საჯარო სამსახურის რეფორმის პრეზენტაცია
საჯარო სამსახურის რეფორმა მიზნად ისახავს გამართული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას და 10 კატეგორიას მოიცავს, რომელთა შორისაა - საჯარო სამსახურის განმარტება; საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები; საჯარო სამსახურის მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის ცენტრალიზებული სისტემა; საჯარო სამსახურში მიღება; კლასიფიკაციის სისტემა; ანაზღაურების სისტემა; საჯარო მოხელეების მართვა; საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები; სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება და თანაბარი შესაძლებლობები მამაკაცებისა და ქალებისთვის.
საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციამ და საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო სამსახურისთვის ახალი, თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული პრემირების რეფორმა შეიმუშავა, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობის პროცესი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ხელშეწყობით წარიმართა. კონცეფციის ჩამოყალიბებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი ექსპერტები, მეცნიერები და პრაქტიკოსები.
საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ წარადგინა. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.
პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური