ბრავო, კახა! ანუ, რატომ ველოდები „ახალ სისხლს“ ქართულ პოლიტიკაში?!

ბრავო, კახა! ანუ, რატომ ველოდები „ახალ სისხლს“ ქართულ პოლიტიკაში?!

კახა კუკავა პოლიტიკიდან მიდის. ამის მიზეზად იგი თბილისის მერის არჩევნებში მის წარუმატებლობას ასახელებს და ღიად აცხადებს, -„ახლა ახალი პოლიტიკური სტრატეგიის მოძებნაა საჭირო, რადგან, ძველი აღარ მუშაობს“.

უფრო მნიშვნელოვანი და ფრიად საყურადღებოა მისი განცხადების მეორე ნაწილი, რომ „ქვეყანაში ფინანსურად ოლიგარქიული მმართველობაა. ფინანსური ჯგუფები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ მეტ ინვესტირებას მოახდენს პოლიტიკაში“.

უფრო ადრე ანალოგიური განცხადება გააკეთა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ და 2012 წლის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პოლიტიკა დატოვა. მან კაცურად შეასრულა პირობა, რომ თუ საარჩევნო ბარიერს არ გადალახავდა, პოლიტიკიდან წავიდოდა.

გამყრელიძე პოლიტიკიდან ბიზნესში დაბრუნდა, თუ საით გაუწევს კუკავას გული, ჯერჯერობით უცნობია.

მიუხედავად პატივისცემისა (ბოლოს და ბოლოს მისი ფესვები ჩემი სოფლიდანაა), პირდაპირ ვიტყვი: კუკავას გადაწყვეტილება  დიდი დანაკარგი არ იქნება ქართული პოლიტიკისთვის.

 რაც შეეხება მის განცხადებას, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში ფინანსური ჯგუფები „ბანაობენ“ და პოლიტიკური ბრძოლის ძველი მეთოდებით გაგრძელებას აზრი არა აქვს, სავსებით ვეთანხმები.

ბუნებრივია, ფინანსურ ჯგუფებში, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ მეტ ფულს ჩადებს პოლიტიკაში, „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იგულისხმება - თუ პირველს ჯერ კიდევ შერჩა ძველი ფინანსები და გავლენები, მეორეს ხელში უჭირავს სახელისუფლებო ბერკეტები, რომელიც თავისთავად ფინანსურ ინვესტიციასაც გულისხმობს.

ახლა არცთუ ისე შორეულ წარსულში დავბრუნდეთ და გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომელიც მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა: აწი ტელევიზიით ხელისუფლებას ვერავინ გადაატრიალებსო!

ეს იყო პოლიტიკაში შემოსული მილიარდერის განაცხადი, რომელიც ოპოზიციური სპექტრის გასაგონად იყო ნათქვამი.

თუ ადრე „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციისთვის გადაკეტილი ჰქონდა ყველა ფინანსური არტერია, ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლისთანავე ეს მოჯადოებული წრე გაირღვა და ფულს ფული დაუპირისპირდა, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერაც უმაგრებდა ზურგს.

მტკიცება არ უნდა, რომ ისეთ პოლიტიკურ-ფინანსურ მონსტრს, როგორიც „ნაცმოძრაობა“ იყო, მხოლოდ ივანიშვილისნაირი „მძიმე არტილერია“ თუ მოერეოდა. ასეც მოხდა - ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე არჩევნების შემდეგ ორი ძირითადი მოთამაშე - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შერჩნენ ერთმანეთს, სადაც სხვა ძალების ადგილი არ აღმოჩნდა.

არჩევნების შემდგომმა პერიოდმა, კერძოდ, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმაც გვიჩვენა,  რომ ეს ორი პოლიტიკური მოთამაშე აღნიშნული სტატუს-კვოს შენარჩუნებას ცდილობენ, რაც „ნაციონალების“ სხვა პოლიტიკური ძალით ჩანაცვლებას გამორიცხავს.

სწორედ ამ მიზეზით დაკარგა ნინო ბურჯანაძემ გარანტირებული მეორე საპატიო ადგილი საპრეზიდენტო არჩევნებში და ამ მიზეზითვე დარჩნენ ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიცია („ნაციონალები“) დღემდე  ძირითად მოთამაშეებად.

მოიხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ორბიტაზე ახალი სუბიექტი გამოჩნდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს სახით, არა მგონია, მათ ძირითადი გარდატეხის შეტანა შეძლონ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, თუ რა თქმა უნდა, „ზემოდან“ მწვანე შუქი არ აენთებათ და „ნაცმოძრაობას“, როგორც მარგინალიზებულ სუბიექტს, პოლიტიკურ მოუსავლეთში არ გაისტუმრებენ!.

აქსიომაა: ვიდრე რეალური პოლიტიკური სუბიექტი (ოღონდ პროქართული) არ გამოჩნდება ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე და კუკავას თქმისა არ იყოს, ახალი პოლიტიკური სტრატეგია არ მოიძებნება, „ქართულ ოცნებას“, რაც არ უნდა უკმაყოფილო ვიყოთ მისი საქმიანობით, სავაჭრო თემა ყოველთვის ექნება- თუ მხარს არ დამიჭერთ, ისევ „ნაციონალები“ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და დანარჩენი თქვენს თავს დააბრალეთო!

აქსიომაა ისიც, რომ ოპოზიციური სპექტრი ფაქტიურად დაჭურისებულ მდგომარეობაშია - ივანიშვილის ფაქტორმა კიდევ უფრო დაასუსტა მათი სიცოცხლისუნარიანობა. სასწაულიც რომ მოხდეს და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანების სურვილი რომც გაუჩნდეს, როგორც იტყვიან, მათგან „სალამური“ უკვე არ გამოითლება!

ჩვენ კარგა ხანია მივეჩვიეთ იმას, რომ არჩევნებში ყოველთვის იმარჯვებს ის პოლიტიკური ძალა, ვინც ოკეანისგაღმელთა მხარდაჭერით სარგებლობს და ვის ხელშიც აუცილებელი კომპონენტი - ფულია კონცენტრირებული.

ამ თვალსაზრისით „ოცნებას“ და „ნაციონალებს“ ვერავინ გაეჯიბრება. ქართული ბიზნესი ქაართულ პოლიტიკაში ფინანსების ინვესტირებას არ ახდენს, უცხოეთიდან შემოტანილი ფინანსებით კი ქართული საქმე რომ არ კეთდება, ცხადია! სხვათაშორის, ამაზე არც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები იკლავენ თავს.

მე არ ვიცი, რას გულისხმობს ბატონი კახა კუკავა „ახალ სტრატეგიაში“, მაგრამ „ძველმა“ რომ ჩაილურის წყალი დალია, საკამათო არ არის. დიახ,ძველ, გაცვეთილ სახეებს საზოგადოება უკვე აღარ ენდობა!
. არ იქნებოდა ურიგო, კუკავას წყალი სხვა - უკვე ყელში ამოსულ პოლიტიკოსებს თუ პოლიტიკურ პარტიებსაც გადაესხას და თავადვე აღიარონ, რომ მათი დრო წავიდა და ახლა „ახალი სისხლია“ საჭირო...
შეიძლება მიწყინონ, მაგრამ პირდაპირ უნდა განვაცხადო: რასაც ისინი პოლიტიკას ეძახიან და რითაც დღემდე აბრმავებდნენ (და დღესაც აბრმავებენ) საზოგადოებას, არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ინტერესებთან. პირიქით, დღემდე ისინი  უფრო სახელმწიფოს დასუსტების ფუნქციას ასრულებენ და ე.წ. პოლიტიკური პარტიების მანტიას ამოფარებულნი მშვენივრად გრძნობენ თავს - არა აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებაში არიან თუ არა.

სამწუხაროდ, არ მახსენდება რომელიმე მათგანს (იგულისხმება წლების მანძილზე მოტივტივე პოლიტპარტიები) წარმოედგინა სახელმწიფოს განვითარების რეალური სტრატეგია, ან წინასაარჩევნო დაპირებების ბოლომდე ერთგული ყოფილიყო.

ერთი სიტყვით, ორ ათეულ წელზე მეტია არაქართული პათოსით გაჟღენთილმა პოლიტიკურმა კლოუნებმა ქვეყანა საჯილდაო ქვად აქციეს და ჩვენ, დაბრმავებული საზოგადოება უნებლიეთ ცირკის უხეირო მაყურებლის როლში გამოგვიყვანეს!

არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ამ ჯადოსნურ წრეზე ტრიალი, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ვიდრე პროქართული ძალები არ გაერთიანდებიან და ეს ერთობა ფორმალურად არ ჩამოყალიბდება, არჩევანი ყოველთვის „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მოგვიწევს! შეიძლება გზადაგზა ვიღაც შემოგვაპარონ,, მაგრამ საეჭვო არ არის, რომ ისიც ამათი ალალი „ბიძაშვილი“ იქნება“ (მიხვდით ალბათ, ვისაც ვგულისხმობ).

მართალია, „ წერეთელმა“ასე დაგვიბარა, მაგრამ ერთხელ მაინც ხომ შეიძლება ყური არ ვათხოვოთ და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენვე გავაკეთოთ?!

დიახ, საქართველოს პოლიტიკურ ავანსცენაზე ახალი ძალები უნდა გამოჩნდეს - აქვე დავაკონკრეტებ: ახალ ძალებში ამჯერად ახალგაზრდობას არ ვგულისხმობ (თუმცა მოვესალმები). საჭიროა, იმათი გაერთიანება, ვინც ხედავს საით მიდის საქართველო და თვითონაც მზად არის მთელი არსებით გადაეშვას პოლიტიკურ ლაბირინთებში. შეიძლება ხელის ცეცება დაგვჭირდეს, მაგრამ გზა აუცილებლად გამოჩნდება!

ვინ იქნება პირველი?!
P.S. სადისკუსიოდ ვიწვევ ყველას - მომხრესაც და მოწინააღმდეგესაც. ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და ერთად მივიდეთ სასურველ გადაწყვეტილებამდე.

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: