ზაზა ხატიაშვილი: დიქტატორ ლუკაშენკოს უფრო ენდობიან, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას
დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს „ახალგაზრდული ცენტრის“ ხემძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ „სამარცხვინო თავმჯდომარე“ უწოდა და „დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლების“ „მასტერას“ და გოგა ონიანის დაცვის გამო დაადანაშაულა. საუბარი ზაზა ხატიაშვილთან სწორედ ამ თემით დავიწყეთ:
_ კარგად იციან, რომ ვიდრე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ, ვერც ერთ ადვოკატს ბუზს ვერ აუფრენენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იქნება ის, „ოცნების“ თუ „ლეიბორისტების“, რადგან ჩემი მოვალეობაა თითოეული მათგანის უფლებები დავიცვა. პირველი მე ვიყავი, ვინც თქვა, რომ სააკაშვილი 21-ე საუკუნის ჰიტლერია და მისი რეჟიმის დასამარცხებლად ვიბრძოდი, მაგრამ ვიბრძოდი იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლებრივი გარემო, სამართლიანი სასამართლო ყოფილიყო. ამასთან, დაცული ყოფილიყო ადვოკატთა უფლებები.
სირცხვილია, ქადაგიძის განცხადებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, როცა ჩემი მიდგომა კანონიერ ქურდებთან მიმართებაში ყველასათვის ცნობილია. არასდროს ვყოფილვარ პოლიციელის, პროკურორის და კანონიერი ქურდის დამცველი, როცა ადვოკატი ვიყავი, რადგან ვთვლი, რომ ესენი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. სააკაშვილის ხელისუფლების დროს პროკურატურა კანონიერი ქურდების ინტიტუტი იყო, რომელიც ხალხს ქონებას ართმევდა, დღეს კი ეს კანონიერი ქურდები, პროკურორები და პოლიციელები ქადაგიძის საყვარელმა ხელისუფლებამ დააწინაურა. ამაზე ხმას ვერ იღებენ და მე - უფლებადამცველს მებრძვიან, იმის გამო, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ.
როცა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რომ ხელისუფლების ჩინოვნიკები 138 მილიონ პრემიებს იწერდნენ, _ ჩემი პრემიებითა და ხელფასითაც დაინტერესდნენ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ მოსვლის დღიდან საკუთარი ხელფასი 30 პროცენტით შევამცირე, მანქანაზე და პრემიებზე კი საერთოდ უარი ვთქვი, ეს თემა დახურეს. ქვეყანაში, სადაც ხალხი მშიერია, ჟურნალისტს, რომელიც დღედაღამ მუშაობს და საშუალოდ 500 ლარამდე აქვს ხელფასი, 500 ლარი აქვს მაღაროელს და ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს ამ ფასად რისკავენ, მითხარით, აქვს ვინმეს უფლება, რომ პრემიებით გალაღდეს?
როცა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გავხდი, 111 ადვოკატი დამხვდა ციხეში, დღეს მე ვარ გარანტი იმისა, რომ უკანონოდ ვერავის დაიჭერენ. კარგად იციან, ამაღამ წავალ და ევროპარლამენტის წინ დავწვები, თუ ადვოკატის უფლება დაირღვა, ვერავინ დამაკავებს. ეს არის ჩემი ღირსება, რასაც სირცხვილად მითვლიან. იციან, რომ არ თვალს არ დახუჭავს ზაზა ხატიაშვილი იმ ფაქტზე, როცა გიგი უგულავას დაკავების დროს მასთან ადვოკატი არ შეუშვეს და ოქმის დაწერის საშუალება არ მისცეს, იციან, რომ მე დავმარხე ხელისუფლება მილიონიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ალდო ბალგარელის მიერ გამოგზავნილი წერილით, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ერთი მილიონი ადვოკატის სახელით გამოუგზავნა.
ეს ქადაგიძე არის დედოფლისწყაროდან და, როგორც ვიცი, გარკვეული კავშირი აქვს თამაზ თამაზაშილთან. ვიცი, ერთ დროს ისიც, როგორც სხვები, მოვა და ბოდიშს მომიხდის შეურაცხმყოფელი ბრალდებების გამო, მაგრამ მიხარია, რომ თბილისში ასეთი ადამიანი ვეღარ იპოვეს და დედოფლისწყაროდან განახორციელეს ჩემზე დარტყმა.
_ ბატონო ზაზა, როგორ შეაფასებდით გიგი უგულავას დაკავების ფაქტს? გუშინ მან განაცხადა, რომ სასამართლო მოიგო, დღეს დილით კი დააკავეს...
_ არასწორი განცხადება გააკეთა უგულავამ, რადგან, აღმკვეთი ღონისძიების დროს სასამართლო არ მსჯელობს მის დანაშაულზე ან უდანაშაულობაზე, ამ დროს სასამართლო მსჯელობს რამდენად საშიშია უგულავა საზოგადოებისთვის თუ ის გარეთ დარჩა. უგულავასა და სხვა მაღალჩინოსნების ადვოკატების მიმართ ძალიან დიდი დარღვევები ხდება. სწორედ ამ ფაქტების გამო მივწერე 3 ივნისს ევროპის ადვოკატთა ასოციაციას და რაც თავმჯდომარე ვარ, ასეთი მკაცრი შეფასება მათგან არ მომისმენია.
_ ახლახან საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მორატორიუმი სასაოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთების უცხოელებზე გასხისებასთან დაკავშირებით. რამდენად სამართლიანია მათი გადაწყვეტილება?
_ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ევროკავშირის ქვეყნებში მაქსიმალურად არის გართულებული უცხოელებზე მიწის მიყიდვა. იმისათვის, რომ არც საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაარღვიონ და არც ქართული სახელმწიფო დააზარალონ, აუცილებელია, შეიმუშაონ კანონი, რომელიც უცხოელს მკაცრად განსაზღვრული დავალებების შესრულებას დაავალდებულებს. ხშირად უცხოელი მიწას ყიდულობს იმისთვის, რომ შემდეგ უფრო ძვირად სხვა უცხოელზე გაყიდოს და ქართველი მონურად ამუშაოს, ამიტომ კანონში უნდა ჩაიდოს ვალდებულებები, თუ რა ინვესტიციის ჩადება ევალება, რამდენი საქართველოს მოქალაქის დასაქმება ევალება მას და რა ვადით განისაზღვრება ეს ყველაფერი _ თუ ეს სამი პირობა არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება, გააუქმოს გარიგება ამ პირთან, ყოველგვარი პირგასამტეხლოს გარეშე. მაგრამ სამართლებრივად ვთვლი, რომ ქვეყნის პირველი პირის ირაკლი ღარიბაშვილის აზროვნება ფეოდალურია და არ ვიცი, ეს აზროვნება ამ შემთხვევაში როგორ იმუშავებს.
_ ანუ, ოფიციალურად ირაკლი ღარიბაშვილია ქვეყნის პირველი პირი?
_ ფაქტიურად, დღეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი მართავენ ხელისუფლებას. ამიტომ, უღირსი განცხადება იქნება, ვთქვა, კაცი, რომელიც არაფერ შუაში არ არის გადაწყვეტილებების მიღებასთან, დამნაშავეა-მეთქი.
მარგველაშვილს რა უნდა დავაბრალო? _ მგონი, ოპერაშიც ვერ წავა ისე, თუ ბიძინას არ შეუთანხმდა. ივანიშვილმა ეს კაცი შეგვაყვარა, თავად კი მოწმის სასამართლო წესით დაკითხვის გადავადებით, ადამიანები წამების რეჟიმში დაგვტოვა. ჩემთვის მთავარი იყო ამ კანონის მიღება, რომ შიში და სტრესი საბოლოოდ მოხსნილიყო სასამართლოს წინაშე, მაგრამ ამ საარჩევნო აფიორების გზით მოსულმა ადამიანმა ყველა იმედი ჩაგვიხშო.
_ ბატონო ზაზა, ახლახან ხელი მოეწერა საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. რას გვავალდებულებს და რა პერსპექტივებს გვისახავს იგი?
_ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ძალიან შევშფოთდი, როცა სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. ამაში მეც უნდა მიმეღო მონაწილეობა, საპატრიარქოსაც, და იმ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების მანძილზე იცავდნენ და იცავენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ქართულ სახელმწიფოებრიობას.
ხელისუფლებამ ეიფორიაში არ უნდა აცხოვროს საზოგადოება - არ უნდა მოატყუოს, რომ რადგან ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, მეორე დღიდან ჩვენი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვლება, რადგან საზოგადოებრივი ნიჰილიზმი, რაც ბიძინა ივანიშვილმა დათესა, კიდევ უფრო არ გაღრმავდეს!
ეს ხელშეკრულება არის იმის ვალდებულებაა, რომ 15 წლის შემდეგ უკეთესად ვიცხოვროთ, თუ გვეყოლება, ვთქვათ, თეა წულუკიანის მსგავსი სამართლებრივად მოაზროვნე ხელმძღვანელი. მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი ფეოდალური აზროვნების მქონე ადამიანი გვეყოლება სათავეში, ამ ხელშეკრულებას პერსპექტივა არა აქვს.
სამართლებრივი მოთხოვნები თუ არ შეასრულა ხელისუფლებამ, ქვეყანა ვერ განვითარდება, საქართველოს ხელისუფლებაში კი თვლიან, რომ ეს ვალდებულებები ბოლოს უნდა შესრულდეს. ხელშეკრულების პირობების შესრულებას ისეთი ადამიანი უნდა ჩაუდგეს სათავეში, რომელიც იცნობს ევროპულ სამართალს, სასამართლოს დანიშნულებას და იცის რა შედეგი მოაქვს შემდეგ სამართლიან სასამართლოს ინვესტორებთან ურთიერთობაში!
უნდა შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა, რომ ჩვენს ქვეყანასთან ურთიერობა მოუნდეთ. არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩვენთან ურთიერთობა არავის უნდა. თუ რომელიმე ინვესტორი ბიზნესს მაინც აკეთებს, ეს არის ხელისუფლების პირველ პირებთან დაახლოებული პირი, ისევე, როგორც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა. ადამიანი, ვისაც უნდა ჩამოსვლა, ბიზნესში ფულის ჩადება, მაგრამ არ ჰყავს მფარველი, საქართველოში არ ჩამოვა.
სამარცხვინოა, მაგრამ დიქტატორ ლუკაშენკოს უფრო ენდობიან ამ მხრივ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას.
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე