ნინო ბურჯანაძე:-"ხელისუფლება გადაჭარბებული ემოციით გვაზეიმებს იმას, რაც რეალობასთან არ არის ახლოს"
"ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საზეიმო განწყობა გადაჭარბებულია.
-"აბსოლუტურად არასწორი მოლოდინებია შექმნილი ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც არასწორი მოლოდინი იყო ვიზებთან დაკავშირებით, როცა ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ხელმოწერიდან მეორე დღეს უვიზო მიმოსვლა გვექნებოდა და აფხაზებს და ოსებსაც ვეპატიჟებოდით ვენაში და პარიზში სასეირნოდ. კარგახანს არ გექნება კიდევ უვიზო მიმოსვლა. კარგია ევროპა და ეს საერთოდ, კითხვას არ ექვემდებარება და ძალიან კარგი იქნება, თუ ყველაფერი ის, რასაც გვპირდებიან, შესრულდება, მაგრამ იმ ადამიანებმა, ვინც ჩახედულნი ვართ ამ საკითხში, ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან გადაჭარბებულია ის შეფასებები.
დღეს ჩვენ ვზეიმობთ ისევე, როგორც 2008 წელს ზეიმობდა ხალხი წაგებულ ომს, მაშინაც არასწორი შეფასება იყო. მაშინდელი ხელისუფლება შეეცადა, რომ წაგებული ომის დროს ილუზია შეექმნა, თითქოს ჩვენ მოვიგეთ, დღესაც, რა თქმა უნდა პირდაპირ შედარებას არ ვახდენ, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად გადაჭარბებული ემოციით გვაზეიმებს იმას, რაც რეალობასთან ძალიან ბევრი მიმართულებით, ნამდვილად არ არის ახლოს."
ამასთან ბურჯანაძემ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის დაწყება ურჩია.
-"დიახ, პოლიტიკოსები უნდა ჩავიდნენ რუსეთში და დიახ, უნდა ელაპარაკონ რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ელაპარაკება, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, არც ევროპასთან ასოცირებული ხელშეკრულება გვიშველის და არც ძალიან ბევრი სხვა ხელშეკრულება. ძალიან სერიოზული და მძიმე რეალობის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ".