ავშენდით, ბიძია-ბაბუა, ავშენდით!
გასულ კვირაში ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ყურადღება მიპყრობილი იყო ბრიუსელზე, სადაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მთავრობების მეთაურებმა ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ის უიშვიათესი მოვლენაა, როცა ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა ერთნაირად გახარებულია, ყველა აღტყინებულია, ყველა ზეი მობს, ყველა საკუთარ დამსახურებაზე ლაპარაკობს და... არავინ იცის, რა იქნება ხვალ.
სანამ რუსეთი დაიშლებოდეს
საქართველოს ისტორიული ოცნება ასრულებულია! ევროპასთან ასოცირების შეთანხმება ხელმოწერილია! რუსეთზე ისტორიული გამარჯვება მოპოვებულია! გამარჯვებულის დაფნის გვირგვინს ერთმანეთს ეცილებიან ეროვნული მოძრაობის ერთგული (და თვითმარქვია) წარმომადგენლები, შევარდნაძის ეპოქის მოღვაწეები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მსხვილფეხობა და წვრილფეხობა, ქართული ოცნების ხორცშემსხმელები, მარადიული ოპოზიციონერები და ყველა პარტია გამოვლილი უკვდავი პოლიტიკოსები...
ზეიმიც ამ დიდებულ მოვლენას რომ ეკადრებოდა, სწორედ ისეთი გავმართეთ: ევროპის მოედანზე და მეტეხის ჩრდილში მოწყობილი ესტრადებით, კათალიკოს-პატრიარქით, პრეზიდენტით, პრემიერით (ნეტავ, ჯერ პრემიერი და მერე პრეზიდენტი ხომ არ უნდა მეთქვა?!), პარლამენტის წევრებით, მინისტრებით, გუბერნატორებით, საპატიო სტუმრებით, ცეკვა-თამაშით, ფოიერვერკით და, რა თქმა უნდა, გაევროპელების მოიმედე ბედნიერი მოქალაქეებით.
ლიდერმა მიშა მაჭავარიანმა, ნაცმოძრაობის სახელით განაცხადა, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ჩვენი დამსახურებაა და ამიტომაც ვზეიმობთო. ამაში, რასაკვირველია, არის სიმართლის მარცვალი. ეეჰ, საქართველოს ყველა ხელისუფლებას წინა ხელისუფლების ნაკეთები კარგი საქმეების კეთება რომ გაეგრძელებინა, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდით. სამწუხაროდ, ასეთი მაგალითები აწ უკვე თითქმის გაევროპელებული საქართველოს ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია - ყველა ხელისუფლება ყველაფერს „იწყებდა ნოლიდან“, გულმოდგინედ ცდილობდა წინამორბედის ღვაწლის მიჩქმალვას, მისი ნაკვალევის წაშლას. ვისაც ისტორიაში ჩახედვა გეზარებათ, აგერაა, ბატონო, სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის ცხრა წელიწადი.
მიშა მაჭავარიანს, თუ პოლიტიკაში დარჩენას აპირებდა, ასეთი სიმართლე მაინც არ უნდა ეთქვა - ახლა მისი ოპონენტები ადგებიან და სხვა „დამსახურებებსაც“ შეახსენებენ: უდანაშაულო ადამიანებით გადატენილი ციხეები, ქუჩებში მოწყობილი დემონსტრაციული ხოცვა-ჟლეტები, ციხის ავადსახსენებელი ამბები, კარგად ორგანიზებული „ზონდერჯგუფები“, ელიტური კორუფცია, განიავებული ბიუჯეტი...
დავუბრუნდეთ შეთანხმებას.
როგორც გვითხრეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული, ნანატრი დოკუმენტი 1100 გვერდიანია. ჩვენთვის, ევროპის კართან მორცხვად ატუზული მოქალაქეებისთვის, ჯერჯერობით ამ გრანდიოზული დოკუმენტის მხოლოდ ერთი სტრიქონია ცნობილი - პრემიერ ღარიბაშვილის ხელმოწერა 1 100-ე გვერდზე. ახლა, მთავარია, გავიგოთ, რა წერია დანარჩენ 1099 ფურცელზე. არ გამიკვირდება, თუ გვეტყვიან, რომ ზოგიერთი მუხლი დასაიდუმლოებულია.
სხვათა შორის, იმ სამყაროში, ჩვენ რომ ასე დაუოკებლად ველტვით, ასეთი ტიპის და მნიშვნელობის დოკუმენტებზე სახელმწიფოს მეთაურები ხელს ხანგრძლივი და საყოველთაო სახალხო განხილვის შემდეგ აწერენ. რადგან დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია, იმედია, ამის თქმა ანტისახელმწიფოებრივ გამოხდომად არ ჩამეთვლება.
ზეიმებს რომ მოვრჩებით, იქნებ მერე ჩვენი უახლოესი, ჭირვეული და საშიში მეზობლის შესაძლო რეაქციაზეც ვიფიქროთ. თუნდაც, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ამ განცხადებაზე: „როგორც კი ძალაში შევა ასოცირების შეთანხმება და ჩვენ გავაანალიზებთ, რომ ეს ნეგატიურად აისახება დსთ-ს თავისუფალ სავაჭრო ზონაზე, იმ პირობებზე, რა პირობებითაც ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გავწევრიანდით, რუსეთი თავდაცვით ზომებს მიიღებს“. მინისტრს იმის თქმაც არ დავიწყნია, რომ „რუსეთი მზად არის ნებისმიერი სახის კონსულტაციებისთვის და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს“.
ეს იყო ხელმოწერამდე. ხელმოწერისთანავე იგივე გაიმეორა პრეზიდენტმა პუტინმაც. ისიც შეგვახსენა, რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთების მცდელობამ უკრაინა გახლეჩამდე მიიყვანაო. საშიში და დამაფიქრებელი განცხადებაა, მით უფრო, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა უკვე გახლეჩილ-დანაკუწებული საქართველოსა და მოლდოვის ხსენება ამ კონტექსტში საჭიროდ არ მიიჩნია. ვფიქრობ, საკითხის ასე დაყენება - „ან ევროპა, ან რუსეთი“, - საქართველოსთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს!
გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებული კონტრაქტიდან გამომდინარე, რუსეთი (კომპანია „გაზპრომი“) გერმანიას გაზის ღირებულებას გაუძვირებს. ალბათ ეს იგულისხმა კანცლერმა მერკელმა, როცა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება „ევროკავშირი - კიევი“ ძალაში მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების შემდეგ შევიდოდა. ჩემი აზრით, გერმანია საკუთარ კეთილდღეობას თუნდაც ძალიან საყვარელი უკრაინისთვისაც კი საფრთხეს ვერ შეუქმნის.
დიახ, რუსეთის ინტელექტუალური არისტოკრატია (ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, იურისტები, ეკონომისტები, ჟურნალისტები...) დღეს სერიოზულად მსჯელობს რუსეთის ფედერაციის შესაძლო დაშლაზე. ძალიან მოკლედ, მთავარი არგუმენტები დაახლოებით ასეთია: რუსეთის ხელისუფლება პრეზიდენტ პუტინის მეთაურობით ქვეყნის აღმავლობა-გაძლიერებას ცდილობს შუასაუკუნოებრივი მეთოდებით: ახალი ტერიტორიების შემოერთებით; პარტნიორების დაშინებით; ძალადობრივი მეთოდებით; ცდილობს ერთმანეთს შეუთავსოს მართვის აბსოლუტურად შეუთავსებელი სისტემები - ტირანია და ლიბერალური დემოკრატიზმი; რუსეთის ეკონომიკა ძირითადად დაფუძნებულია არა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებაზე, არამედ ისევ შუასაუკუნოებრივ მეთოდზე - ბუნებრივი რესურსების გაყიდვაზე.
არის, რა თქმა უნდა, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტებიც. ამიტომ, რუსეთის დაშლა გარდაუვალია. საქმე მხოლოდ დროშია - შესაძლოა, ამ პროცესს ხუთი ან ორმოცდაათი წელიწადი დასჭირდეს!
ადრე თუ გვიან ალბათ ასეც მოხდება, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ წინასწარმეტყველებს შედეგს: დაუნდობელი სამოქალაქო ომი; გლობალური ბირთვული კატასტროფა; რუსეთის ნაცვლად 15-მდე ბირთვული იარაღით აღჭურვილი ახალი უპროგნოზო სახელმწიფოს წარმოქმნა; თუ „ხავერდოვანი რევოლუციები“ ზღაპრული ბედნიერი დასასრულით - ჭირი იქა, ლხინი აქა...
საქართველოს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან, ძალიან ფრთხილი რუსული პოლიტიკის გატარება მართებს, რათა, როგორც ბევრჯერ აქამდე, მომავალშიც თავი გრდემლსა და უროს შორის არ შეჰყოს.
საით, საით, ძმებო!
- სამხრეთ ოსეთმა, რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩაატაროს - განაცხადა გასულ კვირაში სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეულმა „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა. ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა საქციელი მოუწონა კოლეგა ბიბილოვს. ეს განცხადება არცთუ საეჭვოდ დაემთხვა ცხინვალში ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებში პუტინის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ვიზიტს. შეგახსენებთ, რომ ბიბილოვის წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე იყო აგებული და მან ხმების 46 პროცენტი მიიღო.
ბიბილოვამდე ამავე შინაარსის განცხადებით გამოვიდა აფხაზეთის რეალური მმართველი რაულ ხაჯინბა. ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ ალექსანდრე ანქვაბის აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებაც „რუსეთთან მეტი ინტეგრაციის“ მოთხოვნით იყო მოტივირებული. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი მეთაურები გამოდიან აფხაზი და ოსი ხალხის სახელით, რომლებიც, თურმე, თავიანთ მომავალს რუსეთის უსასრულო სივრცეებში ჩაკარგვაში ხედავენ.
შეუძლებელია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ვერ ხედავდნენ, რომ პუტინის რუსეთს ოსებიც და აფხაზებიც თავიანთ „რესპუბლიკებიანად“ მხოლოდ საქართველოზე ზემოქმედებისთვის სჭირდებათ. ხოლო „რუსეთთან მეტი ინტეგრაცია“ მსოფლიო რუკიდან მათ გაქრობას მოასწავებს. ხატოვნად რომ ვთქვათ, ისეთი ვითარებაა, აბეზარი ბუზი რომ კამეჩის ნესტოში შეძრომას ცდილობს.
ვისია მიწა-მარჩენალი?!
დღემდე ვიცოდით, რომ ჩვენი წინაპრების და თანამედროვეების სისხლით გაპოხილი ქართული მიწა საქართველოსია, ჩვენია და იგი ხელუხლებელი განძია. მის გასხვისებაზე ფიქრიც კი დანაშაულია. თურმე, მთლად ასე არ ყოფილა.
გასულ კვირას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვა დააკანონა. უფრო ზუსტად, ანტიკონსტიტუციურად სცნო კანონის ის მუხლი, რომელიც უცხოელებისთვის მიწის მიყიდვას კრძალავდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ – მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) და მე-14 მუხლთან მიმართებით (თანასწორობის უფლება).
ალბათ იკითხავთ, თუ ამდენ ხანს აკრძალული იყო, მაშ ეს ჩვენი ველ-მინდვრები, ტყეები და მთა-გორები ჩვენი ინდოელი, ჩინელი თუ პაკისტანელი მეგობრების ხელში როგორღა აღმოჩნდაო? - სააკაშვილის ეროვნულმა ხელისუფლებამ ჩინელებს, ინდოელებს, პაკისტანელებს და სხვებს მიწები კი არ მიჰყიდა, 49-წლიანი იჯარით გადასცა; რუსებს კი, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ომი დაუწყო და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ხარკად მიართვა.
ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ქართულ საზოგადოება აღაშფოთა. დაიწყო არც თუ დელიკატური საუბარი დღევანდელი ხელისუფლების „გამყიდველობასა“, „სოროსელობასა“ და „ანტიეროვნულობაზე“. შესაძლოა, მიწების უცხოელებზე გასხვისების აუცილებლობა ქვეყნის წინაშე ოდესმე აუცილებლად დადგეს, მაგრამ დღეს ნებისმიერი მოტივით ხსენებული მორატორიუმის გაუქმება ძალიან ჰგავს ნაცმოძრაობის (რომელიც დღემდე აკონტროლებს მთლიანად სასამართლო სისტემას) რევანშს და აშკარად ასდის პროვოკაციის სუნი.
ისევ არჩევნები
გასულ კვირა დღეს გაიმართა არჩევნები სხვადასხვა სერიოზული დარღვევის გამო სასამართლოების მიერ გაუქმებულ 16 საარჩევნო უბანზე. თუ ორიოდე გამონაკლისს არ ჩავთვლით, პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა, გამოიკვეთა ნიუანსები, რასაც, წესით, მმართველი პარტია უნდა ჩაეფიქრებინა.
დავიწყოთ იმით, რომ ეს იყო გენერალური რეპეტიცია მერებისა და გამგებლების, მათ შორის, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის წინ. ანუ, როგორც ჩატარდებოდა გასულ კვირას დანიშნული არჩევნები, დაახლოებით იმ დონეზე ჩატარდება გამგებელ-მერებისაც.
დიდ ბოდიშს კი მოვიხდი, მაგრამ ჩავლილი მინი-არჩევნები მომავლის ეტალონად ნამდვილად ვერ გამოდგება - უმთავრესად იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ გამოავლინა სრული უსუსურობა და ისევ ბედის, უკიდურესად დაბალი კვალიფიკაციის კადრებისა და პროვინციული ავტორიტეტების იმედად დარჩა. აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა “ბევრად უფრო მობილიზებული, მოტივირებული და ორგანიზებული ყოფილა. არ ვგულიხმობ მხოლოდ იმას, რომ მათ რამდენიმე უბანზე გაიმარჯვეს. უნიათო წინასაარჩევნო პროპაგანდის გამო ოცნებამ მხარდამჭერთა საარჩევნო ყუთებთან მიტყუება ვერ მოახერხა და ნებსით თუ უნებლიედ, აჰყვა ნაცების მიერ კარგად აპრობირებულ, სიყალბესა და ძალადობაზე დამყარებულ საარჩევნო ტექნოლოგიებს. აჰყვა არც თუ კარგად შენიღბულ პროვოკაციებსაც.
თუ ასე გაგრძელდა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დომინანტ პოლიტიკურ ძალად, შესაძლოა, ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვევლინოს, რაც ქართულ საზოგადოებას უეჭველად ახალ უმძიმეს სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩაითრევს!
გიგი დაიბარეს, გიგი!
გიგი უგულავა კიდევ ერთხელ დაკითხვაზე დაიბარეს. აი, რა განაცხადა მან ამასთან დაკავშირებით: „ორშაბათს, 30 ივნისს, 12 საათზე დაკითხვაზე დამიბარეს. ეს არაფერი! ამას უკვე შევეჩვიე. (თემაც კი არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს). საქმე იმაშია, რომ მე საქმიანი მივლინებით მივემგზავრები ბრიტანეთში (ვხვდები ლორდ ფარისს), უკრაინაში-კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს და მოლდოვეთში, სადაც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის სხდომაში მივიღებ მონაწილეობას. (მე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ). მოხსენება ეხება 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებს. საქართველოში ვბრუნდები 5 ივლისს 05:00.
ჰო და ამ ყრძო ღარიბაშვილს და მის მთავარ იხტიოლოგ ივანიშვილს მინდა ვუთხრა: რამდენი მილიარდიც არ უნდა იშოვო და რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოთ, თქვენგან არც სალამური გამოითლება და არც კაცი დადგება“.
აი, ამის მთქმელ კაცს აქვს პრეტენზია პოლიტიკოსობასა და ერის მამობაზე. თუმცა, ეს არაფერი - იქნებ ჩვენ, საქართველოს უბირ მოქალაქეებს ვინმემ აგვიხსნას, რატომ დასეირნობს ეს უგვანი ყოფილი მთელ მსოფლიოში საქართველოს სახელით, ვინ ნიშნავს ქართული დელეგაციების ხელმძღვანელად და რატომ ბედავს ასეთი ტონით საუბარს?
ტოჟე მნე კლარნეტ!
თეიმურაზ ქორიძე