ირაკლი ალასანიa:-"ჩვენი მოწინააღმდეგეების გეგმის ნაწილი არ უნდა გავხდეთ"
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი პარლამენტი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს. ამ თემას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა და განაცხადა:
-"ნებისმიერი ფორმით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმ მთავრობის მიერ ჩატარებული რეფერნდუმი არჩევნები მოკლებულია ყველანაირ საერთაშორისო სამართლებრივ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ შედეგებს. ამას არ ექნება არანაირი მნიშვენლობა, არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, არც ჩვენთვის. ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ქართველები და არამხოლოდ ქართველი მოსახლეობა არ მიიღებს ამ ასე ვთქვათ, დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას. მსოფლიოსთვის და ჩვენთვის არანაირი სამართლებრივი შედეგების მატარებელი არ იქნება, ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიმე სერიოზული განცხადების გაკეთება ამ კუთხით არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად. ეს გამოკვეთილი გეგმაა გარკვეული ძალების რუსეთის ფედერაციაში, რომ მეტი ზემოქმედება მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე და როგორც ხედავთ, ამას იტაცებს ქართული საზოგადოების შიგნით სოკოებივით ამოშლილი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის გეგმა, რომელიც დაისახა უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში გარკვეული პერიოდის წინ და იმ გეგმის მიხედვით ვითარდება მოვლენები, ამიტომ ჩვენ მათი გეგმის ნაწილი არ უნდა გავხდეთ, არ უნდა ავყვეთ, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამ პროცესსში დასჭირდება შერიგება, ჰუმანიტარული თუ სხვა სახის ურთიერთობების წინ წამოწევა, რა თქმა უნდა, ამას სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩვენი მოწინააღმდეგეების გეგმის ნაწილი არ უნდა გავხდეთ".