მამა პეტრე კვარაცხელია: ადამიანობა უნდა ვისწავლოთ!
ეს პატარა ტკივილ-გაფრთხილება სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა მამა პეტრე კვარაცხელიამ ექსკლუზიურად "ივერიონს" გამოუგზავნა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ერთგული მკითხველი ამ სტრიქონებს ინტერესით ჩაიკითხავს და ბევრ რამეზეც დაფიქრდება.
თანამედროვე რელიგია სხვაზე ჭკუის სწავლება და ბევრი დარიგებებია. მერე უაზრო, უსაფუძვლო, ჩასაფრებული მზერა და არაფრისმომცემი კამათი, რომელიც პიროვნულ დაპირისპირებაში გადადის, სიუხეშეს იძენს, გულის ტკივილს აღძრავს და ,,მხილებით" იმოსება!
გვაქვს კი ვინმეს მხილების მორალური უფლება - სხვის ამბიციებზე და ხიბლზე საუბრის ობიექტურად განსჯა, მაშინ, როცა თავად ამით ვართ დაავადებული? მერე მეგობრის ,,გულისტკივილი", რომ ცუდი არ თქვან. ამდენი ყალბი გაფრთხილებით, იმაზე ცუდი გამოვდივართ, ვიდრე ზურგს უკან მდგარი ადამიანი, რომელსაც სხვისი ცხოვრების ,,შესწავლა" პროფესიად უქცევია.
თუ ვთვლით, რომ მხოლოდ სხვაზე მეტყველებენ ცუდს, მცდარია. იმ სხვასთან, ჩვენზე ბევრად აღმატებულ ხარისხში განიხილავენ შეუმჩნეველ დეტალსაც კი - ყველას თავისი სიმართლე აქვს. არადა, კი სიმართლე მხოლოდ ერთია და რომელია ის ერთი, საკითხავი აი, ეს არის.
რელიგია ადამიანის გაკეთილშობილებისკენ მიგვიძღვის. ჩვენ კი ვამახინჯებთ და ერთმანეთის განკითხვის, სიძულვილის, შურის, კომპლექსების ბურუსში ვხვევთ!
რწმენა აბსოლუტური თავისუფლებაა. ეს რომ შევიმეცნოთ, ადამიანობა უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ სოციალური ცხოველობიდან გაადამიანურობამდე, განღმრთობას ვეჭიდებით...