვნა თანამედროვე ქართულ ბაზარზე?

 

_ ძირითადი მოთხოვნა dior, gucci, mare jacobs, alexander mequecn, hugo boss,dunhill da porsche design _ ბრენდების კოლექციაზეა. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, მამაკაცები მკაცრ და კონსერვატიულ სათვალეს ირჩევენ, სადას, მუქი ფერისას. ფერადი, დახვეწილი და გაფორმებული სათვალის მომხმარებლები საქართველოში უფრო ქალბატონები არიან.

 

ესაუბრა ნონა ქარქაშაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: