მელიამ თხარა, თხარა და... ბერდანკა გამოთხარა!

მელიამ თხარა, თხარა და... ბერდანკა გამოთხარა!

ნიკა მელიასა და დავით ნარმანიას შორის გამართულმა დებატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კუზიანს სამარეც ვერ ასწორებს - „ნაციონალების“ მორჯულება ფანტაზიის სფეროსაც სცილდება!

მელიას ცინიზმმა და თავხედობამ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ მასში „ნაციონალების“ სული ტრიალებს და რაც არ უნდა მოინდომოს, საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს!

შეიძლება დავით ნარმანია არ იყოს ენაგალავაშებული და მელიებისნაირი „ორატორი“, მაგრამ გულწრფელი ადამიანის შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებს. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, მისი დაპირებები უფრო ახლოს დგას რეალობასთან (თუ ცოტა გაზვიადებულად არ მოგვეჩვენება მილიონი ხის დარგვა თბილისში) და ხელისუფლების პოლიტიკური ნების შემთხვევაში, შესრულებადია.

დებატებზე აშკარად გამოიკვეთა, რომ ნარმანია კარგად იცნობს დედაქალაქის პრობლემებს და მისი „პროვინციალიზმი“ არ შეუშლის ხელს თბილისელებს ემსახუროს!

რაც შეეხება დამოუკიდებლობის ხარისხს, რომელსაც ასე ჯიუტად „აწვება“ ნიკანორ მელია, ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე, ცხადია, პრინციპული (მასშტაბური) საკითხების გადაწყვეტისას ნარმანიაც მთლად დამოუკიდებელი ვერ იქნება, მაგრამ გიგი უგულავას „დამოუკიდებლობამ“ სადამდე მიიყვანა საქმე, ესეც ხომ გამოვცადეთ. დასკვნა მარტივია: ნარმანია, თუნდაც მისი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ მას აქვს შანსი გახდეს კარგი მეურნე, რაც ყველაზე მეტას სჭირდება თბილისს.

მე, რომელსაც ყველა სახის არჩევნები ფარსი და თვალისახვევა მგონია, წუხანდელმა დებატებმა მიკარნახა გავაკეთო ხმამაღალი განცხადება:

ნუ ჩავუგდებთ დედაქალაქს მელიებს და ქურდბაცაცებს - ყველანი არჩევნებზე!

მართალია, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე მკაცრი დილემის წინაშე ვდგავართ, მაგრამ არჩევანი მაინც უნდა გავაკეთოთ. უარესებს ყოველთვის კატასტროფისკენ მივყავართ!

საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: